ბათუმში, სახალხო სეირნობას დღეს საქართველოს პრეზიდენტიც შეუერთდა და ბათუმის ქუჩებში აჭარის ხუთივე რაიონის წარმომადგენლებს ახალი წლის დადგომა მიულოცა. მიხეილ სააკაშვილმა ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად გიგანტური, შვიდმეტრიანი აჭარული ხაჭაპური დააგემოვნა, აჭარული ღვინო დააჭაშნიკა და ტრადიციული კერძებიც გასინჯა. მიხეილ სააკაშვილი ადგილობრივ მოსახლეობას გაესაუბრა და მათ სამომავლო გეგმებზე ესაუბრა. მისი თქმით, 2011 წელს მშენებლობები არა მარტო ბათუმში, არამედ მთელი აჭარის, მათ შორის, მაღალმთიანი აჭარის მასშტაბითაც გაგრძელდება, ზღვისპირა ქალაქი კიდევ უფრო ლამაზი და თანამედროვე გახდება, ხოლო ახალი საწარმოების წყალობით, ხალხს სამუშაო ადგილები გაუჩნდება.
„შარშან აჭარაში შენება დაგვებედა. ჩვენ წელსაც სერიოზული გეგმები გვაქვს, უპირველესად, ბათუმში, სადაც ბევრად უფრო დიდი მშენებლობები იწყება. ჩვენ ვაშენებდით 20 და 30 სართულიან ბათუმს, ახლა კი 40-50-60 სართულიანი ბათუმის მშენებლობას ვიწყებთ. წელს აქ ასევე ახალი ქართული ტექნოლოგიური უნივერსიტეტის მშენებლობას ვიწყებთ, რომელიც იქნება საქართველოს პასუხი 21-ე საუკუნეს. ეს იქნება სტანდარტი მთელი რეგიონისთვის და განათლებაშიც, ისევე როგორც ბევრ სხვა სფეროში, ჩვენ მისაბაძი მაგალითი გავხდებით. ამას გარდა, მაღალმთიან აჭარაში წელს ვიწყებთ სთხილამურო და საზაფხულო კურორტების მშენებლობას, ისევე როგორც გაგრძელდება ქობულეთის ეკონომიკური ზონის შენება და განვითარება. აჭარაში ასევე ახალი წარმოებები გაიხსნება, რაც უზრუნველყოფს ხალხის დასაქმება. უკვე ძალიან ბევრი წინადადება და კონკრეტული გეგმები გვაქვს და ამისთვის კონკრეული სამუშაოც შევასრულეთ. ქუთაისში ზემასშტაბური მშენებლობა მიმდინარეობს, ბათუმის საზღვაო ზოლს, როგორც ჩვენი მშვენება - ანაკლია დაემატება, რამდენიმე ათეულ მილიონს დავხარჯავთ იმისათვის, რომ მესტია საქართველოს ერთ-ერთ სასწაულად და მსოფლიო მასშტაბის კურორტად იქცეს. ყოველივე ამასთან ერთად, აჭარა ძალიან ლამაზად ჯდება. მართალია, აჭრული ხაჭაპურის მეტრაჟი აქ ყოველწლიურად იზრდება, მაგრამ ამ ხაჭაპურის ზრდის ტემპი ბათუმისა და აჭარის ზრდის ტემპს ვერ დაეწევა. ამ წუთებში ბათუმიდან მესტიის მიმართულებით რეისი სრულდება და ეს რეგულარული მოვლენა გახდება ჩვენს რეალობაში", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა ადგილობრივებთან საუბრისას.
მიხეილ სააკაშვილმა, ჭარაში ღვინის კულტურის განვითარებაზეც ისაუბრა. პრეზიდენტის თქმით, ქედაში მალე ღვინის სახლი გაიხსნება და აქაურობა მეორე სიღნაღი გახდება.
„მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო წითელი ღვინო გვაქვს, მაგრამ თეთრ ღვინოში გვიჭირდა-ხოლმე. ეს იქნება მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო თეთრი ღვინო. წელს ლევანთან ერთად უცხოელი ტექნოლოგები ჩამოგვყავს. იწყება ღვინის პატარა ქარხნის მშენებლობაც. ქედა სიღნაღის მსგავსად მოეწყობა. ეს დიდი ხნის გეგმაა და წელს ამ გეგმის განხორციელებას შევუდგებით. ერთი სიტყვით, აჭარას თავისი ღვინის მინი „კახეთისა" და „რაჭის" ზონა ექნება, ღვინის შატოთი, მარნით, შესაძლოა, გვირაბით და უცხოელი ტექნოლოგების მიერ დაყენებული უმაღლესი ხარისხის ადგილობრივი - ქართული ღვინით. ამ ხარეში ყველაფერი უნდა იყოს. აქ არის არა მარტო ზღვა, არამედ ბევრი სხვა პოტენციალიც - უკვე ვაშენებთ უმაღლესი დონის სათხილამურო კურორტს, განვავითარებთ მეღვინეობის ზონას, გვაქვს მინერალური წყლები, საუცხოო ბუნება და ყველაფერი ის, რაც ეკონომიკას შეეხება. ადამიანს აქედან შორს წასვლა არ უნდა უნდოდეს - ყველაფერი ადგილზე უნდა იყოს. ამ მხრივ, წელს ნამდვილი გარღვევა გვექნება - უკვე გავდივართ ბათუმიდან და ამ პატარა, მაგრამ ძალიან ლამაზ კუთხეში ყველა შესაძლო რესურსს გამოვიყენებთ, რაც ადრე არასდროს მომხდარა", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
ახალი წელი პრეზიდენტმა ხოლოელებსაც მიულოცა და აღნიშნა, რომ ხულოს განვითარება მისთვის ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც აჭარისა და დანარჩენი საქართველოს ნებისმიერი ადგილის.
„ჩემს ხულოელებთან შეხვედრა ყოველთვის ძალიან მიხარია. ცოტა ხნის წინ სწორედ ხულოელ დეპუტატებთან და გამგებელთან ვლაპარაკობდი იმის შესახებ, რომ წელს ხულოს განვითარებას ვიწყებთ. იმას გარდა, რომ იქ დიდი კურორტის მშენებლობა იწყება, გაჩნდა პერსპექტივა, რომ წელს თუ არა, მომავალ წელს მაინც შევაერთოთ ადიგენთან ხულო. ეს იმას ნიშნავს, რომ ეს ადგილი ჩიხი აღარ იქნება და ტურიზმი ამ მიმართულებითაც განვითარდება, მით უმეტეს, რომ ჯავახეთის მიმართულებით ახალი გზა გაიხსნა. ჯავახეთიდან ხალხი ხულოს გავლით ჩავა ბათუმში, რაც იმას ნიშნავს, რომ იქაურობა წარმოუდგენლად გამოცოცხლდება. ამას გარდა, სამთო კურორტს, რომელსაც ხულოში ვაკეთებთ, დასჭირდება პროდუქტებით მომარაგება, რაც ადგილობრივთა შემოსავლის წყაროდ იქცევა. ბევრი იქ სასტუმროებსაც გახსნის, ააშენებს, დააკომპლექტებს და გამდიდრდება. მეორე მხრივ კი, ეს გახდება სატრანზიტო პუნქტი, სადაც სომხეთიდან თუ თურქეთიდან მომავალი ასობით ათასი ტურისტი გაივლის. ამით, ხულოს ბევრად მეტი შემოსავალი გაუჩნდება. ყოველივე ეს ინფრასტუქტურის განვითარებას მოყვება. ეს გეგმა ლევანს დიდი ხნის გაწერილი აქვს და ყველაფერს გრაფიკის შესაბამისად გავაკეთებთ. ასე რომ, ყველა დაპირება სრულდება", - აღნიშნა პრეზიდენტმა.
მიხეილ სააკაშვილი ქობულეთელ ფეხბურთელ ჯანო ანანიძესაც გაესაუბრა და ახალ წელთან ერთად მას წარმატება მიულოცა. მომავალი წარმატებების მისაღწევად, პრეზიდენტი ფეხბურთელს ბათუმში თანამედროვე ოლიმპიური სტანდარტების შესაბამისი სტადიონის აშენებას დაპირდა.
ქვეყნის პირველი პირი წარმოშობით ქართველ მომღერალ ბაიარ შაჰინსაც შეხვდა და საზღვრის მიღმა მცხოვრები ქართველების დაახლოებაზეც ისაუბრა. მან ყურადღება სარფში საბაჟო გამშვები პუნქტის მშენებლობაზე გაამახვილა და აღნიშნა, რომ გერმანელების მიერ დაპროექტებული საბაჟო-გამშვები პუნქტზე უახლესი ტექნოლოგიებით დაინერგება.
„გუშინდელ ზეიმზე ხალხი გადმოვიდა რიზედან, ტრაპზონიდან, ჩამოსულები იყვნენ მაჭახელადან... ეს იმას ნიშნავს, რომ ბათუმი არა მხოლოდ ჩვენი კუთხის დედაქალაქია, არამედ გახდა რეგიონალური ცენტრი - თუქეთის შავიზღვისპირეთის უმნიშვნელოვანესი ადგილი, რასაც ყოველთვის ვვარაუდობდი. აქ დამატებით ათეულობით მილიონი დამატებით ადამიანი ივლის, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. მაისში ჩვენ აქ ძალიან ლამაზ საბაჟო პუნქტს ვხსნით, რომელიც გერმანელმა არქიტექტორმა დააპროექტა. უმეტესი ხალხი, ვინ ამ საზღვარს კვეთს, არიან ჩვენი თანამემამულეები მეორე მხრიდან. ამდენი წლის განმავლობაში კომუნისტებმა მოქალაქეობრივი, რელიგიური ნიშნებით დაგვაცალკევეს, მაგრამ მთავარი, რაც ჩვენ გვაერთიანებს, არის ჩვენი სისხლი, ჩვენი ქვეყნის პატრიოტიზმი. ამას არავის არ დავუთმობთ", - აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.
საქართველოს პრეზიდენტმა განახლებულ ბათუმს თვითმფრინავითაც გადაუფრინა, რომელსაც თავად მართავდა.