Google+

რელიზები

15.12.2007
საქართველოს პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ნინო ბურჯანაძე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებს შეხვდა

"მადლობელი ვარ, რომ თქვენ ღირსეულად გადალახეთ ყველა ის სირთულე, რომელიც გარდამავალ პერიოდთან იყო დაკავშირებული. ჩვენ, ჩვენი მხრიდან ვეცდებით, რომ უნივერსიტეტმა მეტი ყურადღება იგრძნოს ხელისუფლების მხრიდან",- განაცხადა საქართველოს პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, ნინო ბურჯანაძემ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებთან გამართულ შეხვედრაზე.

შეხვედრაზე პროფესორ-მასწავლებელთა ინიციატივით განსაკუთრებული ყურადღება დაუთმეს უნივერსიტეტის ავტონომიის საკითხის განხილვას.

"თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი უნდა იყოს დამოუკიდებელი და ავტონომიური ერთეული. ჩვენ, როდესაც კანონს ვიღებდით, ბუნებრივია, ვითვალისწინებით არსებულ პრაქტიკას და იმ ავტორიტეტს, რომელიც სახელმწიფო უნივერსიტეტს გააჩნია. დარწმუნებული ვარ, უნივერსიტეტი შეძლებს მის წინაშე არსებული საკითხების გადაჭრას", - აღნიშნა ნინო ბურჯანაძემ.

შეხვედრაზე იმსჯელეს ფაკულტეტების გაერთიანების საკითხზე და ბოლონიის პროცესის როლზე უნივერსიტეტში მიმდინარე პროცესებთან მიმართებაში. ასევე, სახელმწიფოს მიერ უნივერსიტეტის დაფინანსების საკითხზე.

პროფესორ-მასწავლებლებმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილეს ქართველოლოგიური დარგების განვითარების მნიშვნელობაზე და ამ მიმართებით ხელისუფლების მხრიდან აქტიურ მხარდაჭერაზე.

იმსჯელეს უმაღლეს სამედიცინო განათლებაზე, რომელიც ბოლონიის პროცესთან შეერთების შემდგომ, საუნივერსიტეტო განათლების წიაღში შევიდა. აღინიშნა, რომ უმაღლესი სამედიცინო განათლება საუნივერსიტეტო კლინიკის სპეციფიკის გარეშე წარმოუდგენელია.

"ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ სახელმწიფო უნივერსიტეტის სამკურნალო-დიაგნოსტიკური ცენტრის პრივატიზაცია არ მოხდეს", - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

შეხვედრაზე სახელმწიფოს მხრიდან ფუნდამენტური მეცნიერების მხარდაჭერის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

"ხელისუფლების წარმომადგენლებმა თქვენთან ერთად მთავარ პრიორიტეტებზე უნდა ვიმსჯელოთ და ჩვენი ინტელექტუალური პოტენციალი და ქვეყნის შესაძლებლობა ისე შევაჯეროთ, რომ საბოლოოდ სწორი შედეგი მივიღოთ", -აღნიშნა ნინო ბურჯანაძემ.

პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა და უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებმა საქართველოში შექმნილი ვითარება და მიმდინარე პოლიტიკური პროცესები, საქართველო-რუსეთის ურთიერთობები და საქართველოს ტერიტორიაზე არსებული კონფლიქტების მოგვარების გზები განიხილეს.

საქართველოში გასამართი საპრეზიდენტო არჩევნებზე საუბრისას ნინო ბურჯანაძემ აღნიშნა, რომ ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს, რომ არჩევნები სამართლიანად და გამჭვირვალედ ჩატარდეს.

პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა იმედი გამოთქვა, რომ უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებთან მსგავსი სახის შეხვედრები მომავალშიც გაგრძელდება.


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (12)
2009 (12)
2008 (12)
2007 (12)
2006 (12)
2005 (11)