რელიზები
04.05.2011
საქართველოსა და ლიტვის პრეზიდენტებმა ძველი თბილისის ქუჩებში გაისეირნეს
საქართველოს პრეზიდენტმა დღეს ლიტველ კოლეგას ძველი თბილისი დაათვალიერებინა. პრეზიდენტებმა შავთელის ქუჩაძე მარიონეტების თეატრის წინ მდებარე მოედანი და ახალი კოშკი მოინახულეს. თეატრთან მათ გამოჩენილი ქართველი ხელოვანები გია ყანჩელი და რეზო გაბრიაძე დახვდნენ, რომლებიც მიხეილ სააკაშვილმა ლიტვის პირველ პირს პირადად წარუდგინა. დალია გრიბაუსკაიტემ მარიონეტების თეატრიც ნახა. ამის შემდეგ, პრეზიდენტებმა შარდენის ქუჩაზე გადაინაცვლეს. საეირნობისას, მიხეილ სააკაშვილმა ლიტვის პრეზიდენტს თბილისის რეაბილიტირებული ძველი უბანი დაათვალიერებინა და სამახსოვრო ფოტოებიც გადაიღო.
ლიტვის პირველმა პირმა ვიზიტის მეორე დღე საბჭოთა ოკუპაციის მუზეუმის დათვალიერებით დაიწყო. იგი დამოუკიდებელი საქართველოს ბოლშევიკური რუსეთის მიერ ოკუპაცია ანექსიისა და ანტისაოკუპაციო, ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ისტორიის ამსახველ მნიშვნელოვან დოკუმენტურ და ფოტომასალას გაეცნო. დალია გრიბაუსკაიტემ იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოც მოინახულა, სადაც ლიტვისა და იაპონიის მთავრობათა ხელშეწყობით, საქართველო ჩვილთა დახმარების პროგრამას ახორციელებს. მოგვიანებით, იგი მცხეთასაც ესტუმრა და ჯვრის მონასტერი და სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარი დაათვალიერა.
მცხეთიდან ლიტვის პრეზიდენტი აეროპორტში გაემგზავრა, სადაც მიხეილ სააკაშვილმა და დალია გრიბაუსკაიტემ ერთობლივი ბრიფინგი გამართეს. ლიდერებმა ყურადღება გაამახვილეს საქართველოს ორი ქვეყნის ურთიერთობისა და თანამშრომლობის გაღრმავებაზე. ჟურნალისტებთან საუბრისას, დალია გრიბაუსკაიტემ კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს, ასევე საქართველოს მისწრაფებას გაწევრიანდეს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში.
ლიტვის პრეზიდენტმა ორდღიანი ოფიციალური ვიზიტი საქართველოში დღეს დაასრულა.