რელიზები
16.05.2008
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ფოთში ახალი ობიექტები მოინახულა
ყულევიდან საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ფოთში გაემგზავრა, მანამდე კი იგი ბათუმის საზღვაო აკვატორიაში მიმდინარე სამხედრო წვრთნას დაესწრო. სწავლების მიმდინარეობას საქართველოს პრეზიდენტი ამერიკულ ფრეგატაზე აკვირდებოდა.
ფოთში მიხეილ სააკაშვილი ხე-ტყის გადამამუშავებელ ქარხანა "ჯორჯიან ფორესთს" ეწვია. ამ ქარხანაში 100-მილიონიანი დასავლური ინვესტიციაა ჩადებული და უახლესი გერმანული დანადგარებით არის აღჭურვილი. ქარხანაში წარმოებული მასალით ევროპული კომპანიები უცხოეთში ავეჯს აწყობენ. ქარხნის პროდუქციის ექსპორტი გერმანიაში, იტალიაში, საფრანგეთსა და პორტუგალიაში ხდება. "ჯორჯიან ფორესთში" 600-მდე ადამიანია დასაქმებული.
დღესვე საქართველოს პრეზიდენტი ხორბლის გადამამუშავებელ ქართულ-უკრაინელ საწარმოსაც ეწვია და შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოც დაათვალიერა.
იგი ასევე ფოთის ცენტრალური რკინიგზის სადგურის რეაბილიტაციის პროექტს გაეცნო. პროექტის მიხედვით რკინიგზის შენობა შემინული უნდა ყოფილიყო, თუმცა პრეზიდენტმა შენობის იერსახის შენარჩუნება მოითხოვა.
მოგვიანებით იგი პროფესიული გადამზადების ცენტრის გახსნასაც დაესწრო, რომელიც თავისუფალი ეკონომიკური ზონისთვის შესაბამის კადრებს მოამზადებს. საქართველოს პრეზიდენტმა დღეს კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ ფოთში თავისუფალი ეკონომიკური ზონის შექმნა აფხაზეთში დაბრუნების გზაა.
"დღეს როდესაც კორუფცია აღარ არის და ასე თუ ისე ვაკონტროლებთ იმას, რომ საბაჟოებზე ტვირთი არ შეაჩერონ, პრობლემები არ შექმნან, და დამატებითი ხარჯები არ გააწევინონ ვინმეს. ადრე ასე არ იყო - ქრთამს თუ არ გადაიხდიდი თვეების განმავლობაში გაგიჩერებდნენ პროდუქციას, შემდეგ სანეპიდსადგურის თანამშრომელი "გაგიძვირებდა" პროდუქციას და ამის გამოთვლა შეუძლებელი იყო. ეს არის განსხვავება თავისუფალ ეკონომიკას, რომელსაც სახელმწიფო პირობებს უქმნის და ჩაწყობილ, კორუმპირებულ, ძველ სისტემას შორის. ამიტომ შენი პროფესია არის სასარგებლო იქ, სადაც არის თავისუფლება და არ არის კორუფცია", - აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა ცენტრის სტუდენტთან საუბრისას.
საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამსახური