Google+

რელიზები

14.04.2012
საქართველოს პრეზიდენტი  პროგრამის “ქართული ენა მომავალი წარმატებისთვის” მონაწილე პედაგოგებსა და მოსწავლეებს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი დედაენის დღესთან დაკავშირებით, პროგრამის “ქართული ენა მომავალი წარმატებისთვის” მონაწილე პედაგოგებსა და ეთნიკურად აზერბაიჯანელ და სომეხ მოსწავლეებს ბოლნისში შეხვდა. მიხეილ სააკაშვილმა მათ პროგრამის ამოქმედებიდან  ერთი წლის იუბილე მიულოცა და აღნიშნა, რომ უკვე ერთი წელია, რაც “ქართული ენა მომავალი წარმატებისთვის” წარმატებით მოქმედებს. შეხვედრისას,  პრეზიდენტმა სახელმწიფო ენის ცოდნის აუცილებლობაზე ისაუბრა და 2011-2012 სასწავლო წელს დაწყებული პროგრამის შედეგები შეაჯამა. მიხეილ სააკაშვილის თქმით, 2015 წელს სხვადასხვა ეთნოსის წარმომადგენელთა სრული უმრავლესობა ქართულად გამართულად უნდა საუბრობდეს. როგორც მან აღნიშნა, ეს ამბიციური გეგმაა, რომლის შესასრულებლად, ხელისუფლება უკან არაფერზე დაიხევს. რაც მთავარია, ეს აუცილებელია იმისთვის, რომ ქვეყნის ნებისმიერ მოქალაქეს, ეთნიკური წარმომადგენლობისა და რელიგიური მრწამსის მიუხედავად, წარმატების მიღწევის თანაბარი შესაძლებლობა ჰქონდეს.

ქვეყნის პირველმა პირმა 1978 წელს თბილისში მიმდინარე აქციები გაიხსენა, რომლის მონაწილეები ქუჩაში სახელმწიფო ენის გადასარჩენად გამოვიდნენ. მისი განცხადებით, იმ ადამიანებმა გადაარჩინეს არა მარტო ქართული ენა, არამედ ქართული იდეა, ქართველი ერის იდეა. ისინი კი, ვინც ამ ენის დამხობას ცდილობდა, მისი თქმით, ქართული სახელმწიფოებრიობის იდეას ეწინააღმდეგებოდა.  

„ასეთები საქართველოში ახლაც არიან, მაგრამ მათ წინააღმდეგ მუშაობს დრო და ის  წარმატებები, რომელსაც ქვეყანამ მიაღწია“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა მათთან  საუბრისას.   

ყურადღება მან უცხო ენების ცოდნის აუცილებლობაზეც გაამახვილა და აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია, უპირველესად, ინგლისური ენის სწავლა, ხოლო შემდეგ სხვა ენების ათვისება.

პრეზიდენტი ქვეყნის განვითარების თემასაც შეეხო და განაცხადა, რომ აღმშენებელობის პროცესი საქართველოს ყველა კუთხეში მიმდინარეობს. ამ მხრივ, მან სამცხე-ჯავახეთი გამოყო, სადაც რამდენიმე წლის წინათ მოსახლეობისთვის დასაქმებისა და შემოსავლის მიღების ერთადერთი საშუალება რუსული სამხედრო ბაზა იყო. ახლა კი, მისი თქმით, რეგიონში 10-მდე ჰიდროელექტროსადგური, რკინიგზა და სხვა ობიექტები შენდება, დაიწყო კულტურული ძეგლების აღდგენა და ტურისტული ცენტრების მოწყობა, ასევე ვითარდება ინფრასტრუქტურა, რაც,  იმას გარდა, რომ ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად განვითარებადი რეგიონი გახდა, მნიშვნელოვანია იმითაც, რომ ხალხის დასაქმებას უწყობს ხელს.  

მიხეილ სააკაშვილმა ყურადღება კიდევ ერთ, მნიშვნელოვან თემას დაუთმო, რომელიც საქართველოს შეიარაღებული ძალების რეზერვისტთა სისტემას შეეხებოდა. პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ეთნიკური აზერბაიჯანლებითა და სომხებით დასახლებული ადგილებიდან ზრდასრული მამაკაცების 100 პროცენტი ქართულ რეზერვში ჩაეწერა.

„ეს შეუძლებელი იქნებოდა, ისინი ამ ქვეყნის პატრიოტები რომ არ იყვნენ“, - აღნიშნა მან და დასძინა - „არავის დავუთმობთ ქვეყნის ამ ახალ მონაპოვარს“.

პრეზიდენტთან შეხვედრისას, საკუთარი მოსაზრება პროგრამაში მონაწილე მოსწავლეებმა და მასწავლებლებმა გამოხატეს და აღნიშნეს, რომ “ქართული ენა მომავალი წარმატებისთვის” წარმატებით ხორციელდება. ამ ინიციატივისა და პროგრამის განხორციელებისთვის, საქართველოს პრეზიდენტს მათ მადლობაც გადაუხადეს.    

ახალი პროგრამა ”ქართული ენა მომავალი წარმატებისთვის” მიხეილ სააკაშვილის ინიციატივით ამოქმედდა და მისი ეფექტიანობისთვის, ქართული ენის სახელმძღვანელოები შეიქმნა. პროგრამის მონაწილეთა მთავარი ფუნქცია ქართული ენის გაკვეთილებზე ადგილობრივ პედაგოგებთან ერთად მუშაობა და ქართული ენის შესწავლაა. პროგრამაში 300-მდე მასწავლებელია ჩართული და ყველა მათგანი ადგილობრივ ოჯახში ცხოვრობს.

ამ პროექტში მონაწილეობის მიღება შეუძლია ბაკალავრის ხარისხის მქონე საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს, რომლისთვისაც ქართული მშობლიური ენაა. არაქართულენოვან სკოლაში ერთი აკადემიური წლის მუშაობის შემდეგ, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, მაგისტრატურაში სწავლის გაგრძელების მსურველებს 100 პროცენტიანი სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტით აფინანსებს. ამავდროულად, პროგრამაში ჩართვა მათ პედაგოგად მუშაობის სტაჟში ეთვლებათ, შესაბამისად, საშუალება აქვთ მუშაობა სკოლებში მასწავლებლებად განაგრძონ და სერტიფიცირების გამოცდა ჩააბარონ.



ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (12)
2009 (12)
2008 (12)
2007 (12)
2006 (12)
2005 (11)