დღეს საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სახელმწიფო კანცელარიაში პედაგოგებს შეხვდა. განათლების მუშაკები საქართველოს ყველა რეგიონიდან იყვნენ ჩამოსული. შეხვედრაზე პედაგოგებმა სკოლებში არსებულ პრობლემებზე ისაუბრეს და მათი გადაჭრის გზებთან დაკავშირებით, საკუთარი მოსაზრებები გამოთქვეს. შეხვედრის დასასრულს, საქართველოს პრეზიდენტმა შემაჯამებელი სიტყვა წარმოთქვა და მასწავლებლებს პრობლემების მოგვარება აღუთქვა.
„სკოლა არის ფაქიზი სტრუქტურა. იმ დადებით მოვლენებთან ერთად, რომელიც განათლების რეფორმამ მოიტანა, არის ძალიან ბევრი კონკრეტული საკითხი, რომელთა მოგვარებაზეც ერთად უნდა ვიმუშაოთ. ჩვენ გვინდა ხარისხიანი განათლება... თქვენ საზოგადოების ელიტა ხართ. თქვენ ხართ ის ხალხი, რომელიც ახალ საქართველოს ქმნის!" - მიმართა მან დამსწრე საზოგადოებას.
მიხეილ სააკაშვილმა აღნიშნა, რომ გარემონტებული და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი შენობები და უახლესი ტექნიკით აღჭურვილი სკოლები არაფერს მოგვცემს, თუ ყოველმხრივ უზრუნველყოფილი მასწავლებლები არ გვეყოლება. იგი მასწავლებელთა ატესტაციის თემასაც შეეხო და განაცხადა, რომ ატესტაციის ნაცვლად, პედაგოგთა ხელახალი მომზადება და კვალიფიკაციის ამაღლება უნდა მოხდეს. "ატესტაცია არ უნდა იყოს პედაგოგის დასჯის საშუალება", - დასძინა მან.
პრეზიდენტმა სკოლების ლიცენზირების გაუქმების შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ სკოლების აკრედიტაცია ავტომატურად უნდა მოხდეს.
იგი პედაგოგებს ხელფასების ზრდას და ე.წ. მეცამეტე ხელფასის აღდგენასაც დაჰპირდა. როგორც მიხეილ სააკაშვილმა აღნიშნა, საქართველოში ღარიბი მასწავლებელი არ უნდა იყოს. მისივე თქმით, მასწავლებლებისთვის ერთწლიანი ხელშეკრულებების გაფორმების პრაქტიკა უნდა გაუქმდეს - "პედაგოგი სკოლაში არის განუსაზღვრელი ვადით და თუ ადამიანს პენსიაზე სურს გასვლა, მას ღირსეული პენსია უნდა ჰქონდეს. პედაგოგებს უნდა შევთავაზოთ ისეთი პაკეტი, რომ შიმშილისათვის არ იყვნენ განწირული. თქვენი პროფესია დაცული უნდა იყოს ", - აღნიშნა პრეზიდენტმა.
მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ ჯერ კიდევ აღმოსაფხვრელია ბევრი ხელოვნური შეზღუდვა და ბარიერი. პრეზიდენტის თქმით, დღეიდან საქართველოში გაუქმდება სკოლის დირექტორების ლოტოტრონით შერჩევის წესი.
"ლოტო იმიტომ ჰქვია, რომ შეიძლება ათასში ერთხელ გაგიღიმოს ბედმა. ეს გაურკვეველი სისტემა იყო - თამაშობ ადამიანის ბედით, შერჩევის გაუკვეველი სისტემით", - განაცხადა მან.
პრეზიდენტმა განათლების მინისტრ გია ნოდიას რამდენიმე საგანგებო დავალება მისცა. კერძოდ, პედაგოგებს შვებულების პერიოდი კვლავ 48 დღე ექნებათ, ხოლო 24-დღიან შვებულებას, რომელიც პედაგოგებს აქამდე ჰქონდათ, "სისულელე" უწოდა.
მან ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ დღეს ბევრი რამ აბრკოლებს ახალგაზრდებს სკოლებში მუშაობის დასაწყებად. მისი თქმით, ყველა ეს ბარიერი უნდა მოიხსნას, პედაგოგად მუშაობის დაწყება უნდა გამარტივდეს და ახალგაზრდებს სკოლებში მისასვლელად სტიმული უნდა ჰქონდეთ.
მიხეილ სააკაშვილმა აღნიშნა, რომ განათლების სისტემაში ენთუზიაზმისა და პატრიოტიზმისთვის დაფასების განსაკუთრებული მექანიზმი უნდა შემუშავდეს, რათა ქვეყანაში განათლების ხარისხი ძალიან მაღალი იყოს. მანვე განაცხადა, რომ ვაუჩერები, რომელიც მომსახურების პაკეტს წარმოადგენს და პედაგოგებს ურიგდებათ, განათლების სისტემაში მომუშავე ყველა ადამიანს უნდა მიეცეს, როგორც სახელმწიფო, ისე კერძო სკოლებში.
მიხეილ სააკაშვილმა მოსწავლეთა წახალისების აუცილებლობაზეც ისაუბრა.
"მე გთხოვთ მომზადდეს პრეზიდენტის განკარგულება საჯარო სკოლებში ოქროსა და ვერცხლის მედლების აღდგენის თაობაზე", - ეს დავალება პრეზიდენტმა განათლების მინისტრს გია ნოდიას მისცა. მისი თქმით, უნდა არსებობდეს მოწაფეებისთვის წახალისებისა და სტიმულირების გარკვეული სისტემა. მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, შესაძლოა, ოქროს ან ვერცხლის მედლის აღება არანაირად არ უკავშირდებოდეს უმაღლეს სასწავლებელში ჩაბარებისას რაიმე შეღავათებს, მაგრამ მოწაფისათვის თავის გამოჩენის კარგი საშუალება იქნება.
მიხეილ სააკაშვილმა იმაზეც გაამახვილა ყურადღება, რომ შემცირდა ოლიმპიადების რაოდენობა.
"ოლიმპიადების რაოდენობა უნდა გავზარდოთ არა მხოლოდ მოსწავლეებს შორის, არამედ პედაგოგებს შორისაც. მინდა დავაწესო პრეზიდენტის სტიპენდია პედაგოგებისათვის. საუკეთესო პედაგოგი კონკრეტულ წელს და კონკრეტულ თვეში წარმოდგენილი პროექტების მიხედვით უნდა შეირჩეს", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
შეხვედრისას მიხეილ სააკაშვილი სკოლებში უსაფრთხოების ზომების მიღების თემასაც შეეხო. მისი თქმით, მოსწავლეთა შორის გაიზარდა მძიმე დანაშაულის ფაქტები.
"პოლიციური სისტემა და შავი სიები არ უნდა შემოვიღოთ, მაგრამ სკოლაში წესრიგი უნდა დამყარდეს და მშობელს ბავშვის სკოლაში გაშვების არ უნდა ეშინოდეს", - განაცხადა პრეზიდენტმა.
პრეზიდენტმა ასევე ერთიანი ეროვნული გამოცდების შესახებაც ილაპარაკა. მან აღნიშნა, რომ ეს ერთ-ერთი წარმატებული პროექტი იყო, რისთვისაც განათლების სისტემის ყოფილ ხალხმძღვანელებს მადლობაც გადაუხადა.
"ეს ჩემი პრეზიდენტობის პირველ ვადაში მიღწეული დიდი წარმატება იყო", - თქვა მან. თუმცა ისიც აღნიშნა, რომ ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებისათვის მისაღები გამოცდების ჩაბარება უნდა გამარტივდეს და ამის გაკეთება მას აუცილებლად მიაჩნია. მისი თქმით, ეროვნული უმცირესობების ინტეგრირება უნდა მოხდეს.
"ნუ მოვთხოვთ მათ, რომ ქართული ენა და ლიტერატურა იმავე დონეზე ჩააბარონ, როგორც ეს ქართველს მოეთხოვება. დღეს ახალქალაქიდან სასწავლებლად ერევანში მიდიან, მარნეულიდან კი - ბაქოში. ეს ხალხი უნდა ჩამოდიოდეს და საქართველოში სწავლობდეს. ჩვენ უნდა გავამარტივოთ უნარ-ჩვევების ტესტები. ამ თემების ნაწილი ეთნიკური უმცირესობის ენებზე უნდა იყოს. ქართული ენის ჩაბარება გამარტივებული წესით უნდა მოხდეს. თანდათან უნდა შემოვიყვანოთ ეს ხალხი ჩვენთან და არც ერთ შემთხვევაში არ უნდა დავკარგოთ", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
ტესტების გამარტივების საკითხის მოგვარება მან განათლების მინისტრს დაავალა. მისი თქმით, ეს აუცილებელია, რადგან საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში ეთნიკური უმცირესობების რიცხვი თანდათან მცირდება, რაც, პრეზიდენტის შეფასებით, უკან გადადგმული ნაბიჯია.
საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამსახური