Google+

რელიზები

07.02.2012
საქართველოს პრეზიდენტი ყირგიზეთის საპარლამენტო დელეგაციას შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტმა დღეს ყირგიზეთის პარლამენტის დელეგაცია მიიღო. ყირგიზეთის პარლამენტის ხუთი ფრაქციის წარმომადგენლები ეკონომიკის, ჯანდაცვის და განათლების სფეროებში, ასევე, პოლიციის სისტემაში განხორციელებულ რეფორმებს ეცნობიან. დელეგაციის წევრთა განსაკუთრებულ ინტერესს კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა წარმოადგენს და მათი მიზანია ქართული მხარის გამოცდილების გაზიარება. მათთან საუბრისას, მიხეილ სააკაშვილმა აღნიშნა, რომ ყირგიზეთში დემოკრატიული განვითარების უდიდესი პოტენციალია, ამ პირობებში კი, პრეზიდენტის თქმით, ყველაფრის მიღწევაა შესაძლებელი.  

„ჩემთვის ყოველთვის საინტერესოა ყირგიზ მეგობრებთან ურთიერთობა. ძალიან თბილად ვიხსენებ თქვენს სტუმართმოყვარეობას და იმ ატმოსფეროს, რომელიც იქ დამხვდა. ამან ჩემში უდიდეს სიმპატია გამოიწვია. მშვენივრად მესმის თუ რა სირთულეებია თქვენთან. ჩვენ თქვენს გვერდით ვართ. რაც ყირგიზეთში ხდება თქვენი ქვეყნისთვის, მთელი რეგიონისთვის და ყველა ჩვენგანისთვის დიდი შესაძლებლობაა. ჩვენ მხოლოდ შეგვიძლია მხარდაჭერა და დახმარება საჭირო რჩევებით, კონრეტული საქმით. ჩვენი სურვილია, არამარტო არ დავკარგოთ ერთმანეთი, არამედ გავაღრმავოთ კავშირი საპარლამენტო, სამთავრებო და განსაკუთრებით ახალგაზრდობის დონეზე. ასევე გვსურს განვითარედეს ურთიერთობა საზოგადოებრივ ჯგუფებსა და ბიზნესებს შორის. ჩვენ ერებს ძალიან ბევრი აქვთ საერთო - ლამაზია არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნების ბუნება, არამედ, უპირველესად, ხალხის ბუნება. მოხარული ვართ, რომ აქ იმყოფებით“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა მათთან საუბრისას.

სტუმრებმა კიდევ ერთხელ გამოხატეს დაინტერესება ქართული რეფორმების მიმართ და ყირგიზეთში მათი განხორციელებისთვის პრეზიდენტს რეფორმატორებისა და ექსპერტების  დახმარება სთხოვეს.  

„თქვენი ვიზიტი ბიშკეკში ძალზე სიმბოლური და ისტორიულად მნიშვნელოვანი იყო. ჩვენ  ძალიან გვინდოდა თქვენთან შეხვედრა, მაგრამ იქ ეს ვერ შევძელით და ამიტომ აქ მოგვიწვიეთ. ჩვენ სხვადასხვა ფრაქციებს წარმოვადგენთ, თუმცა ყველანი დემოკრატიისა და ლიბერალური შეხედულებების მიმდევრები ვართ. გვსურს, რომ ასეთივე რეფორმები ყირგიზეთში გავატაროთ. თქვენ ეს გამოგივიდათ.

ჩვენ სიამოვნებით წავიკითხეთ რუსი მწერლისა და ეკონომისტის წიგნი „ რატომ გამოუვდა საქართველოს“. ეს არის ყოველი ჩვენგანის სამაგიდო წიგნი. ჩვენ სიამოვნებით ჩამოვედით აქ და მადლობას გიხდით გულთბილი დახვედრისთვის. პარლამეტში ძალიან საინტერესო შეხვედრები გვქონდა. ჩვენ ვინტერესდებით იმ დეტალებით თუ როგორ ახორციელებდით  რეფორმებს. დღეს თქვენს ქალაქებში ვიყავით და ვნახეთ ისტორიული ადგილები - ქართველები მრავალი ათასი წლის წინათ ქმნიდნენ ცივილიზაციას. ერთმა ფაქტმა განსაკუთრებით გამაოცა: ქართული ანბანით პირველი ქართული წიგნი აქ 1629 წელს გამოიცა. იმ დროს მსგავსი რამ შეეძლო მხოლოდ გმირ ერს, რომელიც წინსვლისკენ მიისწრაფოდა. ქართველმა ხალხმა ძალიან ბევრი ისეთი ისტორიული პერიოდი გამოიარა, როდესაც საკუთარი ტერიტორიის დაცვა უწევდა. მთავარია  ის, რომ ამ პერიოდების განმავლობაში ისინი ისევ ამ მიწაზე რჩებოდნენ. ეს მართლაც საოცარი რამ არის.

ჩვენ გვსურს საკუთარი თვალით ვნახოთ და შემდეგ ჩვენთან დავნერგოთ ის იდეები, რომლებიც თქვენ განახორციელეთ. გვსურს მხარი დავუჭიროთ ჩვენს ახალგაზრდა მთავრობას, შევქმნათ დეპუტატთა ჯგუფი „დემოკრატიული ალიანსი“, რომელიც მხარს დაუჭერს ჩვენი მთავრობის მისწრაფებებს და ასევე გვინდა იმ კანონების ინიცირება, რომლებიც საამისოდ არის აუცილებელი. ამიტომ, ჩვენ თქვენი ხალხის დახმარება გვჭირდება იმ დოკუმენტებთან დაკავშირებით, რომელსაც თქვენ იღებდით, ასევე მთავარია, დაგვეხმაროთ ექსპერტების დონეზე. ჩვენი ხელისუფლება აუცილებლად მოიწვევს მათ, რათა ერთად დავგეგმოთ ის რეფორმები, რომელთა განხორციელებაც ჩვენს ქვეყანაში გვსურს“, - აღნიშნა „ატა მაკენის“ ომურბეკ აბდირახმანოვმა.    

დელეგაციამ უკვე გამართა შეხვედრები საქართველოს პარლამენტის თავჯდომარის პირველ მოადგილესა და საკანონმდებლო ორგანოს კომიტეტების წარმომადგენლებთან. საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად, საქართველოში ყირგიზი ჟურნალისტებიც იმყოფებიან.  

შეხვედრა პრეზიდენტის სასახლეში გაიმართა და მას ქართული მხრიდან ევროპასთან ინტეგრაციის პარლამენტის კომიტეტის თავმჯდომარე დავით დარჩიაშვილი ესწრებოდა. 



ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (12)
2009 (12)
2008 (12)
2007 (12)
2006 (12)
2005 (11)