Google+

რელიზები

07.05.2008
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა მთავრობის სხდომა ქუთაისში გამართა

დღეს საქართველოს მთავრობის სხდომა ქუთაისში გაიმართა და ის საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გახსნა. მთავრობის გაფართოებულ სხდომას მინისტრების გარდა პრეზიდენტის რწმუნებულებიც ესწრებოდნენ. პრეზიდენტმა ქუთაისის განვითარების ასდღიანი გეგმა წარადგინა. მიხეილ სააკაშვილის გადაწყვეტილებით თბილისიდან რამდენიმე ცენტრალური უწყება, მათ შორის კონტროლის პალატა, საავტომობილო გზების დეპარტამენტი და საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისია, ქუთაისში გადავა. როგორც პრეზიდენტმა განაცხადა, ამ სტრუქტურებში უმეტეს წილად ადგილობრივი მოსახლეობა დასაქმდება. პრეზიდენტის თქმით, ქუთაისში მოსახლეობა 100 პროცენტით უნდა დასაქმდეს. მიხეილ სააკაშვილმა აღნიშნა, რომ უწყებების გადასვლის პროცესი ხვალიდანვე დაიწყება. იგი მიიჩნევს, რომ ცენტრალური უწყებების ქუთაისში გადატანა რეგიონის განვითარებას ხელს შეუწყობს.

საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით საქართველოში წყალმომარაგების გაუმჯობესების და ახალი სისტემების შექმნაზე მომუშავე სახელმწიფო კომისია შეიქმნება, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ლადო გურგენიძე უხელმძღვანელებს. ამავე პროექტის მიხედვით, საქართველოში უცხოელ ექსპერტებს მოიწვევენ. პრეზიდენტის განცხადებით, ქუთაისში და მთელ საქართველოში წყალმომარაგება 24 საათიანი უნდა გახდეს და სანამ ეს არ მოხდება მისი თქმით, მთავრობის წარმატებულობაზე ლაპარაკიც ზედმეტია. მიხეილ სააკაშვილმა მთავრობის წევრებს სთხოვა, რომ მთელი რესურსები ამისკენ მიმართონ.

"ის კრედიტები, რომელსაც საქართველო აიღებს და ახალი ინფრასტრუქტურული პროექტები, ქალაქებსა და სოფლებში წყალმომარაგების გაუმჯობესებას უნდა ემსახურებოდეს", - განაცხადა მან.

მისი თქმით, ქუთაისში წყალი ყოველ მეორე-მესამე დღეს მოდის, თბილისში კი არის უბნები, სადაც წყალმომარაგება დღეში მხოლოდ 5-6 საათით ხდება.

როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში - ფოთში, აჭარაში, დუშეთში და სხვა რეგიონებში წყალმომარაგების გაუმჯობესების მიზნით ახალი პროექტებს განხორციელება უკვე დაწყებულია.

"ყოველივე ეს ჩვენ ერთ დიდ სახელმწიფო პროგრამაში უნდა ჩავსვათ. ვფიქრობ, საბოლოოდ, ეს მილიარდობით დოლარი დაჯდება, მაგრამ ის, რომ თითოეულ ოჯახს ჰქონდეს წყალი, ამად ღირს", - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.

მისი თქმით, ყველა აღნიშნული პროექტი უახლოეს 5 წელიწადში უნდა დასრულდეს.

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მთავრობას ასაკობრივი დისკრიმინაციის აღმოფხვრისკენ მოუწოდებს. როგორც მიხეილ სააკაშვილმა აღნიშნა, ეს ერთ-ერთი პრიორიტეტია. მისი თქმით, ასაკიანი და გამოცდილი ხალხი უფრო მეტად უნდა დასაქმდეს. პრეზიდენტის დავალებით, ეკონომიკური განვითარების მინისტრის ეკატერინე შარაშიძის ხელმძღვანელობით, შეიქმნება საგანგებო კომისია, რომელიც შუა ხნის ასაკისა და ხანდაზმულთა დასაქმების პროცესს გააკონტროლებს. როგორც მიხეილ სააკაშვილმა განმარტა, გუშინ აჭარაში ვიზიტისას, დაახლოებით, 40 წლის ქალბატონმა კონკრეტული საკითხი დაუსვა იმასთან დაკავშირებით, რომ 40 წელს გადაცილებულ მოქალაქეებს სამსახურში არ იღებენ. პრეზიდენტის შეფასებით კი, ყველაზე კვალიფიციური კადრები სწორედ 40 წელს გადაცილებული მოქალაქეები არიან.

"დიდი ფსიქოლოგიური წნეხია საზოგადოებაზე, როცა 40 წლის ადამიანებს ვეუბნებით, რომ მათ პერსპექტივა არ აქვთ. თუ გავიგებ, რომ სახელმწიფო სამსახურში, რომელიმე სამინისტროში არის ხელმძღვანელი, რომელსაც ასეთი მიდგომა აქვს, დაუყოვნებლივ დავითხოვ", - აღნიშნა პრეზიდენტმა.

თუმცა, მისი თქმით, ამასთანავე ყველა პირობა უნდა შეიქმნას კერძო ბიზნესის სტიმულირებისთვის, რათა მათ ყველა ასაკის ადამიანები აიყვანონ სამუშაოდ. საქართველოს პრეზიდენტი ქუთაისის მოსახლეობას დაჰპირდა, რომ მალე ქუთაისი მეორე დედაქალაქი გახდება, რაც ქალაქის განვითარების 100-დღიანი პროგრამის ფარგლებში განხორციელდება.

"ქუთაისში უნდა მოვიზიდოთ დიდი მოცულობით უცხოური ინვესტიციები, ქალაქში უნდა გვქონდეს 100 პროცენტიანი დასაქმება, ყველას, ვისაც სურს და შეუძლია მუშაობა, სამუშაო ადგილი უნდა ჰქონდეს. ჩვენი უახლოესი პერიოდის ამოცანაა ქუთაისის სასწრაფო განვითარების 100-დღიანი გეგმა განვახორციელოთ", - აღნიშნა მან.

მისივე თქმით, 100 დღის შემდეგ ქუთაისში დაწყებული უნდა იყოს დიდი საინვესტიციო პროექტები, გადმოვიდეს რამდენიმე სახელმწიფო უწყება, სასმელი წყლის სისტემის მოწესრიგების სამუშაოები და ზუსტად 100 დღის შემდეგ დასრულებული უნდა იყოს ქუთაისის ისტორიული ცენტრის აღორძინების პირველი ეტაპის სამუშაოები.

"დღევანდელი დღე უნდა იყოს ქუთაისისა და დანარჩენის საქართველოსთვის დიდი ისტორიული დასაწყისი", - განაცხადა პრეზიდენტმა.

ამას გარდა, მიხელ სააკაშვილმა მთავრობას დაავალა, რომ უახლოეს დღეებში ქუთაისში ბიზნეს-წრეებისთვის საერთაშორისო მასშტაბის კონფერენცია მოიწვიონ.

მიხეილ სააკაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობა იმერეთში მოქმედი ინვესტორების მიერ აღებული ვალდებულებების შესრულების მიმდინარეობას შეისწავლის. ამ საკითხის გადასინჯვა ეკონომიკური განვითარების მინისტრ ეკატერინე შარაშიძეს დაავალა. როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, ხშირად, ის პირობები, რაც ინვესტორთან გაფორმებულ ხელშეკრულებაშია ჩადებული, არ სრულდება.

ამასთანავე, მთავრობამ იმერეთის რეგიონში ინფრასტრუქტურის განვითარების აუცილებლობაზე გაამახვილა ყურადღება.

მთავრობის სხდომაზე მიხეილ სააკაშვილმა ეკონომიკური განვითარების მინისტრისგან მოითხოვა ინფორმაცია კოპიტნარის აეროპორტის მდგომარეობის თაობაზე. ეკატერინე შარაშიძემ განაცხადა, რომ მალე კოპიტნარის აეროპორტი დასავლეთ საქართველოს ლოგისტიკური ცენტრი გახდება.

ქუთაისისა და მთლიანად რეგიონის განვითარებაზე საუბრისას მინისტრმა აღნიშნა, რომ კოპიტნარის აეროპორტი ფოთი-სამტრედია-ქუთაისის განვითარების გეგმაში და ფოთის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში ჩაერთვება.

მთავრობა ქუთაისის მეორე დედაქალაქად გადაქცევაზე მუშაობს და ამ მიზნის მისაღწევად 100-დღიანი პროგრამა უკვე დაიწყო.

საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, "ბაქო-თბილისი-ყარსის" სარკინიგზო მაგისტრალის ამოქმედების შემდეგ საქართველოში დაახლოებით 10 000 ადამიანი დასაქმდება და სახელმწიფო ბიუჯეტში შემოსავლები მნიშვნელოვნად გაიზრდება.

როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, ახალი სამუშაო ადგილები ხაშურის, სამტრედიის, ხარაგაულისა და თბილისის სარკინიგზო კვანძებზე შეიქმნება. სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორის გოგა ხაჩიძის განცხადებით, ამ ეტაპზე მზადდება ბაზა, რომლითაც პროექტის განხორციელება უნდა მოხდეს. პროექტის განხორციელებისას დაახლოებით 3 000 კაცი დასაქმდება. დასაქმებულთა 70 პროცენტი, ანუ დაახლობით 2 100 ადამიანი ადგილობრივი მოსახლე იქნება. პრეზიდენტმა განაცხადა, რომ საქართველოში მუშახელის დეფიციტი უნდა იყოს და არა სამუშაო ადგილების.

სხდომაზე გუბერნატორებსა და გამგებლებს საგაზაფხულო სამუშაოების წარმატებით ჩატარებისთვის მადლობა გადაუხადა.

"საგაზაფხულო სამუშაობი, ძირითადად, წარმატებით ჩატარდა. მომავალი სეზონისათვის ტრაქტორების რაოდენობა უნდა გასამმაგდეს და ასევე უნდა შევიძინოთ საჭირო შხამ-ქიმიკატები. ამავდროულად, განსაკუთრებულად უნდა მოვემზადოთ რთველისთვის", - აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.

პრეზიდენტის განცხადებით, მისთვის ცნობილია, რომ მოსახლეობა გასულ წელს უკმაყოფილო იყო ყურძნის ჩაბარების ფასით, ამიტომ მომავალი სეზონისთვის უნდა შეიქმნას ყველა საბაზრო მექანიზმი და სახელმწიფო ჩარევის საშუალება, რათა ამ მხრივ მოსახლეობის მდგომარეობა გაუმჯობესდეს.

"ხელისუფლების მთავარი ამოცანაა, რომ ხალხი კმაყოფილი იყოს", - განაცხადა პრეზიდენტმა.

მიხეილ სააკაშვილმა გადამზადების ცენტრების შექმნასა და ტურიზმის განვითარებაზეც ილაპარაკა და აღნიშნა, რომ ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმება სეზონის დაწყებისთანავე უნდა დაიწყოს.


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (12)
2009 (12)
2008 (12)
2007 (12)
2006 (12)
2005 (11)