საქართველოს პრეზიდენტი რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებას გამოეხმაურა
საქართველოს პრეზიდენტი რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებას გამოეხმაურა. ქვეყნის პირველმა პირმა აღნიშნა, რომ დიპლომატიური ურთიერთობა რუსეთის ხელისუფლებასთან შეწყდა მაშინ, როდესაც 2008 წელს რუსეთმა საქართველოს ოკუპაცია დაიწყო. მიხეილ სააკაშვილის თქმით, საქართველომ უკვე გადადგა ნაბიჯები იმისათვის, რომ რუსეთის მოქალაქეებსა და ბიზნესმენებს, რომელთა შორის ქართველებიც არიან, ჩვენ ქვეყანაში შემოსვლა ყოველგვარი შეფერხების გარეშე შეძლონ. რაც შეეხება რუსთთან დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენის საკითხს, მისი განხილვა, პრეზიდენტის განცხადებით, დაიწყება მაშინ, როდესაც ოფიციალური მოსკოვი საქართველოს დეოკუპაციის გადაწყვეტილებას მიიღებს და აღიარებს საქართველოს სუვერენიტეტს.
”რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები ავტომატურად შეწყდა რუსეთის ქმედებების შედეგად, როდესაც 2008 წლის აგვისტოში რუსეთმა შეწყვიტა საქართველოს აღიარება, როგორც სუვერენული, დამოუკიდებელი სახელმწიფოსი. ეს ურთიერთობა მაშინვე აღდგება, როგორც კი რუსეთი ხელახლა აღიარებს საქართველოს საერთაშორისოდ აღიარებულ სუვერენულ საზღვრებში. ამ ურთიერთობების შეწყვეტა ჩვენი ინიციატივა არ ყოფილა. ეს განაპირობა რუსეთის ქმედებამ და მისი აღდგენაც რუსეთის ხელშია. თუმცა თუკი ისინი მზად არიან რომ აღადგინონ ურთიერთობა საქართველოსთან, ეს უნდა გაკეთდეს არა დეკლარაციის დონეზე, არამედ უნდა განახორციელონ ის, რაც ამისთვის არის საჭირო. რაც შეეხება უვიზო მიმოსვლას, ჩვენ უვიზო მიმოსვლა შემოვიღეთ იმისათვის, რომ ჯერ ერთი, რუსეთის ძალიან ბევრი მოქალაქეა ქართული წარმოშობის, მათ შორის, დევნილთა გარკვეული ნაწილი ჯერ კიდევ რუსეთშია, რომლებსაც ამ გადაწყვეტილებით გავუადვილებთ საქართველოში სიარულს. მეორე მხრივ, ჩვენ ეს გავაკეთეთ ასევე რუსული საზოგადოების იმ ნაწილისთვის, რომელიც დაინტერესებულია საქართველოში ჩამოსვლით, მოგზაურობით, ტურიზმით, ინვესტირებით, თავისი მეგობრებისა და ახლობლების ნახვით და ეს არის ჩვენი მხრიდან უბრალოდ ჩვენი საზოგადოების გახსნილობის და სიმტკიცის, ჩვენი უსაფრთოხების გამოხატულების ძალიან ნათელი დადასტურება. ჩვენ ყოველთვის მზად ვართ ყოველგვარი წინაპირობების გარეშე ვაწარმოოთ დიალოგი ურთიერთობის სრულმაშტაბიან დარეგულირებაზე, რომელიც დაეფუძნება საქართველოს დეოკუპაციას, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღიარებას და იმ ნახევარი მილიონი მოქალაქის სახლებში დაბრუნებას, რომელიც რუსეთის მიერ განხორციელებული ეთნიკური წმენდის და მისი ჯარებისა და მთავრობის მიერ ამ ეთნიკური წმენდის შედეგების დაკანონების მცდელობის გამო ვერ ბრუნდებიან სახლებში. იმის მიუხედავად, რომ ყოველივე ეს რუსეთის მიერ არის ინიცირებული, ვითარების შემობრუნებისა და გაუმჯობესებისთვის, ყოველგვარი წინაპირობის გარეშე, იმის მიუხედავად ვინ იქნება რუსეთის მთავრობა, ვინ გაიმარჯვებს არჩევნებში და ვის გამოაცხადებენ რუსეთის შემდეგ პრეზიდენტად, ჩვენ მზად ვართ, დავსხდეთ მოლაპარაკების მაგიდასთან მასთან, ვინც იქნება რუსეთის რეალური მართველი. აქამდე რუსეთი ირჩევდა ვისთან დამჯდარიყო მოსალაპარაკებლად, რადგან არ აღიარებდა საქართველოს დემოკრატიულად არჩეულ მთავრობას. ჩვენ მზად ვართ ვისაუბროთ, თუმცა აბსოლუტურად კონკრეტულ თემებზე, რომლებიც არ შეიძლება სხვა საკითხებით ჩანაცვლდეს. რა თქმა უნდა, რუსეთის დღევანდელ მთავრობას მიაჩნია, რომ ოკუპაციაზე არ უნდა ვილაპარაკოთ, ასეთი ელემენტები საქართველოშიც არიან, მაგრამ ისინი საქართველოში მარგინალურ უმცირესობას წარმოადგენენ. ეს არ არის ქართული საზოგადოების აბსოლუტურ უმრავლესობა და ამ პოზიციით, მსგავსი ადამიანები ყოველთვის იქნებიან უმცირესობაში. თუ რუსეთს სურს საქართველოსთან დიალოგი, უნდა ელაპარაკოს სწორედ ქართულ საზოგადოებას მთლიანობაში, რომელსაც მიაჩნია, რომ საქართველოს დეოკუპაცია ყველაზე გადამწყვეტია ჩვენი ქვეყნისთვის და ოკუპაცია არ შეიძლება იყოს ბუნებრივი მდგომარეობა. ეს არის ჩვენი და საერთაშორისო თანამეგობრობის სრულიად კონკრეტული გამოხატული პოზიცია”, - განაცახადა საქართველოს პრეზიდენტმა.