Google+

რელიზები

02.03.2012
საქართველოს პრეზიდენტი სტუდენტებს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი დღეს ივანე ჯავახიშვილის  სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდა. მიხეილ სააკაშვილმა სტუდენტებს მიმართა და მათ ახალი ინიციატივები გააცნო. ახალგაზრდებთან მან ის პროექტებიც განიხილა, რომლებსაც პარლამენტში წლიური ანგარიშით გამოსვლის დროს შეეხო. ქვეყნის პირველმა პირმა ყურადღება გაამახვილა სტუდენტთა დასაქმების საპრეზიდენტო პროგრამაზე, რომელიც მიზნად ისახავს საზაფხულო არდადეგების დროს - 20 ივლისიდან 20 აგვისტომდე საქართველოს მთელ ტერიტორიაზე 25 ათასი სტუდენტის დასაქმებას, რომლებიც, ამ პროგრამის ფარგლებში, 500-ლარიან ანაზღაურებას მიიღებენ. მისი თქმით, პროექტი მომავალშიც გაგრძელდება. სტუდენტებთან საუბრისას, მიხეილ სააკაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ განათლების სფეროს განვითარება ხელისუფლების ერთ-ერთი პრიორიტეტია და იმით არის მნიშვნელოვანი, რომ ქვეყანას კვალიფიციური სპეციალისტები ყველა სფეროში ჰყავდეს. ახალგაზრდებს მან საზაფხულო სკოლებში სწავლისკენაც მოუწოდა და განაცხადა, რომ მომავალი წლიდან უცხოეთში სწავლის პროგრამები მკვეთრად გაფართოვდება.

სტუდენტთა დასაქმების, მათი წახალისებისა და უცხოეთში სწავლების პარალელურად, მიხეილ სააკაშვილმა ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტი უმაღლესი განათლების ინფრასტუქტურის განვითარება და საერთაშორისო მოთხოვნების შესაბამისი სწავლების დანერგვა დაასახელა. მისი განცხადებით, სწორედ, ამ მიზანს ემსახურება ბათუმში  ტექნოლოგიური უნივერსიტეტის დაარსება, რომლის ძირითადი მიმართულებები ტექნოლოგიური, საინფორმაციო და საინჟინრო დისციპლინები იქნება. ქვეყნის პირველმა პირმა აღნიშნა, რომ 2012 წელს საქართველოში უკვე ამერიკული სტანდარტების შესაბამისი ტექნოლოგიების მქონე უნივერსიტეტი ამოქმედდება.

მიხეილ სააკაშვილი იმ პროგრამასაც შეეხო, რომლის თანახმად, შემოდგომით  საქართველოს 20-მდე ქალაქში ინგლისური ენის, კომპიუტერისა და პროფესიული ტრენინგები გაიმართება. სულ ქვეყნის მასშტაბით,  25 წელს გადაცილებული 20 ათასი ადამიანი გადამზადდება, რომლებსაც,  პროექტის ფარგლებში, ცოდნის გაღრმავების, ახალი პროფესიის ათვისებისა და დასაქმების საშუალება ეძლევა. 

სიტყვით გამოსვლის შემდეგ, საქართველოს პრეზიდენტმა სტუდენტების შეკითხვებს უპასუხა. 



ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (12)
2009 (12)
2008 (12)
2007 (12)
2006 (12)
2005 (11)