Google+

რელიზები

08.12.2011
საქართველოს პრეზიდენტი კანში ამერიკული აკადემიის დაჯილდოების ცერემონიალს დაესწრო

მიხეილ სააკაშვილი კანში ამერიკული აკადემიის დაჯილდოების ყოველწლიურ ცერემონიალს დაესწრო. საქართველომ  აკადემიის მიერ დაწესებულულ 3 ნომინაციაში გაიმარჯვა. ორგანიზიტორთა გადაწყვეტილებით, აჭარის ავტონომიური რეგიონი "ხუთვარსკვლავიანი  ბრილიანტის“ მფლობელი გახდა.  დაჯილდოვების შესახებ  გადაწყვეტილება ამერიკული აკადემიის დამფუძნებლებმა, ბათუმში პირადი სტუმრობისა და ადგილზე მიღებული შთაბეჭდილებების მიხედვით მიიღეს.

აჭარის რეგიონს, ტურისტულ სფეროში ყველაზე პრესტიჟული პრიზი "ხუთვარსკვლავიანი ბრილიანტი“ სხვადასხვა კატეგორიებისა და კრიტერიუმების შეჯამების შედეგად გადაეცა. ბათუმი დაჯილდოვდა, როგორც საუკეთესო ახალი საკურორტო ქალაქი; აჭარის ავტონომიურმა რესპუბლიკამ ჯილდო იმისთვის მიიღო, რომ ინვესტორებისთვის ყველაზე მეგობრულ რეგიონად აღიარეს. სპეციალური ჯილდო - ინოვაციური მმართველობისთვის - აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის თავმჯდომარემ ლევან ვარშალომიძემ დაიმსახურა.  

დაჯილდოვების ცერემონიალს ბათუმის მერი და ეკონომიკის მინისტრი ესწრებოდნენ.   ოფიციალურ ცერემონიაზე სიტყვით საქართველოს პრეზიდენტი გამოვიდა. მიხეილ სააკაშვილმა მიმართვისას  ქვეყნის ტურისტულ პოტენციალზე, მიმდინარე პროექტების მნიშვნელობასა და ახალი ქალაქი ლაზიკას მშენებლობაზე ისაუბრა.

,,ჩემთვის დიდი პატივია აქ, თქვენთან ერთად ყოფნა. ეს განსაკუთრებული ადგილია, რადგან თუ რომელიმე ქალაქი ბათუმს მაგონებს, ეს პირველ რიგში კანი და ნიცაა. სხვათაშორის ბათუმი იმავე არქიტექტორის მიერაა აშენებული ვინც ნიცა ააგო... ბათუმი არის ასევე ქალაქი სადაც ბოლო 5 წლის განავლობაში გასაოცარი ცვლილებები მოხდა.ჩვენ განვავითარეთ ბათუმი, ქალაქი ანაკლია, სადაც ფართო, ქვიშიანი სანაპიროა. ეს არის ნიცას და კანის კომბინაცია,  პრაქტიკულად ქალაქი რომელიც ჰგავს ნიცას, გრძელდება კანის მსგავსი ბულვარით, თუმცა ანაკლიის ბულვარი კანის ბულვარზე ცოტათი გრძელიცაა. ვიწყებთ ახალი ქალაქის, ლაზიკას განვითარებასაც, რომელიც  ჩვენი ეკონომიკური და ტურისტული პოტენციალის გაზრდას ისახავს მიზნად. მის მახლობლად კი განვავითარეთ მესტიის სათხილამურო კურორტი, სადაც თითქის მთელი ზაფხული შესაძლებელია თოვლზე სრიალი. იქ სასრიალოდ ალბერტო ტომბა აგვისტოში ავიყვანე და შემდეგ საათ ნახევრის სავალ გზაზე შავ ზღვაში იცურავა“ - განაცხადა პრეზიდენტმა ოფიციალური გამოსცლისას.

მოგვიანებით მიხეილ სააკაშვილმა კომენტარი მედიასთან გააკეთა და ყურადღება  ამერიკული აკადემიის მიერ მინიჭებული ჯილდოს მნიშვნელობაზე გაამახვილა. მისივე თქმით, ბათუმმა ტურისტულ სფეროში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და პრესტიჟული პრიზი დაიმსახურა, რაც ტურისტებისა და ინვესტიციების მოზიდვის, ასევე დასაქმების  კიდევ უფრო მეტ  შესაძლებლობას აძლევს მოსახლეობას.

„ ყოველივე ეს ნიშნავს იმას, რომ, რეალურად, საქართველო მსოფლიო რუკაზე დამკვიდრდა და რომ ჩვენ ქალაქებს ცნობენ. ეს არის იმის გარანტი, რომ ქვეყანას ეკონომიკის განვითარების პერსპექტივა აქვს და ჩვენ უფრო დაცულიც ვხდებით.  ეს ის რეალობაა, როდესაც ერთი ქვეყნისგან განსხვავებით, ჩვენ ყველა გვაღიარებს“, - აღნიშნა პრეზიდენტმა.

კანში გამართულ დაჯილდოვების ცერემონიალზე ამერიკული აკადემიის წარმომადგენლებმა ბათუმი საკმაოდ ორიგინალურად წარადგინეს. პრეზენტაციისას კი, წამყვანმა დამსწრე საზოგადოებას მსოფლიო მედიაში ბათუმთან დაკავშირებით წარმოთქმული ციტატებიც გააცნო: „ბათუმი ისეთი სისწრაფით ვითარდება, რომ ჩინეთსაც სირცხვილით გააწითლებს“ - როგორც ამას ჟურნალი თაიმი წერს. „ეს მშვენიერი ქალაქი ზღვისა და მზის არომატს აერთიანებს, მაგნოლიებსა და აკაციებს. ბათუმი მიმზიდველია წლის ნებისმიერ დროს. ის, ვინც ერთხელ მაინც ეწვევა ამ ქალაქს, საოცარი ენერგიით აივსება და ბათუმზე სამუდამოდ შეყვარებული დარჩება“, - წამყვანმა ამ სიტყვებით დაიწყო ტრადიციული დაჯილდოვების ცერემონია, რომელზეც წლების განმავლობაში საქართველო პირველად მოხვდა ნომინანტებსა და გამარჯვებულთა შორის.

საქართველოს გარდა „ხუთვარსკვლავიანი ბრილიანტის“ მფლობელები მალდივებისა და ლუგანოს წარმომადგენლები გახდნენ. ამერიკული აკადემიის პრიზი მიღწეული წარმატებებისთვის ლეონარდო ფერაგამოს გადაეცა.

ამერიკული აკადემია მსოფლიო ტურისტულ ბაზარზე მოთამაშე წარმატებულ ქვეყნებს, კომპანიებსა და მომსახურეობის სხვადასხვა სექტორის საუკეთესო წარმომადგენლებს აჯილდოვებს. მსოფლიო მასშტაბით ტურისტულ სექტორში ამერიკული აკადემიის ჯილდო ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ პრემიად მიიჩნევა.



ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (12)
2009 (12)
2008 (12)
2007 (12)
2006 (12)
2005 (11)