Google+

რელიზები

06.01.2012
მიხეილ სააკაშვილი წყალტუბოში დევნილებისთვის განკუთვნილ ახალ უბანს ესტუმრა

საქართველოს პრეზიდენტი წყალტუბოში ახალ საცხოვრებელ უბანს ეწვია, რომელიც აფხაზეთიდან დევნილი 352 ოჯახისთვის საგანგებოდ აშენდა. მიხეილ სააკაშვილმა მიმდებარე ტერიტორიაც დაათვალიერა და მოსახლეობასაც გაესაუბრა. ქვეყნის მეთაური ახალი უბნისა და კორპუსის პირველ მცხოვრებლებსაც ესტუმრა და მათ ახალმოსახლეობა და დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცა.  

მასპინძლებთან საუბრისას, საქართველოს პირველმა პირმა ყურადღება იმერეთის რეგიონის განვითარებაზე გაამახვილა და აღნიშნა, რომ ინფრასტრუქტურის მოწესრიგება ცხოვრების პირობების გაუმჯობესებასაც შეუწყობს ხელს, სამუშაო ადგილების მომრავლებასაც და ტურისტების მოზიდვასაც.   

„რამდენიმე წლის წინათ ქუთაისი სრულიად უპერსპექტივო ქალაქი იყო, ხოლო წყალტუბო კიდევ უფრო უიმედო მდგომარეობაში იმყოფებოდა. დღესდღეობით, ყველაფერი რადიკალურად შეიცვალა. მოვლენები, ძირითადად, სამი მიმართულებით ვითარდება: პირველი, აფხაზეთიდან დევნილებისთვის აშენდა საცხოვრებელი კორპუსები; მეორე,  გამოთავისუფლდა სანატორიუმები და აქედან გამომდინარე, დაიწყება ტურისტული ინფრასტრუქტურა მოწყობა, რასაც ხელს შეუწყობს ქუთაისის ახალი საერთაშორისო აეროპორტის გახსნა. მესამე კი - ქუთაისის აღორძინებაა. ქუთაისთან ტერიტორიული სიახლოვე, წყალტუბოს განვითარების უფრო მეტ პერსპექტივას და შესაძლებლობას უქმნის.  შესაბამისად, წყალტუბო აღარ არის ის ქალაქი, სადაც ერთ დროს ხალხი ძალით შეასახლეს და უყურადღებოდ დატოვეს“, - აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.  

საქართველოს პრეზიდენტი ახალ უბანში წყლის მიწოდების საკითხითაც დაინტერესდა, რომელიც ცოტა ხნის წინათ ძალზე პრობლემური იყო. როგორც ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების მინისტრმა რამაზ ნიკოლაიშვილმა პრეზიდენტს განუმარტა, მოსახლეობას წყალი უპრობლემოდ მიეწოდება, თუმცა ამჟამად ქსელი მთლიანად იცვლება, რაც მოსახლეობისთვის 24-საათიან წყალმომარაგებას უზრუნველყოფს.

მიხეილ სააკაშვილი დევნილთა დასაქმების საკითხსაც შეეხო. როგორც მან აღნიშნა, სრულფასოვანი ცხოვრებისთვის მხოლოდ საცხოვრებელი ფართის გამოყოფა არ კმარა და საჭიროა ამ ადამიანების დასაქმება. პრეზიდენტის განმარტებით, ამ საკითხის მოგვარების მიზნით, მთავრობა დევნილ მოსახლეობას სწორედ იმ ადგილებში აძლევს საცხოვრებელს, სადაც  დასაქმების პერსპექტივა დიდია.

„ყველგან, სადაც დევნილები დავასახლეთ, არის დასაქმების პერსპექტივა. მაგალითად, ფოთში, სადაც ახლა ძალიან ბევრი სამუშაო ადგილია. ასევე გადაგვყავს ბათუმში, სადაც ძალიან დიდი მოთხოვნაა სპეციალისტებზე და წყალტუბოში, სადაც უამრავი სამუშაო ადგილი გაჩნდება, რადგან ეს ქალაქი, პრაქტიკულად, მიბმულია ქუთაისზე. იგივე შეიძლება ითქვას ზუგდიდზე, რადგან ლაზიკას მშენებლობასა და პორტის განვითრებასთან ერთად, ძალიან ბევრი ხალხი მიიღებს სამუშაოს. ჩვენს მოსახლეობას მხოლოდ სახლების მიცემით პრობლემას ვერ მოვუხსნით - ამით პრობლემა ვერ მოგვარდება, რადგან შემდეგი ეტაპი მათი დასაქმება უნდა იყოს“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

მათთან საუბრისას, მიხეილ სააკაშვილმა აღნიშნა, რომ წყალტუბოს აღორძინება დევნილი მოსახლეობისთვის უკეთესი პირობების შექმნით დაიწყო. მისი თქმით, პირობა, რომელიც მან, უპირველესად, საკუთარ თავს მისცა, დღეს შეასრულა - ახალმა ბინებმა ეს ადამიანები გაუსაძლისი მდგომარეობიდან იხსნა. როგორც პრეზიდენტმა განაცხადა, ახლა პატარები ბევრად უკეთეს პირობებში გაიზრდებიან და არც კი ემახსოვრებათ ის უბედურება და გაჭირვება, რომელიც მათმა მშობლებმა გამოიარეს.

საქართველოს პრეზიდენტს მიაჩნია, რომ ახალმოსახლეები ამ ბინებს მალე აგარაკებად გამოიყენებენ, რადგან ქვეყნის პირველ პირს ღრმად სწამს - მალე ისინი საკუთარ კერას  დაუბრუნდებიან.

9 აპრილის ქუჩაზე, დევნილი მოსახლეობისთვის 10 საცხოვრებელი კორპუსი აშენდა. მოწესრიგდა მიმდებარე ტერიტორიაც: დაიგო ასფალტი, დამონტაჟდა გარე განათება, შესრულდა გაზიფიცირების სამუშაოები, მოეწყო წყლსადენისა და კანალიზაციის სისტემები, გამწვანდა ტერიტორია და ბავშვებისათვის აშენდა სპორტული მოედანი. ახალი უბნის მშენებლობაზე 500 ადამიანი იყო დასაქმებული, რომელთა უმეტესობა ადგილობრივი მოსახლეა.
პროექტი საქართველოსა და ევროკავშირს შორის გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდის კოორდინირებით განხორციელდა.

 



ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (12)
2009 (12)
2008 (12)
2007 (12)
2006 (12)
2005 (11)