რელიზები
09.02.2012
საქართველოს პრეზიდენტმა თეთრი წყაროს ახლადაშენებული კლინიკა დაათვალიერა
საქართველოს პრეზიდენტმა ჰოსპიტალური სექტორის განვითარების პროექტის ფარგლებში აშენებული თეთრი წყაროს მრავალპროფილური საავადმყოფო დაათვალიერა. მიხეილ სააკაშვილმა კლინიკაში ახალშობილები მოინახულა და მათ საჩუქრებიც მიუტანა. იგი საავადმყოფოში არსებული პირობებითაც დაინტერესდა და მედპერსონალს გაესაუბრა. ქვეყნის პირველმა პირმა დაზღვევის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ სადაზღვევო სისტემა საქართველოში სწარფად უნდა განვითარდეს. მისი თქმით, არც ექიმებს უნდა შეექმნათ დისკომფორტი ხელფასების მიღების მხრივ და არც პაციენტებს - მომსახურების თვალსაზრისით. საქართველოს პრეზიდენტი კლინიკის ეზოში შეკრებილ მოსახლეობასაც გაესაუბრა.
ახალ ჰოსპიტალში ადგილობრივ მცხოვრებლებს თანამედროვე სტანდარტების შესაბამის მომსახურებას 100-მდე კვალიფციური სპეციალისტი გაუწევს. კლინიკაში ინტეგრირებულია ამბულატორიული, სტაციონარული, სამშობიარო და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბლოკები. თეთრი წყაროს საავადმყოფო 15 საწოლზეა გათვლილი და სადაზღვევო კომპანია „ირაომ“ მილიონ 500 ათასი ლარის ინვესტიცია განახორციელა.
დღესვე საქართველოს პრეზიდენტმა საქართველოს მედიცინის მეცნიერებათა აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი, მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე გურამ ტატიშვილი საქართველოში მედიცინის განვითარების საქმეში შეტანილი წვლილისა და ქირურგიის სფეროში ხანგრძლივი და ნაყოფიერი სამეცნიერო მოღვაწეობისათვის ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენით დააჯილდოვა.