Google+

რელიზები

13.06.2012
საქართველოს პრეზიდენტი ქუთაისის ოპერის თეატრში ზაქარია ფალიაშვილის ოპერას „დაისი“ დაესწრო

საქართველოს პრეზიდენტი მეუღლესთან ერთად დღეს ქუთაისის მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში ზაქარია ფალიაშვილის ოპერას „დაისი“ დაესწრო. სპექტაკლზე მისვლის პირობა დასის წევრებს მიხეილ სააკაშვილმა რამდენიმე დღის წინ მისცა, როდესაც მოულოდნელად რეპეტიციაზე მივიდა. ქუთაისის საოპერო დასმა სამმოქმედებიანი სპექტაკლი განახლებულ დარბაზში მესამედ წარმოადგინა. სპექტაკლის დაწყებამდე მიხეილ სააკაშვილმა კომენტარი გააკეთა და ქუთაისის, როგორც ახალი საპარლამენტო დედაქალაქისა და კულტურის ცენტრის მნიშვნელობაზე ისაუბრა. პრეზიდენტის თქმით, მათ, ვისაც სურთ, რომ ქუთაისს პარლამენტი წაართვან, მეტად ირონიული დამოკიდებულება აქვთ ამ ქალაქის მიმართ.

„ქუთაისი აღარ არის ისეთი ქალაქი, როგორი წარმოდგენაც მასზე წინა მთავრობის დროს ჰქონდათ. საქართველოსთვის ქუთაისი, უპირველეს ყოვლისა, არის კულტურისა და განათლების ძალიან დიდი  ცენტრი. ოპერის ეს, პრაქტიკულად, ახალი თეატრი ქუთაისისა და მთლიანად ამ რეგიონის აღორძინების სიმბოლოა. ის, რომ ზაქარია ფალიაშვილის - ქუთაისელის მიერ დაწერილი კლასიკური ქართული ოპერის „დაისი“ პრემიერა აქ დაიდგა, სწორედ ამის მანიშნებელია. რა თქმა უნდა, ეს არ ეხება მხოლოდ ქუთაისს.  წელს ჩვენ ფოთის ახალი თეატრის მშენებლობას ვასრულებთ, რომელსაც ძალზე საინტერესო არქიტექტურა  აქვს და სადაც ფოთის დასი გადავა. რამაზ ნიკოლაიშვილს უკვე დავავალე ოზურგეთის თეატრის აღდგენა და მას ამ დღეებში ჩასვამენ ხარაჩოებში. ოზურგეთის დასსაც დავეხმარებით, რომ დიდი ტრადიცია ააღორძინოს. ასევე ვეხმარებით ახალციხის თეატრს და გვინდა, რომ ისიც კარგად მოეწყოს. ბათუმში დღეს ახალი საზაფხულო თეატრის მშენებლობა მოვინახულე, რომელიც ზაფხულში გაიხსნება და იმ თეატრთან შედარებით, რომელიც ასლან აბაშიძემ გაანადგურა,  სამჯერ დიდი იქნება. ერთი სიტყვით რომ ვთქვათ, საქართველოში ძალიან დიდი კულტურული ტრადიცია გვაქვს, უბრალოდ, ყველაფერს  ხელის შევლება, განახლება, აღორძინება და მატერიალური დახმარება სჭირდება. ქუთაისის ოპერის თეატრი მარტო ოპერა არ არის. ჩვენ ახლა მთლიანად ვაახლებთ ინსტრუმენტებს და უკვე დავავალე, რომ ხელფასებიც გაზარდონ. ბათუმში პრაქტიკულად ახლიდან შეიქმნა საოპერო დასი, რომელიც პირველ სრულფასოვან ოპერას აგვისტოში დადგამს. ბათუმის დასი მთლიანად ბათუმელი მუსიკოსებით არის დაკომპლქტებული. სად გსმენიათ, რომ ერთ ქვეყანაში რამდენიმე საოპერო დასი იყოს, მით უმეტეს ასეთ პატარა ქვეყანაში? ჩვენთან კი, რამდენიმე ძალიან მაგარი საოპერო თეატრია. საქართველოს მასშტაბის ქვეყანა, შესაძლოა, მსოფლიოში მარტო ავსტრიაა. ესეც იმას მიანიშნებს, რომ ყველა პრობლემის მიუხედავად, საქართველოში დიდი აღორძინების პერიოდია. რა თქმა უნდა, ხალხს, რომელიც ამ დარბაზში ზის, ყოველდღიური პრობლემები აწუხებს, ყოველდღიურად უწევს  არსებობისთვის ბრძოლა. მაგრამ ასეთ გაჭირვებაშიც კი, თითოეული ჩვენგანისთვის კულტურა ძალიან მნიშვნელოვანია. ქართველებს ეს სისხლში გვაქვს და ეს არ უნდა დავივიწყოთ“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

ქუთაისის მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში 43-ე სეზონი მინდინარეობს.



ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (12)
2009 (12)
2008 (12)
2007 (12)
2006 (12)
2005 (11)