Google+

რელიზები

19.12.2011
საქართველოს პრეზიდენტმა ქობულეთში ახლადგახსნილი საოჯახო სასტუმრო დაათვალიერა

საქართველოს პრეზიდენტი ქობულეთში ამირან ვერულიძის ოჯახს ესტუმრა და მისი საოჯახო სასტუმრო დაათვალიერა. მიხეილ სააკაშვილი ოჯახის უფროსსაც გაესაუბრა და სასტუმროს პირობებით დაინტერესდა. როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, ქობულეთში გარკვეული ინფრასტრუქტურული სამუშაოები უკვე შესრულდა, თუმცა ბათუმის აღმშენებლობის ფონზე, პატარა ზღვისპირა ქალაქს უფრო მეტი განვითრება სჭირდება. მიხეილ სააკაშვილმა ტურიზმის სექტორის განვითარებაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ტურისტების მოზიდვისთვის უფრო აქტიური მუშაობაა საჭირო.

„აქამდე ჩვენი მთავარი მიზანი ბათუმის განვითარება იყო. ახლა ორ მიმართულებით უნდა ვიმუშაოთ - ეს არის ქობულეთი და აჭარის მაღალ მთიანეთი. ქობულეთში აღმაშენებლის ქუჩის 5-კილომეტრიანი მონაკვეთი შევიდა მწყობრში და მომავალ წელს ეს ქუჩა სრულად გაკეთდება, რასაც თამარ მეფის გამზირი დაემატება. ასევე მთლიანად უნდა გამოიცვალოს განათება და მოწესრიგდეს ბულვარი, რადგან საბჭოთა დროიდან ბევრი არაფერი შეცვლილა. ასევე უნდა მოწესრიგდეს გარე ფასადებიც. წყალსადენისა და საკანალიზაციო სისტემები ახლახან გაკეთდა, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სადგურსაც ვხსნით. კეთდება შემოვლითი გზა, რომელიც ბათუმს ქობულეთის გვერდის ავლით დაუკავშირდება და სატვირო მანქანები იმ გზით ისარგებლებენ. ამას 2 წელიწადი დასჭირდება, მაგრამ შემდეგ აქ მარტო ტურისტი შემოვა თავისი მანქანით და ბევრად მეტი სივრცე იქნება სამოძრაოდ. აქაურობა ასეთი სასტუმროებით საზრდოობს და სწორედ ეს არის აქაური ეკონომიკის ღერძი. ქობულეთი მართლაც მთავარი საზღვაო  კურორტია ქვეყნის არაოკუპირებულ ნაწილში. ამიტომ, აქ ყველაფერი შეიძლება უკეთესობისკენ შემობრუნდეს.  მთავარი, კაპიტალური ინვესტიცია გაკეთებულია, მაგრამ ახლა გვჭირდება კარგი სარეკლამო კამპანია და ფასებზე მუშაობა. სასტუმროებში ტურისტებს გარკვეული პაკეტები შევთავაზოთ, რათა ფასები შემცირდეს. ამ წლის განმავლობაში მხოლოდ აჭარაში მილიონ 400 ათასამდე ტურისტი გვეყოლება. მეზობელი ქვეყნებიდან ტურისტები მრავლად გვყავს, მაგრამ გვაქვს იმის პოტენციალიც, რომ ხალხი დასავლეთ ევროპიდანაც ჩამოვიყვანოთ, მაგალითად, პოლონეთიდან. ასევე უნდა ჩამოვიდნენ რუსეთიდან, უკრაინიდან, ბალტიისპირეთიდან, მაგრამ ყველაფერი შესაბამისად უნდა შევფუთოთ. მთავარია, ხალხმა, რომელიც დღე და ღამე მუხლჩაუხრელად შრომობს, შემდეგ სეზონზე არა მარტო იმედი არ გაუცრუვდეს, არამედ სარგებელიც ნახოს“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

მიხეილ სააკაშვილმა ჰოსპიტალური განვითარების პროგრამაზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ქობულეთში ახალი საავადმყოფო მომავალ წელს გაიხსნება. პრეზიდენტის თქმით, ახალი საავადმყოფო ყველა რაიონში უნდა იყოს, რათა მოსახლეობას ჯანმრთელობის  პრობლემების მოგვარება ადგილზევე შეეძლოს.     

„ქობულეთში ახალი საავადმყოფო მომავალ წელს იხსნება, ჩაქვში კი - წელს. აქედან გამომდინარე, სამკურნალოდ თბილისში ჩასვლა აღარ მოგიწევთ. წინა კვირას აქვე, ოზურგეთში გავხსენით საუკეთესო  საავადმყოფო... ხშირად უკვირთ და ამბობენ, რომ საავადმყოფოების გახსნა პრეზიდენტის საქმე არ არისო, მაგრამ სხვა ქვეყნებში მსგავსი საავადმყოფოები წელიწადში ერთი ან ორი იხსნება და, შესაბამისად, მათ პრეზიდენტებსაც წელიწადში ერთხელ ან ორჯერ უწევთ მსგავს ღონისძიებაში მონაწილეობის მიღება. ამდენი ათწლეულის განმავლობაში არაფერი არ გაკეთებულა და ის არ გვიკვირს და მსოფლიო კლასის საავადმყოფოებს რომ ვხსნი საქართველოში, ეს მით უმეტეს არ უნდა გვიკვირდეს. ღმერთმა ყველას მისცეს ჯანმრთელობა, მაგრამ ვინმეს მკურნალობა თუ დასჭირდება, ოზურგეთში გადავა, მალე ჩაქვის კლინიკითაც ისარგებლებენ, ხოლო მომავალ წელს უკვე ქობულეთსაც ექნება“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

პრეზიდენტთან საუბრისას, მასპინძელმა ყურადღება იმაზეც გაამახვილა, რომ საკუთარი სამსართულიანი სახლის სასტუმროდ გადაკეთების სტიმული აღმაშენებლის გამზირზე განხორციელებულმა ინფრასტრუქტურულმა სამუშაოებმა მისცა. როგორც მან აღნიშნა, წელს ბანკიდან 70 ათასი ლარის სესხიც აიღო და 5 წლის წინათ დაწყებული სამშენებლო სამუშაოები  დაასრულა. საოჯახო სასტუმრო   18 ნომრიანია და  ერთდროულად 40 დამსვენებლის მიღება შეუძლია. პრეზიდენტთან ერთად ვერულიძეების ოჯახში აჭარის რეგიონის მეთაური ლევან ვარშალომიძე და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი რამაზ ნიკოლაიშვილი იმყოფებოდნენ.



ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (12)
2009 (12)
2008 (12)
2007 (12)
2006 (12)
2005 (11)