რელიზები
10.11.2011
ბათუმში ჩრდილოატლანტიკური საბჭოს სხდომა გაიმართა
ჩრდილოატლანიკური საბჭოს სხდომა, რომელიც დღეს ბათუმში გაიმართა, საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა და ნატო-ს გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა გახსნეს. მისასალმებელ სიტყვაში, გენერალურმა მდივანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ნატო მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და არასდროს არ აღიარებს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონების დამოუკიდებლობას. მისი თქმით, კვლავაც ურყევია 2008 წლის ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილება და საქართველო აუცილებლად გახდება ნატოს წევრი. როგორც ანდერს ფოგ რასმუსენმა განაცხადა, ჩრდილოატლანტიკური საბჭოს საქართველოში ვიზიტი ნათელი დემონსტრაციაა იმ ვალდებულებისა, რომელიც ნატო-ს საქართველოს წინაშე აქვს. მან ასევე აღნიშნა, რომ საქართველო ალიანსის სტრატეგიული პარტნიორია და ჩვენი ქვეყანა ისევე მნიშვნელოვანია ნატო-თვის, როგოც ნატო საქართველოსთვის.
ჩრდილოატლანიკური საბჭოს წევრებმა მადლობა გადაუხადეს მიხეილ სააკაშვილს საქართველოს მიერ ალიანსის ოპერაციებში შესრულებული უმნიშვნელოვანესი როლისთვის და იმ ვალდებულებისთვის, რომელიც ჩვენმა ქვეყანამ ევროატლანტიკური უსაფრთხოების მხრივ იკისრა. მათ ასევე აღნიშნეს ის უდიდესი პროგრესი, რომელიც საქართველომ ალიანსში გაწევრიანების გზაზე განიცადა.
მიხეილ სააკაშვილმა, თავის მხრივ, ნატო-ს წევრი ქვეყნების წარმომადგენლებს მადლობა გადაუხადა მხარდაჭერისთვის და აღნიშნა, რომ საქართველო არასდროს არ ყოფილა ნატო-სთან ისე ახლოს, როგორც დღეს არის.
ჩრდილოატლანტიკური საბჭოს სხდომას ალიანსის წევრი 28 ქვეყნის ელჩები და საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.