Google+

რელიზები

07.02.2012
საქართველოს პრეზიდენტმა დუშეთის მრავალპროფილური სავადმყოფო დაათვალიერა

ჰოსპიტალური სექტორის განვითარების პროექტის ფარგლებში საქართველოს პრეზიდენტმა დუშეთის რეაბილიტირებული მრავალპროფილური საავადმყოფო დაათვალიერა. მიხეილ სააკაშვილმა კლინიკის პირველი პაციენტები მოინახულა და მედპერსონალს გაესაუბრა. დუშეთის საავადმყოფოში პრეზიდენტის სტუმრობის დროს კიდევ ერთი ბავშვი, ნინო ბანცური დღეს საკეისრო კვეთით გაჩნდა. მეხუთე შვილიშვილის დაბადება ელისო აფციაურს პრეზიდენტმა პირადად ახარა.

საქართველოს პირველი პირის განცხადებით, ახალი კლინიკების გახსნა, უბრალოდ უკეთეს შენობაში გადასვლას არ ნიშნავს - ეს ჯანმრთელობის დაცვის არსებითად, ხარისხობრივად ახალი  სისტემის შექმნას გულისხმობს. მისი თქმით, უახლოეს პერიოდში საქართველოს მოსახლეობას 150 ახალი თანამედროვე სამედიცინო ცენტრი მოემსახურება.

„ჩვენ ახლა ვმუშაობთ იმაზე, რომ ეს საავადმყოფოები ყველასთვის ხელმისაწვდომი იყოს. ვგეგმავთ, რომ საქართველოში ჯანმრთელობის დაცვისა და განათლების სისტემები ევროპის მასშტაბით, საუკეთესო იყოს. განსაკუთრებით, სკოლებზე ვამახვილებთ ყურადღებას. ჩემი ამბიციაა, რომ ამას 2014-2015 წლებში მივაღწიოთ, 2015 წლის მოდერნიზაციის გეგმის მიხედვით. ეს არის კონკრეტული საქმე, რომელიც კეთდება”, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

დღესვე მიხეილ სააკაშვილმა მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, სრული პროფესორი, პედიატრთა აკადემიის პრეზიდენტი ირაკლი ციციშვილი საქართველოში მედიცინის განვითარებაში შეტანილი წვლილისა და პედიატრიის სფეროში ხანგრძლივი, ნაყოფიერი მოღვაწეობისათვის ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენით დააჯილდოვა.

 „ბატონ ირაკლი ციციშვილს ქართული საზოგადოების წინაშე წარდგენა არ სჭირდება.  საზოგადოების დიდი ნაწილი მას კარგად იცნობს, იცნობს პირადად და იცნობს ბავშვობიდან. არ დაგიმალავთ, რომ საზოგადოების ამ ნაწილში მეც შევდივარ, რადგან მეც ხშირად ვხდებოდი ავად და ბევრჯერ აღმოვჩენილვარ მის ხელში. კარგად მახსოვს, ირაკლი ციციშვილს შეეძლო უბრალოდ შეეხედა ბავშვისთვის და გამოკვლევის დეტალურად ჩატარებამდე დაესვა დიაგნოზი. მე მინდა ყველა ჩვენგანის სახელით, მართლაც დიდ ქართველ მოღვაწეს და დიდ ქართველ მედიკოსს, ბავშვების გადამრჩენელს და მთელი თაობების აღმზრდელს, საქართველოს გენოფონდის ძალიან ღვაწლმოსილ დამცველს - ბატონ ირაკლი ციციშვილს ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენი გადავცე, როგორც ჩვენი მადლიერებისა და მისი დიდი ღვაწლის ხაზგასმა ქართული საზოგადობის მხრიდან“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

ცნობილმა ქართველმა პედიატრმა პრეზიდენტს მადლობა გადაუხადა და ქვეყანას დემოგრაფიული მაჩვენებლების გაზრდა უსურვა.  

„მთელი საქართველო შემოვლილი მაქვს. დუშეთში 11 წლის განმავლობაში თვეში ოთხჯერ დადიოდა ჩვენი კათედრა კონფერენციების გასამართად, ვკითხულობდით ლექციებს, ექიმებსა და ექთნებს ახალ მიღწევებს ვაცნობდით და მათ მომზადებაზეც ვფიქრობდით. რაც მთავარია,  ვუვლიდით დუშეთის მთელ მოსახლეობას. ეს საქმე ჩვენმა პედიატრიულმა საზოგადოებებმა გააგრძელეს. მე მახსოვს ბატონი მიხეილის ბაბუა, რომელიც ჩვენი  ინსტიტუტის რექტორი და მედიცინის კათედრის გამგე იყო. კარგად ვიცნობ მის დედას და მთელ ოჯახს. მინდა გითხრათ, რომ ძალიან ბევრი კარგი საქმე გამიკეთებია ცხოვრებაში და ერთადერთი, რასაც ვისურვებდი - საქართველოს მოსახლეობის რაოდენობის ზრდაა. ახალგაზრდებმა ცოტა უნდა იფხიზლონ.  1,3-პროცენტიანი ნამატი არაფერი არ არის, მინიმუმ, 2,5 პროცენტიანი ზრდა  უნდა იყოს. მოსახლეობის რაოდენობა უნდა გაიზარდოს, რომ საქართველო იმ მაჩვენებელს დაუბრუნდეს, რომელიც 90-იან წლებამდე გვქონდა. მალე ოსეთიც და აფხაზეთიც უნდა შემოგვიერთდეს - მათ ჩვენი სახე და ის წარმატებები უნდა ვაჩვენოთ, რითაც ბევრს ვჯობნით და თვითონ მოვლენ ჩვენთან“, - აღნიშნა ირაკლი ციციშვილმა.

დუშეთის ახალ ჰოსპიტალში რეგიონში მცხოვრები ნებისმიერი პაციენტი მიიღებს მომსახურებას, სოციალურად დაუცველები კი, პოლისების მეშვეობით შეძლებენ მკურნალობას. კლინიკაში განთავსებულია ამბულატორიული, პრეჰოსპიტალური და ჰოსპიტალური განყოფილებები, აქვეა სამშობიარო ბლოკი. რეაბილიტირებული საავადმყოფო 15 საწოლიანია და იქ 90-მდე მაღალკვალიფიციური სპეციალისტია დასაქმებული. 

დუშეთის მრავალპროფილური საავადმყოფოს რეკონსტრუქცია სადაზღვევო კომპანია „ჯიპიაი ჰოლდინგმა“ განახორციელა, რისთვისაც მილიონ 600 ათასი  ლარი დახარჯა. 



ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (12)
2009 (12)
2008 (12)
2007 (12)
2006 (12)
2005 (11)