რელიზები
16.12.2007
საქართველოს პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ნინო ბურჯანაძე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა
ნინო ბურჯანაძე იმ არასამთავრობო ადგილობრივი ორგანიზაციების წევრებს შეხვდა, რომლებიც 2008 წლის რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნებზე დამკვირვებელთა სტატუსით არიან წარმოდგენილნი.
შეხვედრას ასევე პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის ინიციატივით შექმნილი უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფის წევრები ესწრებოდნენ.
„მრავალჯერ მითქვამს და მინდა გავიმეორო, რომ ამ ეტაპზე ჩვენი ხელისუფლებისა და პირადად ჩემი მთავარი ამოცანა არჩევნების აბსოლუტურად სამართლიანად და გამჭვირვალედ ჩატარებაა. ამისთვის მზად ვარ ჩემს ხელთ არსებული ყველა ბერკეტი გამოვიყენო. სწორედ ამ მიზანს ემსახურება ჩემი ინიციატივა შექმნილიყო უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფი, რომელიც დაუყოვნებლივ მოახდენს რეაგირებას წინასაარჩევნო პერიოდში და უშუალოდ არჩევნების დღეს აღმოჩენილ ნებისმიერ დარღვევაზე", - განაცხადა შეხვედრაზე ნინო ბურჯანაძემ.
პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებმა არჩევნების პროცესის დემოკრატიულად წარმართვისთვის თანამშრომლობის კონკრეტული სქემები დასახეს. მათი თქმით, არჩევნების საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ჩატარება ქვეყნის ინტერესებშია და მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს მოსახლეობამ რეალურად ირწმუნოს, რომ მათ თითოეულ ხმას აღნიშნულ პროცესში გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.
ნინო ბურჯანაძის ინიციატივით შექმნილ უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფის შემადგენლობაში იუსტიციის მინისტრი ეკა ტყეშელაშვილი, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ეკა ზღულაძე, საგარეო საქმეთა სამინისტროს პოლიტიკური დირექტორი დავით დონდუა და საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ნინო ნაკაშიძე შედიან.
საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამსახური