საქართველოს პრეზიდენტმა შინდისის საცდელი მეურნეობა და ქარელის ფერმერთა მომსახურების ცენტრი დაათვალიერა
საქართველოს პრეზიდენტმა დღეს გორის რაიონის სოფელ შინდისში საცდელი ნაკვეთი დაათვალიერა და აგროტურში მონაწილე ფერმერებსაც შეუერთდა. მიხეილ სააკაშვილი მათთან ერთად გაეცნო მიმდინარე ტექნოლოგიურ და სამუშაო პროცესებს და ტურის დასრულების შემდეგ, მათ აგარაში ქარელის ფერმერთა მომსახურების ცენტრის დათვალიერება შესთავაზა. ეს გადაწყვეტილება პრეზიდენტმა სპონტანურად მიიღო და სერვისცენტრში ავტობუსით მათთან ერთად გაემგზავრა. მომსახურების ცენტრის დათვალიერებას ქვეყნის პირველი პირი გზად შემხვედრ ადგილობრივ მოსახლეობასაც სთავაზობდა. მიხეილ სააკაშვილი გზად იმ პრობლემებითაც დაინტერესდა, რომელიც სოფლის მოსახლეობას აწუხებს. ადგილობრივ მცხოვრებთათვის აქტუალური პრობლემების მოგვარება ქვეყნის პირველმა პირმა შესაბამისი სტრუქტურების ხელმძღვანელებს დაავალა.
მიხეილ სააკაშვილმა ქარელის მომსახურების ცენტრი ფერმერებთან ერთად დაათვალიერა. პრეზიდენტის განცხადებით, ამ ცენტრის დანიშნულებაა, რომ სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა და სასუქი ყველასთვის ხელმისაწვდომი იყოს, რათა გლეხებს მიწის დამუშავება გაუადვილდეთ. როგორც ქვეყნის პირველმა პირმა აღნიშნა, ყველაფერი იმისთვის კეთდება, რომ ამით ხალხმა ისარგებლოს.
„საქართველოში დაუმუშავებელი მიწები არ უნდა იყოს. ამ მხრივ, ქართლი ყველაზე ჩამორჩენილი იყო. ახლა გორის გარშემო, ქარელში, კასპისკენ სულ გადამუშავებული და გადაბარულია მიწა... ავტობუსში ვლაპარაკობდით პრეპარატების გამოყენების თაობაზე და უმეტესობა მაინც უზბეკურ სასუქებს ყიდულობს გორში. თუმცა აქ რომ მოდიოდეს ბევრი და თქვენგან მიიღოს კონსულტაცია, აჯობებს. უმეტესობამ არც იცის, რომ სასუქებსა და ტექნიკასთან დაკავშირებით, აქ შეუძლიათ კონსულტაცია მიიღონ, ასევე ნიადაგის ანალიზი გააკეთონ ძალიან იაფად. ყოველივე ამას 1-2 წელიწადში მარტივად აითვისებენ, რადგან ჩვენ ძალიან ჭკვიანი ხალხი გვყავს, უბრალოდ, ამდენი წლის განმავლობაში ვაკუუმი იყო. ახლა, ძირითადად, წყლის უკმარისობაა აქ. ამიტომ, ყველგან წვეთოვანი სარწყავი სისტემა უნდა დავნერგოთ. რამდენიმე ადგილზე უკვე გააკეთა კერძო სექტორმა, მაგრამ ჩვენ საცდელი მეურნეობა გავაკეთეთ, გრუნტის წყლები ყველგან არის და ახლა ეს სისტემა ყველა სოფელში უნდა გაკეთდეს“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
მიხეილ სააკაშვილმა ყურადღება განათლების სისტემაში მიმდინარე პროცესებზეც გაამახვილა და იმ ცვლილებებს შეეხო, რომლებიც ამ მიმართულებით ხორციელდება.
„მნიშვნელოვანია განათლების სისტემაში მიმდინარე ცვლილებებიც. ყველა ათოსან მოსწავლეს ვაძლევთ კომპიუტერს და ვფიქრობ, 2 წელიწადში ბავშვების 60 პროცენტს საკუთარი კომპიუტერი ექნება. მომავალი წლიდან ძალიან კარგი ცვლილება გვექნება - უმაღლეს სასწავლებელში ჩაბარება სკოლის გამოცდებზე იქნება დამოკიდებული და რეპეტიტორები აღარ დასჭირდებათ. მართალია, კორუფცია აღარ იყო გამოცდებზე, მაგრამ მთავარი პრობლემა დღესაც ის იყო, რომ ბევრს რეპეტიტორი სჭირდებოდა. პრივილეგირებულ მდგომარეობაში ისინი იყვნენ, ვისაც ფული ჰქონდა და ვისთვისაც ეს ხელმისაწვდომი იყო. ახლა, ნებისმიერი თქვენი სოფლის მცხოვრები შეძლებს სკოლაში ისწავლოს და უმაღლესში მისაღებად მხოლოდ იმას მოსთხოვენ, რაც პროგრამით გაიარა. მომავალი წლიდან სტიპენდიების სისტემაც შემოგვაქვს, რათა სოფლის მცხოვრებლებს შეეძლოთ, მაგალითად, თბილისში იქირავონ ბინა. ეს ძალიან მნიშვნელოვანია“, - აღნიშნა პრეზიდენტმა მათთან საუბრისას.
ქარელის ფერმერთა მომსახურების ცენტრში, რომელიც სამ რაიონს - ქარელს, ხაშურსა და გორს ემსახურება, მოქმედებს ექსტენციის ცენტრიც, სადაც მოსახლეობას შეუძლია მიიღოს კვალიფიციური აგრონომის კონსულტაცია და 5 სახის ლაბორატორიული მომსახურება. ახლადგახსნილ ცენტრში 26 ადგილობრივია დასაქმებული.