Google+

რელიზები

09.12.2011
საქართველოს პრეზიდენტმა ახალი საავადმყოფოები კასპსა და ხაშურში გახსნა

ჰოსპიტალური განვითრების პროექტის ფარგლებში, საქართველოს პრეზიდენტმა დღეს ახალი რაიონული საავადმყოფო კასპში გახსნა. მიხეილ სააკაშვილმა ახალი სამედიცინო ცენტრში დამონტაჟებული ულტრათანამედროვე ტექნიკის მუშაობას გაეცნო და პირველი პაციენტებიც მოინახულა. ქვეყნის პირველმა პირმა ჯანდაცვის მინისტრისგან კიდევ ერთხელ მოისმინა ინფორმაცია ჰოსპიტალური სექტორის განვითარების პროგრამის მიმდინარეობის დეტალების შესახებ. ანდრია ურუშაძემ, ასევე, კოკრეტულად გააცნო ის გეგმა, რომლის ფარგლებშიც წლის დამლევამდე სხვადასხვა რაიონში ახალი საავადმყოფოები გაიხსნება. თავის მხრივ, მიხეილ სააკაშვილმა ყურადღება გაამახვილა რეგიონებში თანამედროვე მაღალტექნოლოგიური კლინიკების აუცილებლობასა და მათ ხელმისაწვდომობაზე.  როგორც მან აღნიშნა, ჯანდაცვის სფეროში დაწყებული პროგრესი სახელმწიფო და კერძო სექტორების თანამშრომლობის ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითია. მიხეილ სააკაშვილი სადაზღვევო სისტემის განვითარებისა და სამედიცინო პერსონალის გადამზადების თემებსაც შეეხო. პრეზიდენტმა ახალი კლინიკის მედპერსონალი კვალიფიკაციის საკითხითაც დაინტერესდა, რომელზეც ამომწურავი ინფორმაცია კლინიკის მესვეურთაგან მიიღო.

„მთავარი, რაც ამ საავადმყოფოებს შემოაქვს, არის თანასწორობა - თანასწორობა ხალხს შორის. ყველა მოქალაქეს ერთნაირად უნდა მოუწვდებოდეს ხელი მაღალხარისხიან ჯანდაცვაზე. აგრეთვე მნიშვნელოვანია თანასწორობა რეგიონებს შორის. აღარ უნდა არსებობდეს მეორეხარისხოვანი რეგიონები. უწინ კასპი და თბილისი რადიკალურად განსხვავდებოდა ერთმანეთისგან, ახლა, რეალურად, უფრო პერსონალიზებული და უზრუნველყოფილი ჯანდაცვაა რაიონულ ცენტრებში“,  - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტი ადგილობრივ მოსახლეობასაც გაესაუბრა, მათი პრობლემებითა და სოციალური პირობებით დაინტერესდა და აღნიშნა, რომ სახელმწიფო ყველაფერს იღონებს იმისთვის, რომ უმაღლესი დონის სამედიცინო მომსახურება ყველასთვის ერთნაირად იყოს ხელმისაწვდომი.  

კასპის რაიონული საავადმყოფო ჰოსპიტალური სექტორის განვითარების პროექტის ფარგლებში სადაზღვევო კომპანია „ალფამ“ ააშენა. 25 საწოლიანი საავადმყოფო, რომელიც ულტრათანამედროვე აპარატურით არის აღჭურვილი, ერთდროულად 100 ადამიანის მომსახურებას შეძლებს. კლინიკაში ფუნქციონირებს ლაბორატორია, თერაპიული, ქირურგიული, სამშობიარო და ინფექციური განყოფილებები.

მიხეილ სააკაშვილმა დღესვე ხაშურის რაიონული საავადმყოფოც გახსნა. სადაზღვევო კომპანია აი სი ჯგუფის მიერ აშენებული სამედიცინო ცენტრი ქვეყნის პირველმა პირმა დაათვალიერა და სამედიცინო პერსონალთან ჰოსპიტალური განვითარების პროგრამის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. საქართველოს პრეზიდენტი ვიდეოჩართვის საშუალებით ჯორჯ ვაშინგტონის სახელობის კლინიკის ნევროლოგიის კათედრის ექიმს ზურაბ ნადარეიშვილსაც ესაუბრა.

„ჯორჯ ვაშინგტონის სახელობის ახალი საავადმყოფო არ მინახავს, მაგრამ ძველში ნამყოფი ვარ და მინდა გითხრათ, რომ ხაშურის ახალი საავადმყოფო თუ ბევრად არ ჯობს, არაფრით არ ჩამოუვარდება იმ კლინიკას, რომელიც 15 წლის წინათ ამერიკაში ვნახე. აქ არც აპარატურაა ნაკლები და შენობაც ძალზე კომფორტულია. ჩვენს საავადმყოფოში დამონტაჟებული სისტემები კი, ნამდვილად ჯობს. ახლა ჩვენ გვჭირდება ისეთი კვალიფიკაცია, როგორიც მანდ მომუშავე ექიმებს აქვთ. იმედია ამაში თქვენც დაგვეხმარებით“, - აღნიშნა პრეზიდენტმა ზურაბ ნადარეიშვილთან საუბრისას. მისივე თქმით, ხაშურის საავადმყოფოში ახალი ტექნოლოგია დაინერგება, რომლის საშუალებითაც გამოირიცხება არასწორი დიაგნოზის დასმის შესაძლებლობა. ამერიკაში მოღვაწე ქართველი ნევროლოგისგან ხაშურელი ექმები მუდმივად მიიღებენ კონსულტაციას.

მიხეილ სააკაშვილი ხაშურის ადგილობრივ მოსახლეობასაც შეხვდა. პრეზიდენტი მოზარდებსაც გაესაუბრა, რომლებთანაც სკოლების რეაბილიტაციის პროგრამაზე ისაუბრა.

ახალი,  ულტრათანამედროვე ჰოსპიტალი 31-საწოლიანია და მაღალკვალიფიციური სამედიცინო პერსონალითაა დაკომპლექტებული. კლინიკაში 175 ადამიანი დასაქმდა.  



ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (12)
2009 (12)
2008 (12)
2007 (12)
2006 (12)
2005 (11)