Google+

რელიზები

06.03.2008
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სამეგრელოს ესტუმრა

დღეს საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სამეგრელოში ჩავიდა.

იგი ზუგდიდის ახლადაშენებულ რესურს-ცენტრს ესტუმრა, სადაც ჯერ პედაგოგებს შეხვდა, შემდეგ კი რაიონების გამგებლებთან და საკრებულოების თავმჯდომარეებთან გამართა შეხვედრა. მიხეილ სააკაშვილი მათ პრობლემებს გაეცნო და ადგილობრივ ხელისუფლებას მთელი რიგი საკითხების გადაწყვეტა დაავალა. გზების გაყვანა, ხელფასების მომატება, სკოლებისათვის დამატებითი ავტობუსების გამოყოფა, სპორტული დარბაზებისა და მოედნების აშენება-გარემონტება, სკოლების კომპიუტერიზაცია და ლოტოტრონების გაუქმება - ეს ის პრობლემებია, რომელთა გადაჭრაც პედაგოგებმა პრეზიდენტს სთხოვეს. თავის მხრივ, პრეზიდენტი მათ მოგვარებას დაპირდა. რაც შეეხება პედაგოგთა ატესტაციას, ისინი მას შესაბამისი სახელმძღვანელოების დარიგებისა და მომზადების შემდეგ გაივლიან.

„ჩვენი პირველი ამოცანა არის ის, რომ განათლების სამინისტრომ მინიმალური 200-ლარიანი ხელფასი დააწესოს. ასევე განსახილველია მასწავლებელთა ატესტაციის საკითხი, რომელიც 2008 წელს უნდა ჩატარებულიყო. ეს პროცესი ჩვენ დროებით შევაჩერეთ და 2009 წლისათვის გადავდეთ. მე ბევრი წერილი მივიღე მასწავლებლებისგან, რომელშიც ატესტაციის მიმართ დამოკიდებულება საკმაოდ კრიტიკული იყო. მსურს, თქვენი აზრი ვიცოდე, არის თუ არა საჭირო ეს ატესტაცია, ან იქნებ სხვა გეგმები გაქვთ? - მითხარით პირდაპირ და პასუხსაც პირდაპირ გაგცემთ", - განუცხადა მათ საქართველოს პრეზიდენტმა.

ზუგდიდიდან მიხეილ სააკაშვილი ფოთში ჩავიდა, სადაც თევზისა და ხე-ტყის გადამამუშავებელი საწარმოები დაათვალიერა. საქართველოს პრეზიდენტმა ჟურნალისტებისთვის მცირე კომენტარიც გააკეთა.

"დღეს ვნახეთ რამდენიმე ახალი, თანამედროვე საწარმო, რომელიც ან გაიხსნა ან გახსნის პროცესშია. იმ საწარმოებში, რომელიც დღეს დავათვალიერეთ ათასამდე ადამიანია დასაქმებული. ეს იმას ნიშნავს, რომ საქართველოს ათას ოჯახში შედის შემოსავალი, ათას ოჯახს აქვს პერსპექტივა და ათას ოჯახს აქვს ცხოვრების უკეთესი პირობები. ეს არის კონკრეტული შედეგი იმ გარემოსი, რომელიც ჩვენ შევქმენით საქართველოში. ვისაც ამის დანახვა სურს, დაინახავს, თუმცა გასაკეთებელი ბევრად მეტია, ხოლო ვისაც - არა, რა თქმა უნდა ვერ დაინახავს", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (12)
2009 (12)
2008 (12)
2007 (12)
2006 (12)
2005 (11)