რელიზები
08.03.2012
საქართველოს პრეზიდენტი ცერცვაძეების ოჯახს ესტუმრა
საქართველოს პრეზიდენტი დღეს თბილისის ერთ-ერთ ოჯახს - ცერცვაძეებს ესტუმრა და მათ იმ ინიციატივებზე ესაუბრა, რომლებზეც პარლამენტში გამოსვლისას გაამახვილა ყურადღება. მიხეილ სააკაშვილი პროფესიული გადამზადების თემას შეეხო და აღნიშნა, რომ კვალიფიკაციის ამაღლებისა და ახალი პროფესიის შესწავლის მსურველებს, სახელმწიფო ათასლარიან ვაუჩერს გადასცემს. ოჯახში მყოფ ქალბატონებს პრეზიდენტმა ქალთა დღეც მიულოცა.
„მდგომარეობის გასაუმჯობესებლად, მუდმივად ახლის სწავლაა საჭირო. ჩვენ შემოვიღეთ გადამზადების 1000-ლარიანი ვაუჩერი და სხვათა შორის, უკვე გადამზადების რამდენიმე ძალიან კარგი ცენტრიც გაიხსნა, რომლებშიც ამერიკელებთან ერთად ახალ პროფესიებს ასწავლიან, ისეთს, როგორიც მოდერნიზაციის პირობებში ყველაზე მეტად არის საჭირო. ასევე შემოვიღეთ სხვადასხვა საგანმანათლებო კურსები - კომპიუტერის, ინგლისურის და რაც მთავარია, შესაძლებლობა გეძლევა პროფესია საკუთარი შესაძლებლობებისა და სურვილის მიხედვით აირჩიო. საზოგადოების უმეტესი ნაწილი შრომობს, წელზე ფეხს იდგამს, რადგან ოჯახი ჰყავს სარჩენი. ზოგს ელექტროენერგიის გადასახადზე სჭირდება შეღავათი, ნაწილს გადამზადების პროგრამა, ზოგს ჯანმრთელობის დაზღვევა. თუ დაზღვევა გაქვს, საჭიროა საავადმყოფოც ახლოს გქონდეს. ხალხისთვის ყველა რაიონი ერთნაირად კომფორტული უნდა იყოს საცხოვრებლად. ახლა აქ დიდ საცურაო აუზს ვაშენებთ - „ოლიმპიკზე“ უკეთესს, ასევე ვაშენებთ მედიათეკას, ფართო კომპიუტერული შესაძლებლობებით, ბიბლიოთეკით და უამრავი სხვა რესურსით, მათ შორის, ტრეინინგების შესაძლებლობით. ეს იმისთვის კეთდება, რომ მოეწყოს არა მარტო ეზოები, არამედ შეიქმნას ცენტრი. გარეუბნების მცხოვრებლებს არ უნდა ჰქონდეს განცდა, რომ ყველაფერი მხოლოდ ქალაქის ცენტრშია. ეს უნდა დავამთავროთ“, - აღნიშნა ქვეყნის პირველმა პირმა მათთან საუბრისას.
პრეზიდენტის სასახლეში მიხეილ სააკაშვილი მეტროთი დაბრუნდა. 8 მარტი მან თბილისელ მანდილოსნებსაც მიულოცა - გზაში შემხვედრ ქალბატონებს პრეზიდენტმა ვარდები აჩუქა.