Google+

რელიზები

11.11.2011
საქართველოს პრეზიდენტმა ლონდონში ქართულ და უცხოურ მედიასთან კომენტარი გააკეთა

დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის შემდეგ, საქართველოს პრეზიდენტმა ქართულ და უცხოურ მედიასთან კომენტარი გააკეთა. მან დევით კამერონთან გამართული შეხვედრის დეტალებზე, მსო-სთან დაკავშირებით გამართული მოლაპარაკებების შედეგებსა და საქართველოში ნატო-ს გენერალური მდივნისა და ჩრდილოატლანტიკური საბჭოს ვიზიტზე ისაუბრა.  

„დევიდ კამერონს აქვს რეფორმების საკუთარი დღის წესრიგი და სწორედ ამიტომ ესმის კარგად ჩვენ მიერ გატარებული რეფორმების დეტალებიც კი. ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი საქართველოს ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანების ძლიერი მხარდამჭერია. ამას ჩვენთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს. დღეს ყველამ მკაფიოდ აღნიშნა, რომ საქართველო უნდა გახდეს ნატოსა და ევროკავშირის წევრი. ეს დიდი გეოპოლიტიკური ცვლილებაა“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა CNN-ის კორესპონდენტთან საუბრისას.     

მიხეილ სააკაშვილმა კიდევ ერთხელ გაიხსენა დევიდ კემერონის მწვავე განცხადება, რომელიც მან 2008 წლის აგვისტოს მძიმე დღეებში გააკეთა. მისი თქმით, დევიდ კამერონის დამსახურებაცაა ის, რომ თბილისში ტანკების ვერ შემოვიდნენ.     

საქართველოს პრეზიდენტი მედიის წარმომადგენლებს საერთაშორისო არენაზე  მიმდინარე იმ უმნიშვნელოვანეს პროცესებზეც ესაუბრა, რომლებიც ჩვენი ქვეყნისთვის გადამწყვეტ ფაზაში შედის.   

„მიმდინარე კვირა ჩვენთვის ძალზე დატვირთულია საერთაშორისო მხარდაჭერის თვალსაზრისით. ამ პერიოდში რუსეთის  მსო-ში გაწევრიანების საკითხთან დაკავშირებით, საქართველოსთვის ძალზე მნიშვნელოვანი საკითხები გადაწყდა. ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტმა ამ გადაწყვეტილებას ისტორიული უწოდა, რადგან საქართველოს საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებზე პირველად დადგებიან საერთაშორისო დამკვირვებლები. ეს ჩვენთვის, მართლაც, გარღვევაა უკეთესობისკენ.

შემდეგი მნიშვნელოვანი მოვლენა თბილისში ჩრდილოატლანტიკური საბჭოს მეორე სხდომა იყო. ამ საბჭოს შემდეგ შეხვედრაზე პირადად მიმიწვიეს. ასევე გადაწყდა, რომ ჩიკაგოში გაიმართება ნატო-საქართველოს კომისიის ცალკე სხდომა, როგორც ამ სამიტის ძალზე მნიშვნელოვანი ნაწილი.   

მთავარი, რაც ახლა იცვლება ეს არის ვითარება, რომელზეც 4-3 წლის წინათ ოცნებაც არ შეგვეძლო - საქართველო აუცილებლად გახდება ნატო-სა და ევროკავშირის წევრი. გუშინ ბათუმში ყველა ელჩი ამას იმეორებდა, ამას ამბობენ აქ, ლონდონში და ძალიან ბევრ მნიშვნელოვან ცენტრში მსოფლიოს მასშტაბით. ეს უკვე რეალობაა და იმ ქვეყნის შევიწროება, აფეთქება ან სწორი გზიდან გადაყვანა, რომელიც, პრაქტიკულად, ნატო-სა და ევროკავშირის დეფაქტო კანდიდატია (ნატო-ს უკვე დე-იურე და ალბათ,  ევროკავშირის მხრივაც მივალთ ამ ეტაპამდე), ძალიან ძნელია თუნდაც იმ ძალისთვის, რომელიც ამას ამდენი წელია ცდილობს. საქართველო ასე ახლოს არასდროს ყოფილა დასახულ მიზანთან - ის უკვე დამკვიდრდა ევროპაში. შემთხვევითი არ არის, რომ ჩვენი ქვეყანა საფრანგეთსა და ამერიკის შეერთებულ შტატებში შიდა პოლიტიკური დებატების ნაწილი ხდება. საქართველო რომელიღაც შორეული ქვეყანა კი არა, ევროპასა და ამერიკის შეერთებულ შტატებში მიმდინარე მოვლენების განმსაზღვრელი ფაქტორი გახდა. იცით, რომ ომის შემდეგ საქართველოს იზოლაციის მცდელობა იყო და ამისათვის დაშინებისა და მოსყიდვის გზასაც არ ერიდებოდნენ.  მთავარი, რითიც საქართველომ ყველაფერი დაძლია არის ის, რომ მართლაც წარმოუდგენლი ტემპით დავიწყეთ განვითარება და სულ სხვა ენერგია, გამძლეობა და სიმტკიცე შევიძინეთ“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა. 



ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (12)
2009 (12)
2008 (12)
2007 (12)
2006 (12)
2005 (11)