Google+

რელიზები

13.11.2007
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საჯარო სკოლების დირექტორებსა და პედაგოგებს შეხვდა

დღეს საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი №51 საჯარო სკოლას ესტუმრა, სადაც თბილისის საჯარო სკოლების დირექტორებსა და პედაგოგებს შეხვდა. შეხვედრაზე, უწინარეს ყოვლისა, მიხეილ სააკაშვილი ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს შეეხო. მან აღნიშნა, რომ 1991 წლის მოვლენებისგან განსხვავებით, ამჟამად ხელისუფლების, პარლამენტისა და სხვა სახელმწიფო სტრუქტურების წარმომადგენლები კონსოლიდირებულები იყვნენ, რაც, თავის მხრივ, ქვეყანაში წესრიგისა და სტაბილურობის შესანარჩუნებლად უპირველესი პირობაა.

"მოაღალატეები ყოველთვის იყვნენ და იქნებიან. მთავარია ის, თუ როგორი რეაქცია ექნება საზოგადოებას მათი მისამართით. ყველამ დავინახეთ, რომ პარლამენტმა გამოაცხადა სრული კონსოლიდაცია და არ დაშლილან ისე, როგორც ეს 1991 წელს მოხდა. ახლა პასუხიმგებლობის გრძნობა უნდა გვქონდეს არა შიდა პოლიტიკური ჯგუფისა ან კერძო დებატების მიმართ, არამედ საქართველოს გადარჩენისა და მომავლის მიმართ[...] სახელმწიფო, უპირველესად, ვალდებულია ყველა მოქალაქის უსაფრთხოება უზრუნველყოს, არასანქცირებული ყველა სახის ქმედება და ძალადობა აღკვეთოს და ძველ მდგომარეობაში დაბრუნების საშუალება არავის მისცეს[...] უკან დასაბრუნებელი გზა აღარ გვაქვს[...]საქართველოში არავინ არ უნდა დააყენოს პირადი ამბიცია საკუთარ ქვეყანაზე მაღლა, მათ შორის, არც საქართველოს პრეზიდენტმა. ამიტომ არჩევნები 5 იანვარს გაიმართება და ქართველმა ხალხმა უნდა გადაწყვიტოს ვინ იქნება მისი შემდეგი პრეზიდენტი", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტმა ყურადღება გაამახვილა პედაგოგთა მნიშვნელობაზე და სწორედ პედაგოგთა დამსახურებად მიიჩნევს იმას, რომ სკოლებში საშუალო განათლების დონე ურთულესი პირობების მიუხედავად, შენარჩუნებულია. თუმცა ისიც აღნიშნა, რომ პედაგოგთა პირობები, მიუხედავად იმისა, რომ სკოლებში ბევრი რამ გაკეთდა, არ გაუმჯობესებულა, რაც სასწრაფოდ უნდა გამოსწორდეს.

"მე უკვე გავეცი განკარგულება, რომ დეკემბრიდან პედაგოგთა მინიმალური ხელფასი, მთელი საქართველოს მასშტაბით, გახდეს 200 ლარი. ასევე მივიღეთ გადაწყვეტილება, რამდენი პროცენტითაც გაიზრდება დაფინანსება სკოლების რემონტებისათვის, სამჯერ მეტად გაიზარდოს პედაგოგთა მატერიალური უზრუნველყოფა. რემონტი არ არის მთავარი, რადგან მხოლოდ კედლებით ვერაფერს გავხდებით, ჩვენთვის მთავარი ადამიანური რესურსებია", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა. მან ისიც აღნიშნა, რომ არც ეს თანხაა პედაგოგის შრომის შესაბამისი ანაზღაურება, თუმცა მისი თქმით, ეს მხოლოდ დასაწყისია და პროცესი კვლავაც გაგრძელდება.

ქვეყნის პირველმა პირმა საავადმყოფოების თემაც წამოჭრა და აღნიშნა, რომ ამ დაწესებულებებში ყველას უნდა შეეძლოს მკურნალობა. ხოლო იმისათვის, რომ ადამიანმა ექიმს მიმართოს, მთელ რიგ შემთხვევებში საკმაოდ დიდი თანხაა საჭირო. პრეზიდენტის თქმით, ამიერიდან პედაგოგებზეც გავრცელდება ის შეღავათი, რომლითაც ჩვენი პოლიციელები, ჯარისკაცები, ოფიცრები სარგებლობენ - საქართველოს ყველა პედაგოგი მიიღებს სახელმწიფო სამედიცინო დაზღვევის სრულ პაკეტს - "პედაგოგმა უნდა იცოდეს, რომ მისი ჯანმრთელობის უზრუნველსაყოფად არის სახელმწიფო დაზღვევა".

პრეზიდენტი მასწავლებლებს დაპირდა, რომ სახელმწიფო განაგრძობს სკოლების აღჭურვას თვალსაჩინოებით, აპარატურით და სხვა საჭირო ინვენტარით. ასევე მან მასწავლებელთა კვალიფიკაციის ამაღლების თაობაზეც ილაპარაკა.

"ჩემი მთავარი ამოცანაა, ადრეც მითქვამს და მსურს გავიმეორო, რომ საქართველო ეფუძნებოდეს მცოდნე საზოგადოებას. მსურს ჩემი ქვეყანა სანიმუშო, ცოდნისა და ხალხის კვალიფიკაციის, განათლებისა და განათლებული ადამიანების სამშობლო იყოს. ბუნებრივია, განთლებული ადამიანების დაფასება განმანათლებელთა დაფასებასა და მათ ზეხარისხში აყვანას ნიშნავს", - აღნიშნა ქვეყნის პირველმა პირმა.

მიხეილ სააკაშვილი კონფლიქტების თემასაც შეეხო. მისი თქმით, წინასაარჩევნო ბატალიების პერიოდში ბევრი შეეცდება საქართველოში შექმნილი ვითარება თავისი მიზნების მისაღწევად და საკუთარი ინტერესების სასარგებლოდ გამოიყენოს. თუმცა საქართველოს პრეზიდენტი ამის გაკეთებას არავის არ ურჩევს.

"გუშინ მოსკოვის მერმა იური ლუჟკოვმა განაცხადა, რომ რუსეთმა აფხაზეთის დამოუკიდებლობა უნდა აღიაროს და ეს დღის განმავლობაში რუსი პოლიტოლოგების განსჯის ძირითადი თემა იყო. უნდა გითხრათ, რომ გუშინვე აფხაზეთში ოჩამჩირის სადგურზე ჩამოდგა მატარებელი რამდენიმე ათეული T-72 ტანკითა და არტილერიული მოწყობილობებით, რაც რუსეთს ბოლო წლების განმავლობაში აღარ გაუკეთებია - მან აფხაზეთში იარაღი შემოიტანა. დღეს დილით რამდენიმე ათეული ავტობუსით რუსეთიდან შემოვიდნენ ჩეჩენი ეროვნების მებრძოლები, გადმოკვეთეს ფსოუს საზღვარი და განლაგდნენ ოჩამჩირისა და გალის რაიონებში. მსურს ის გითხრათ, რასაც ახლა პირველად ვიტყვი: შარშან, მინსკის სამიტის დროს, პრეზიდენტმა პუტინმა სრულიად კონკრეტულად განმიცხადა, რომ რუსეთი აფხაზეთში ახალ კვიპროს მოგვიწყობს[...] მინდა ვუთხრა რუსებს და სხვებს: საქართველო თქვენ ვერ გაყავით და ვერც გაყოფთ. იმიტაცია იმისა, რომ საქართველო გაყოფილია და დასუსტებული, მოახერხეთ და საერთაშორისო ზიანი, უდავოდ, მოგვაყენეთ, მაგრამ რეალურად ამ ტერიტორიის გაყოფა არასოდეს არ მოხდება. საქართველოს სახელმწიფო, საქართველოს სამართალდამცავი და უსაფრთხოების სტრუქტურები მთლიანადაა მობილიზებული იმისათვის, რომ აფხაზეთი და ცხინვალი ვერასდროს ვერავინ ვერ წაგვართვას. რამდენიც მებრძოლიც არ უნდა შეიმოყვანონ და რამდენი იარაღიც არ უნდა შემოიტანონ, ჩვენ ბევრად მეტი საშუალებები გვაქვს. ყველას მოვუწოდებ, რომ არ გამოიყენონ საქართველოში წინასაარჩევნო პერიოდი რაიმე სახის პროვოკაციების მოსაწყობად. საქართველო ისეთ მდგომარეობაში არასოდეს არ იქნება, რომ ჩვენი ქვეყნის ხელისუფლებას პროვოკაციაზე შესაბამისი პასუხის გასაცემად მოტივაცია და ეფექტიანობა აკლდეს[...] თუ ამ პერიოდში ლუჟკოვს და მისნაირებს აქვთ ილუზია, რომ მათი საუკუნოვანი ოცნება ახდება და შავი ზღვის კიდევ 230 კილომეტრს შეიერთებენ, როგორც პეტრე პირველმა შემოიერთა ბალტიის ზღვა, ძალიან ცდება. სოხუმი არის ჩემი სახლი, ეს ყველამ კარგად დაიმახსოვროს და ვიდრე ამ სახლს არ დავიბრუნებ, სხვადსხვა ეთნიკური წარმომავლობის მქონე 400 ათასზე მეტ მოქალაქესთან ერთად, ამას არ შევეგუები და ვერც მოვითმენ. ამას საქართველოში არავინ არ შეეგუება და არ მოითმენს. მაგრამ თუ ვინმე მეორე მხარესაა ასეთი მოუთმენელი, ის საქართველოს აფთრად ქცეულ დამცველებს წააწყდება. ეს ყველამ კარგად დაიმახსოვროს. ეს არის საკითხი, რომელიც ყველა სხვა საკითხთან ერთად, ძალიან მაღელვებს" - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

მისასალმებელი სიტყვის შემდეგ მიხეილ სააკაშვილმა პედაგოგების მიერ დასმულ ყველა კითხვას გასცა პასუხი. მათ ისაუბრეს, როგორც განათლების სისტემაში მიმდინარე რეფორმებზე, ისე მეცნიერებაზე, ქართულ ჯარზე და სხვა საჭირბოროტო საკიღხებზე. ასევე ყურადღება იმ მოსწავლეებზე გამახვილდა, რომლებიც სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი ოჯახებიდან არიან. მიხეილ სააკაშვილმა სკოლების მესვეურებს მათი სიების წარმოდგენა, ხოლო განათლების მინისტრს ამ მოსწავლეების სასკოლო ნივთებით აღჭურვა დაავალა.

24 საჯარო სკოლის დირექტორმა გია მურღულიამ პრეზიდენტს საჩუქრად მსოფლიოს რჩეული მოთხრობების პირველი ორი ტომი გადასცა. მისი თქმით, მსოფლიოს რჩეული მოთხრობები ხუთ ტომად გამოვა, ხოლო ამ ფაქტს მნიშვნელოვნად იმიტომ მიიჩნევს, რომ მისი გამოცემის იდეა სწორედ 24 სკოლაში დაიბადა.

საქართველოს პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მსგავსი შეხვედრები უფრო ხშირად უნდა მოეწყოს, რადგან მიაჩნია, რომ პრობლემური საკითხების გადაჭრისა და ახალი იდეების განხორციელების გზების მოძებნა ერთობლივად უფრო მოსახერხებელია.


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (12)
2009 (12)
2008 (12)
2007 (12)
2006 (12)
2005 (11)