Google+

რელიზები

14.05.2012
საქართველოს პრეზიდენტმა საგანგებო თათბირი გამართა

საქართველოს პრეზიდენტმა საგანგებო თათბირი გამართა და თბილისის მერს გიგი უგულავას და ფინანსთა მინისტრს დიმიტრი გვინდაძეს თბილისსა და აღმოსავლეთ საქართველოში სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახების დახმარება დაავალა.  მიხეილ სააკაშვილის თქმით, უკიდურეს გაჭირვებაში მყოფ მოსახლეობას სასწრაფოდ უნდა აღმოუჩინონ მატერიალური დახმარებაც.  როგორც ქალაქის მერმა აღნიშნა, უკვე დაწყებულია დაზარალებულთა უზრუნველყოფა საცხოვრებლებითა და პირველადი მოხმარების ნივთებით და ეს პროცესი დღის ბოლომდე დასრულდება.

„სამაშველო სამსახურებმა ძალიან კარგად იმუშავეს. რომ არა მათი და ასევე შინაგან საქმეთა სამინისტროს მუშაობა, იქ ბევრად მეტი ხალხი დაიღუპებოდა. მართლაც, სულზე მიუსწრეს - ხალხი სახურავებიდან ჩამოიყვანეს. შესაძლოა უფრო მეტი ხალხი დაღუპულიყო. მთავარია, რომ ამ ხალხის გადაყვანა უკვე დავიწყეთ. კარგად მესმის, რომ თქვენ ხალხს ღამეები არ ეძინა, მაგრამ შემდეგი, რაზეც უნდა ვიფიქროთ და ჩვენ ამაზე უკვე ვილაპარაკეთ, თბილისის ბარაკებისგან გათავისუფლებაა. რეგიონებში უკვე ძალიან ბევრი სამუშაო ადგილი გაჩნდა და ხალხი იქიდან აღარ უნდა ჩამოდიოდეს, მაგრამ ასეთ ადგილებში 7-10 წლის ჩამოსული ხალხი ცხოვრობდა. მკაცრი სტანდარტები უნდა დავაწესოთ, რომ აღარავინ სცადოს ხალხის დასახლება გარაჟის უკანა მხარეს და ამითი ხელის მოთბობა, რადგან, შესაძლოა მერე ყველაფერი ტრაგედიით დასრულდეს. ვერც კი წარმოვიდგენდი, თუ მსგავს ადგილზე შეეძლო ხალხს ცხოვრება - საგანგებოდ თუ არ მოძებნიდი, ამას ვერც დაინახავდი. დუშეთში, ლაგოდეხში, გურჯაანში ზოგიერთ ადამიანს სტიქიამ ყველაფერი გაუნადგურა და ძალზე მნიშვნელოვანია, რომ მათ მინიმალური ზარალი მაინც ავუნაზღაუროთ, რადგან, შესაძლოა, მართლაც უკანასკნელი ქათამი და ძროხა წაიღო ნიაღვარმა. ამიტომ, ახლა ზოგადად კი არ უნდა შევქმნათ კომისია, კონკრეტულად უნდა ვთქვათ, როგორ უნდა ვიმოქმედოთ - ყველაზე დაზარალებულ ოჯახებსა და ყველაზე გაჭირვებულ ხალხს სახელმწიფომ რაღაც მაინც უნდა აუნაზღაუროს. ამ ხალხისთვის ბევრად მეტის გაკეთება მინდა, ჩვენი რესურსები შეზღუდულია. აქედან გამომდინარე, დავთვალოთ ყველაფერი და უახლოეს დღეებში რაღაცით მაინც  დავეხმაროთ მათ. სწორედ ამისთვისაა სამთავრობო ფონდი“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

როგორც გიგი უგულავამ აღნიშნა ქალაქის ბიუჯეტს აქვს გარკვეული რეზერვი, თუმცა ინფრასტრუქტურის აღდსადგენად დახმარება ცენტრალური მთავრობიდანაც გახდება საჭირო. თავის მხრივ, ფინანსთა მინისტრმა ამ საქმეში მას დახმარება აღუთქვა: ”ამისთვის არის მთავრობის სარეზერვო ფონდი და გვაქვს გარკვეული რესურსი, რომელსაც ამ საქმეს მოვახმართ”.

მიხეილ სააკაშვილმა თათბირზე განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო მერიის სამაშველო სამსახურისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს კოორდინირებულ მუშაობას და ხაზგასმით აღნიშნა მაშველების თავდადება ხალხის დახმარებისა და მათი სიცოცხლის გადასარჩენად.

„მინდა მადლობა ვუთხრა სამაშველო სამსახურებს, რომლებიც, როგორც ყოველთვის, ოპერატიულად რეაგირებენ. რას ნიშნავს, რომ გვაქვს გამართულად მოქმედი სახელმწიფო - ყველა სამსახური ერთობლივად და შეთანხმებულად მუშაობდა: შინაგან საქმეთა სამინისტრო, მერია, ადგილობრივი გამგეობა, სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტრო. იმ პირობებში, როდესაც ხალხი დაიღუპა, თავის მოწონება არ ღირს, მაგრამ, მეორე მხრივ, ჩემთვის გარკვეულწილად, შვების მომგვრელია ის, რომ უფრო მეტი მსხვერპლი ავიცილეთ თავიდან და ასეთი სამსახურები გვაქვს საქართველოში. მსურს ამ ადამიანებს მადლობა ვუთხრათ, გამოვყოთ და დავაფასოთ მათი ღვაწლი“, - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა. 



ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (12)
2009 (12)
2008 (12)
2007 (12)
2006 (12)
2005 (11)