რელიზები
05.05.2005
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა რესპუბლიკის მოედნის რეკონსტრუქციის პროექტები დაათვალიერა
დღეს საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მთავრობის წარმომადგენლებთან ერთად სასტუმრო "მერიოტში" რესპუბლიკის მოედნის რეკონსტრუქციის ხუთ პროექტს გაეცნო. ჟურნალისტებთან საუბრისას მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ 2007 წლის დამდეგს რესპუბლიკის მოედანი სრულიად განახლებული, თანამედროვე და ევროპული სტანდარტების შესაბამისი უნდა იყოს. პრეზიდენტი ძველი თბილისის რეკონსტრუქციის საკითხსაც შეეხო და აღნიშნა, რომ დედაქალაქის ეს ნაწილი ტურისტულ ცენტრად უნდა იქცეს, რადგან ევროპული ქალაქების მსგავსად, თბილისშიც უნდა არსებობდეს ადგილი, სადაც ფეხით სეირნობა შესაძლებელი იქნება. "ძალიან მახარებს, რომ ახალი შენობები შენდება და ამას ხელი უნდა შევუწყოთ", - აღნიშნა მან.
საქართველოს პრეზიდენტმა კომენტარი აღლუმთან დაკავშირებითაც გააკეთა და თქვა, რომ ერთ წელიწადში საქართველოს არმია რაოდენობრივად მკვეთრად გაიზარდა და მნიშვნელოვნად გაძლიერდა.
"გული სიამაყით მევსება, როდესაც ჩვენს ჯარისკაცებს, წვევანდელებს და განსაკუთრებით ჩვენს რეზერვისტებს ვხედავ", - აღნიშნა პრეზიდენტმა და დასძინა, რომ ქართული ჯარი, მართალია, პატარა, მაგრამ ევროპული, მოდერნიზებული და დისციპლინირებული გახდა.
"ჩვენ მართლაც ევროპული, ცივილიზებული ქვეყანა ვართ და ჯარი მისი ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის მასმედიასთან და
საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური