რელიზები
12.03.2012
საქართველოს პრეზიდენტმა აშშ-ის მაღალი რანგის დელეგაცია მიიღო
მიხეილ სააკაშვილმა პრეზიდენტის სასახლეში დღეს ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივნის მოადგილე ბირთვული, ქიმიური და ბიოლოგიური თავდაცვის საკითხებში, ენდრიუ ვებერი, ამერიკის ვოლტერ რიდის საჯარისო კვლევითი ინსტიტუტის ხელმძღვანელი და აშშ-ს თავდაცვის დეპარტამენტის მაღალი რანგის დელეგაცია მიიღო. შეხვედრის მთავარი თემა საქართველოსა და ამერიკისა ურთიერთობისა და თანამშრომლობის გაღრმავება იყო. შეხვედრისას, კონკრეტული მიმართულებები და დარგები განიხილეს. მხარეებმა საქართველოსთვის და, ზოგადად, რეგიონისთვის ქართულ-ამერიკული საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრალური რეფერალური ლაბორატორიის განვითარების პერსპექტივებზე იმსჯელეს. ასევე აღინიშნა, რომ ლაბორატორია უკვე შექმნილია და უახლოეს მომავალში პირველი კვლევებიც დაიწყება.
ქართულ-ამერიკული პარტნიორობის ფარგლებში, ამ ლაბორატორიაში ამერიკელი სამხედრო მკვლევარები იმუშავებენ.როგორც საუბრისას ამერიკულმა მხარემ აღნიშნა, ეს ლაბორატორია არის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სისტემის ერთ-ერთი მთავარი ელემენტი, რომელიც მნიშვნელოვან შედეგს მოიტანს ეპიდემიოლოგიური ზედამხედველობის, ბიოლოგიური კვლევისა და სურსათის უვნებლობის მხრივ.