Google+

რელიზები

03.02.2012
საქართველოს პრეზიდენტი ამერიკის შეერთებული შტატების საზღვაო სამხედრო აკადემიას ესტუმრა

საქართველოს პრეზიდენტი ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტის ფარგლებში, ანაპოლისის საზღვაო სამხედრო აკადემიას ეწვია. აშშ-ის საზღვაო აკადემიაში მიხეილ სააკაშვილის მისაღებად მოეწყო საგანგებო ღონისძიება, რომელიც ისტორიული სასწავლებლის ცენტრალურ მოედანზე გაიმართა. მიხეილ სააკაშვილი სტუდენტებს და აკადემიის წარმომადგენლებს შეხვდა.  ამერიკის შეერთებული შტატების საზღვაო ძალების თავმჯდომარემ რამდენიმე ასეული კურსანტის წინაშე საქართველოს პრეზიდენტი ყველაზე დემოკრატიული ქვეყნის ლიდერის სტატუსით წარადგინა. მიხეილ სააკაშვილმა სტუდენტებს სიტყვითაც მიმართა, რომლის დროსაც ყურადღება ორი ქვეყნის ურთიერთანამშრომლობაზე გაამახვილა და აღნიშნა, რომ ამერიკა საქართველოსათვის მხოლოდ პარტნიორი არ არის - ეს არის ქვეყანა, რომელიც თავისუფლების იდეას განასახიერებს. შეერთებული შტატების საზღვაო ძალების თავმჯდომარემ საქართველოს პრეზიდენტს ანაპოლისის საზღვაო სამხედრო სასწავლებლის ისტორიული შენობა და სტუდენტთა საცხოვრებელი პირადად დაათვალიერებინა.

მოგვიანებით, მიხეილ სააკაშვილი იმ ოთხ ქართველ სტუდენტსაც გაესაუბრა, რომელიც ამჟამად აკადემიაში სწავლობს. მათთან შეხვედრისას, საქართველოს პრეზიდენტმა იმ წვლილის თაობაზეც გაამახვილა ყურადღება, რომელიც ქართველი ჯარისკაცებს სამშვიდობო ოპერაციებში მონაწილეობით შეაქვთ.   

„ამ აკადემიაში სწავლების ძალიან მაღალი დონეა, მაგრამ უცხოელი სტუდენტი, დაახლოებით, 50-ია. მალე ამერიკელებთან ერთად ჩვენი შეიარაღებული ძალების მომზადების ძალიან დიდ პროგრამას ვიწყებთ. ეს იმას ნიშნავს, რომ თუ დღეს აქ მხოლოდ ოთხი ქართველი სტუდენტი ხართ, სამომავლოდ მხოლოდ ამ აკადემიაში ბევრად მეტმა, მინიმუმ, ათეულობით ქართველმა უნდა ისწავლოს, ხოლო სხვა ქვეყნების აკადემიებში ასეულობით ქართველი კურსანტი უნდა გვყავდეს. თქვენ ხართ ის ხალხი, ვინც შემდეგ სხვებს მოამზადებს საქართველოში“, - განაცახადა მიხეილ სააკაშვილმა მათთან საუბრისას.

სტუდენტებთან საუბრისას ქვეყნის პირველმა პირმა კომენტარი ჟურნალისტებთანაც გააკეთა და ამ აკადემიაში ქართველ სტუდენტთა სწავლის მნიშვნელობაზე ისაუბრა. 

„ამერიკელ სამხედროს, სადაც არ უნდა იყოს ის, სულ სხვაგვარად უჭირავს თავი და თავისუფლად შეძლებ გამოარჩიო ათას კაცშიც. ჩვენი ბიჭები, ქართველებიც ზუსტად ასე არიან - რომ არ მცოდნოდა, რომ ქართველები არიან, თითოეული მათგანი ამერიკელი სამხედრო მეგონებოდა. ეს ძალზე მნიშვნელოვანია, რადგან სწორედ ეს ქმნის იმ ტრადიციას,  რომელიც რუსებმა ჩაგვიკლეს. საბჭოთა კავშირის ჯარებში ქართველი სამხედროებს, პრაქტიკულად, არ იწვევდნენ, რადგან მათ არ ენდობოდნენ, მაგრამ ამ ტრადიციას ახლა თავიდან ვქმნით. ამ საზღვაო სასწავლებლიდან ყველაზე მაგარი ოფიცრები გამოვლენ იმათგან, რომლებიც ოდესმე გვყოლია ჩვენს ისტორიაში. ისინი მსოფლიოს საუკეთესო აკადემიაში სწავლობენ და მომავალში ბევრად მეტი ჩამოვა აქ სასწავლებლად. საქართველოს გენეტიკურად აქვს სამხედრო ტრადიცია, ამიტომ შეუძლებელია ჩვენი ოფიცრები საუკეთესონი არ იყვნენ. ისინი ყველაზე სახელგანთქმული იყვნენ მსოფლიოს მასშტაბით. ეს ტრადიცია დაბრუნდება, თან დაბრუნდება ამ კედლებსა და სხვა აკადემიებიდან. ამ ბიჭების დახმარებით კი, შემდეგ ჩვენთანაც განვავითარებთ სამხედრო აკადემიას“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

ანაპოლისის საზღვაო სამხედრო აკადემიაში ვიზიტისას საქართველოს პრეზიდენტს სამახსოვროდ სამხედრო აკადემიის კურსანტთა ქურთუკი გადასცეს. პრეზიდენტისათვის განკუთვნილ მფრინავის სპეციალურ ქურთუკზე აკადემიის სიმბოლოსთან ერთად, მისი სახელი და გვარია დაწერილი. საჩუქარი მიხეილ სააკაშვილს ანაპოლისის საზღვაო სამხედრო აკადემიის წარმომადგენელმა სასწავლებელში შეხვედრის დროს გადასცა.

ანაპოლისის აკადემია 167 წლის წინ დაარსდა. ის ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ სამხედრო სასწავლებლად ითვლება. თავის დროს, აკადემია პრეზიდენტმა ჯიმ კარტერმა და რესპუბლიკელმა სენატორმა ჯონ მაკკეინმა დაამთავრეს. სასწავლებელში, ამჟამად, 4 ათას 400 სტუდენტი სწავლობს, რომელთაგან უცხოელი მხოლოდ 55 კურსანტია 30 ქვეყნიდან. 



ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (12)
2009 (12)
2008 (12)
2007 (12)
2006 (12)
2005 (11)