Google+

რელიზები

12.06.2012
სოფელ ქვემო ქედებში წყალმომარაგების სისტემის სამშენებლო სამუშაოები დაიწყო

საქართველოს პრეზიდენტი დღეს დედოფლისწყაროს რაიონის სოფელ ქვემო ქედებს ესტუმრა, სადაც წყალმომარაგების სისტემების სამშენებლო სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო. მიხეილ სააკაშვილმა, სიმბოლურად, პირველი მილის შედუღების პროცესში მიიღო მონაწილეობა, რომელიც თნამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით მიმდინარეობს. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა კი, პრეზიდენტს წყალმომარაგების ინფრასტრუქტურის 2010-2015 წლების მოდერნიზაციის პროგრამის შესახებ ინფორმაცია გააცნო.  

„მალე აქ ყოველდღიურად, 10-საათიანი გრაფიკით იქნება წყალი. აქამდე ხალხს წყალი ქვედა სოფლებიდან მოქონდა. წყალი ცივილიზაციის მთავარი ნიშანი არის - თუ წყალი არ არის,  ყველაფერს აზრი ეკარგება - უკან მოგვრჩება ბუნებრივი გაზიც, ტრაქტორიც, და  საავადმყოფოც. არც კომუნისტების დროს და არც შემდეგ, ეს არ აინტერსებდათ და ამ სოფელში ხალხი სრულიად მიტოვებული იყო. ჩვენ უნდა მივხედოთ იმ ადგილებს, რომლებიც მიტოვებულია“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.  

ქვეყნის პირველი პირი ადგილზე ადგილობრივ მოსახლეობასაც გაესაუბრა და პირადად მოისმინა ის სოციალური თუ პირადი პრობლემები, რომელიც ადგილობრივებს აქვთ გადასაჭრელი. მათთან საუბრისას პრეზიდენტმა ყურადღება ახალი პროექტის მნიშვნელობაზეც გაამახვილა.

„თქვენი სოფელი, საქართველოს სხვა სოფლებთან შედარებით, მთელი ამ დროის განმავლობაში მიტოვებული იყო. ჩემი ფუნქციაა არა მარტო იქ ჩავიდე, სადაც რაღაც გაკეთდა, არამედ უნდა ჩავიდე უპირველესად, იქ, სადაც თითქმის არაფერი არ გაკეთებულა. ეს სოფელი წლების განმავლობაში იცლებოდა, რადგან აქ არც გზა იყო და არც წყალი. ამას ძალიან განვიცდი. წელს აქ  ვაკეთებთ წყალს, რადგან ჩვენი ამოცანაა, რომ არც ერთი ქალაქი და არც ერთი სოფელი არ დარჩეს 24-საათიანი წყალმომარაგების გარეშე. წელსვე აქ ვიწყებთ გზის მშენებლობას და მომავალ წელს დავასრულებთ. ამ გზით უფრო მარტივად შეძლებთ დაუკავშირდეთ დანარჩენ საქართველოს. აქ არის საქართველოს ბეღელი და მართლაც ძალიან კარგია, რომ წელს ბევრად უკეთესად დამუშავდება მიწები, ვიდრე შარშან. ახლა ტექნიკური მომსახურების ახალი ცენტრი მოვინახულე და ვნახე რა კეთდება იმისთვის, რომ ბევრი მიწა დამუშავდეს. თუმცა თუ სოფელში არ გექნებათ წყალი, თუ აქამდე არ მოვედით კარგი გზით, სოფლის დაცლას, რა თქმა უნდა, ვერ შევაჩერებთ. ჩვენი მიზანია აქ ხალხი კომფორტულად და ქალაქთან მიახლოებულ პირობებში ცხოვრობდეს. აქ ძალიან კარგი ხალხი ცხოვრობს. ამიტომ, მოდით რაც ამ წლებში არ გადაიჭრა, ახლა ყველამ ერთად გადავწყვიტოთ“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

პროექტი, რომლის ღირებულება 480 ათასი ლარია, ორი ახალი ჭაბურღილის, ასევე  წყალმომარაგების მაგისტრალური და შიდა ქსელების მოწყობას და თანამედროვე სატუმბო სადგურის მშენებლობას ითვალისწინებს. სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების შემდეგ, ორთვენახევარში 3 ათასამდე ადგილობრივი მოსახლე წყალს ყოველდღიურად, 12-საათიანი გრაფიკით მიიღებს. მშენებლობაზე 60-მდე ადგილობრივი მცხოვრები დასაქმდება.  

რაც შეეხება წყალმომარაგების ინფრასტრუქტურის  2010-2015 წლების  მოდერნიზაციის პროგრამას, 2010-12 წლებში 65 პროექტი განხორციელდა, რომელთა საერთო ღირებულება 200 მილიონი ლარია და საქართველოს მასშტაბით 15 ათასამდე ადამიანი დასაქმდა. 2013-2015 წლებში კი, დაგეგმილია 70 პროექტის განხორციელება, რისთვისაც 300 მილიონი ლარი დაიხარჯება და ქვეყნის მასშტაბით, დაახლოებით, 25 ათასი ადამიანი დასაქმდება. 



ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (12)
2009 (12)
2008 (12)
2007 (12)
2006 (12)
2005 (11)