საქართველოს პრეზიდენტი ქუთაისში მთავრობის სახლის საძირკვლის ჩაყრას დაესწრო. მისი თქმით, მთავრობა ქუთაისში არ გადავა, მაგრამ იქ მუდმივად იქნება მთავრობის წარმომადგენელი. მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, მთავრობის სახლიც ისეთივე ლამაზი და თანამედროვე იქნება, როგორიც საქართველოს პარლამენტის შენობა ქუთაისში. მთავრობის სახლის მშენებლობა მომავლი წლის ნოემბერში დასრულდება. პრეზიდენტმა ასევე კმაყოფილებით აღნიშნა, რომ კონტროლის პალატის წინ შენდება ძალიან ლამაზი და ჰაეროვანი შუშის ხიდი, რომელიც ფეხით მოსიარულეთათვის იქნება განკუთვნილი.
საქართველოს პრეზიდენტმა განახლებული სათაფლია მოინახულა, სადაც, პრაქტიკულად, დასრულდა ახალი ტურისტული კომპლექსის მშენებლობა. განახლებული ტურისტული ბილიკი მიხეილ სააკაშვილმა უმცროსს ვაჟთან ნიკოლოზთან და დედასთან გიული ალასანიასთან ერთად გაიარა. სათაფლიაში რამდენიმე ახალი კომპლექსიც აშენდა, მათ შორის, ამფითეატრი და კაფე; გადაიხურა დინოზავრის ნაკვალევი.
„ქუთაისში მარტო მთავრობის სახლს და პარლამენტს კი არ ვაშანებთ, ეს პროექტი მარტო იმისათვის კი არ არის, რომ აქ გარკვეული რაოდენობის პარლამენტარები ან მინისტრები გადმოვიდენენ სამუშაოდ, ყოველივე ეს იმისთვის კეთდება, რომ მთელი გარემო შეიცვალოს, ხალხს დასაქმების შესაძლებლობა და შემოსავლის წყარო გაუჩნდეს. დასაქმება შეიძლება სხვადასხვაგვარი იყოს - მაგალითად, ისეთი, რომელიც სამუშაო ადგილების შექმნას უზრუნველყოფს, ტურიზმის, საწარმოების, სოფლის მეურნეობის განვითარებას. ამისათვის სათანადო ინფრასტრუქტურა უნდა იყოს. ქუთაისს გარშემო წარმოუდგენელი ტურისტული ინფრასტრუქტურა აქვს იმისათვის, რომ ხალხმა სასტუმროები და კაფები გახსნას, ასეულობით ათასი და მილიონი უცხოელი ტურისტი ჩამოვიდეს. ამას წინათ მარაკეშში ვიყავი. იქაც ზუსტად ისეთივე ბუნება და კლიმატია, როგორიცაა ქუთაისში. მარაკეში მსოფლიო ტურისტული ცენტრია და ამან კიდევ ერთხელ დამარწმუნა, რომ ზუსტად იგივეს გაკეთება შეიძლება ქუთაისში. თუმცა აქ უფრო უკეთესის გაკეთებაცაა შესაძლებელი, რადგან მსგავსი მღვიმეები იქ არ არის. მარაკეშშიც ძალიან კარგი საკვებია, მაგრამ ქუთაისური კერძები საუკეთესოა არა მხოლოდ საქართველოში, არამედ ევროპაშიც. აქ სტუმართმოყვარეობაც საუკეთესო იციან. ისტორიის გრძელი შლეიფი მოგვყვება, ამიტომ ყოველივე ამას კაპიტალიზაცია, გაფრთხილება სჭირდება არა მარტო იმიტომ, რომ ჩვენ გვიხაროდეს და ჩვენ თვალს ახარებდეს, არამედ იმიტომ, რომ ჩვენი ქვეყნისათვის და თითოეული ოჯახისათვის რომელიც აქ ცხოვრობს, შემოსავალი მოიტანოს. ეს არის ქუთაისის მეორე დედაქალაქად გადაკეთების არსი", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
სათაფლისის რეაბილიტაციის პროექტი BP-მ და გარემოს დაცვის სამინისტრომ განახორციელეს და მასზე 6 მილიონ 700 ათასი ლარი დაიხარჯა. მიხეილ სააკაშვილმა პირადად გადაუხადა მადლობა „BP საქართველოს" გენერალურ მენეჯერს ნილ დანს, რომელიც პრეზიდენტს სათაფლიის დათვალიერებისას შეუერთდა.
„ასეთ ადგილებში ყოველდღე დავდივარ. მინდა საჯაროდ გადაგიხადოთ მადლობა იმისთვის, რაც გააკეთეთ. ჩვენ თანამშრომლობის ორი შესანიშნავი მაგალითი გვაქვს: ერთი ბორჯომის პარკია, მეორე კი - ეს. ამას გარდა, უამრავი რამ გაკეთდა, მაგალითად, საავადმყოფოები, შესრულდა საზოგადოებრივი სამუშაოები. თუმცა, ბუნების დაცვის თვალსაზრისით, ეს ორი პარკი გამორჩეულია და ნამდვილად ხალხს ემსახურება. კიდევ ერთხელ გიხდით მადლობას", - აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა მასთან საუბრისას.
კომპლექსი სრულად 10 დღეში გაიხსნება.
მიხეილ სააკაშვილმა თიბისი ბანკის ქუთაისის ფილიალის მშენებარე ოფისიც მოინახულა და ოპერის თეატრში მიმდინარე სამშენებლო სამუშაოებიც დაათვალიერა.