რელიზები
10.12.2007
საქართველოს პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ნინო ბურჯანაძე ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) პრეზიდენტს, კენეტ უოლაკს შეხვდა
საქართველოში 2008 წლის 5 იანვარს გასამართი საპრეზიდენტო არჩევნები და მასთან დაკავშირებული საკითხები იყო საქართველოს პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის, ნინო ბურჯანაძისა და ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) პრეზიდენტის, კენეტ უოლაკის შეხვედრის ძირითადი სასაუბრო თემა.
ნინო ბურჯანაძემ და კენეტ უოლაკმა წინასაარჩევნო კამპანიისა და არჩევნების პროცესში საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენელთა მაქსიმალურ ჩართვაზე და დამკვირვებელთა რაოდენობის გაზრდის მნიშვნელობაზე ისაუბრეს. საქართველოს პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა აღნიშნა, რომ ყველა შესაძლებლობას იყენებს იმისათვის, რომ არჩევნებს რაც შეიძლება მეტი დამკვირვებელი დაესწროს.
ნინო ბურჯანაძის განცხადებით, წინასაარჩევნო კამპანიისას ყველა საპრეზიდენტო კანდიდატი თანაბარი უფლებებით სარგებლობს, რაც სრულიად ბუნებრივი მოვლენაა.
შეხვედრაზე აღნიშნეს, რომ ხელისუფლებამაც და ოპოზიციამაც ერთობლივად უნდა გაიზიარონ პასუხისმგებლობა, რათა საპრეზიდენტო არჩევნები ქვეყანაში დემოკრატიულად და გამჭვირვალედ ჩატარდეს.
საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამსახური