Google+

რელიზები

03.11.2008
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა მთავრობის სხდომა გამართა

მოგესალმებით!

უწინარეს ყოვლისა, მსურს მადლობა გადავუხადო ლადო გურგენიძეს გაწეული სამუშაოსთვის.

ლადო გურგენიძეს წარმოუდგენლად რთულ პერიოდში მუშაობა და წარმოუდგენლად რთულ გამოწვევებთან გამკლავება მოუწია.

მთავრობამ გადაიტანა ურთულესი შიდაპოლიტიკური კრიზისი, ორი არჩევნები, დამპყრობლის დიდი შემოტევა, დიდი ომი, ამავდროულად, მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის დარტყმა, მიუხედავად ამისა, ბიუჯეტი არ გაირღვა, ხელფასები დროულად გაიცემოდა, ფინანსურმა სისტემამ მდგრადობა შეინარჩუნა, მთლიანობაში ეკონომიკა ფუნქციონირებდა, პენსიების გაცემა არ დაგვიანებულა, ერთი სიტყვით, ქვეყანა არა მხოლოდ არ ჩამოიშალა, არამედ გაუძლო ურთულეს, სამმაგ - სამხედრო, პოლიტიკურ და ეკონომიკურ დარტყმას.

ამიტომ, ლადო გურგენიძე, როგორც უმაღლესი კლასისა და კვალიფიკაციის ეკონომისტი, ჩვენი შეთანხმებისამებრ, რჩება ეკონომიკური გუნდის უმნიშვნელოვანეს წევრად, იგი იქნება ახალი ეკონომიკური კომისიის თანათავმჯდომარე გეგა მგალობლიშვილთან ერთად.

ამ კომისიის ფუნქციაა ფინანსური სისტემის მდგრადობის შენარჩუნება, საქართველოში ინვესტიციების მოზიდვა, არსებული ინვესტიციების მოფრთხილება და ეკონომიკის საკითხებზე ფართო მუშაობა.

ასევე, მივესალმები გეგა მგალობლიშვილის გადაწყვეტილებას იმასთან დაკავშირებით, რომ არ მოეხდინა რადიკალური ცვლილებები მთავრობის შემადგენლობაში. თუმცა თავად დამემოწმება, რომ კანდიდატურების წამოყენების სრული თავისუფლება მივეცი.

ვფიქრობ, ეს ნაბიჯი მისი სიდარბაისლისა და სწორი მიდგომის გამოვლინებაა. იგი უნდა დააკვირდეს, შეხედოს და კადრების შეცვლის გადაწყვეტილება მხოლოდ ამის შემდეგ მიიღოს. როგორც ყოველთვის, ძალაში რჩება მთავარი პრინციპი - ადამიანი ფასდება მის მიერ გაკეთებული საქმის მიხედვით და არა რაიმე სხვა კრიტერიუმით.

ჩვენ უნდა შევცვალოთ სტერეოტიპი, რომლის მიხედვით ერთი კადრის გამოცვლა, ყველას გამოცვლას იწვევდა. მინისტრის გამოცვლა, ფაქტობრივად, ნიშნავდა ყველა მოადგილის, დეპარტამენტების უფროსების, ჩვეულებრივი თანამშრომლების გამოცვლას. ასე იყო გუბერნატორებისა და სხვა თანამდებობის პირების შეცვლის შემთხვევაშიც.

ეს არ არის სწორი.

ჩვენ გვყავს კადრები, რომლებსაც უნდა გავუფრთხილდეთ.

ამ ომმა ნათლად დაგვანახა, რომ ამ კადრებმა გაამართლეს.

ყოველივე ამან ასევე ნათლად დაგვანახა, რომ შედეგზე უნდა ვიყოთ ორიენტირებული და თუ ადამიანი დაკისრებულ მოვალეობას ვერ ასრულებს, მხოლოდ ამ შემთხვევაში უნდა ჩანაცვლდეს ახალი სისხლით, ახალი ენერგიით და, რა თქმა უნდა, ამისკენ მოგიწოდებთ თითოეულ თქვენგანს.

ქების მიუხედავად, მინდა გითხრათ, რომ ვერც მე და ვერც ქართული საზოგადოება ვერ ვიქნებით მთვრობის მუშაობით კმაყოფილი ერთი მარტივი მიზეზის გამო - ვიდრე ჩვენი ხალხი გაჭირვებული და უმუშევრობის პრობლემა გვაქვს, მთავრობის მუშაობა ბოლომდე დადებითად არ შეიძლება შეფასდეს.

დღეს საქართველოში ძალიან უჭირს ხალხს იმისათვის რომ მე და, რაც მთავარია, ჩვენი ხალხი, მიღწეული შედეგებით კმაყოფილი ვიყოთ.

უკვე ბევრი რამ გაკეთდა, მაგრამ ასჯერ მეტია გასაკეთებელი.

ყველამ კარგად ვიცით, რომ დღეს საქართველოში უმთავრესი პრობლემა უმუშევრობაა.

ხალხის დიდი ნაწილი გამწარებულია იმის გამო, რომ არა აქვს სამუშაო. მათ არ იციან რა აჭამონ საკუთარ შვილებს იმის გამო, რომ არა აქვთ სამუშაო. მათ არა აქვთ პერსპექტივისა და მომავლის განცდა, ასევე იმედი, იმის გამო, რომ მათ არა აქვთ სამუშაო.

ჩემო ძვირფასებო, ვარდების რევოლუციიის შემდეგ ორჯერ და მეტჯერ შევამცირეთ სიღარიბის დონე, მაგრამ არ დაგვავიწყდეს, რომ რევოლუციისა და რევოლუციის შემდეგ რევოლუციური ცვლილებების მიუხედავად, ჩვენი საზოგადოების ძალიან დიდი ნაწილი მაინც ცხოვრობს გაჭირვებაში, ხოლო ერთი ნაწილი - ქრონიკულ სიღარიბეში.

საზოგადოების ყველაზე ღარიბი ნაწილის მდგომარეობა ბევრით არ გაუმჯობესებულა და ზოგიერთის მდგომარეობა გაუარესდა კიდეც.

არავის არ მოვუწოდებ რამით მაინც იყოს კმაყოფილი, ვიდრე ჩვენს ქვეყანაში ასეთი მდგომარეობაა!

დღეს უმუშევრობა მთავარი ეკონომიკური და ასევე პოლიტიკური პრობლემაა ჩვენს ქვეყანაში. ჩვენ ომი გამოგვიცხადა მსოფლიოს ყველაზე აღვირახსნილმა დამპყრობელმა, მაგრამ ამავე დროს, ჩვენ ვიმყოფებით ომში უმუშევრობასთან და სიღარიბესთან.

მივესალმები იმას, რომ ახალი ბიუჯეტის ჩამოსაყალიბებლად 15-დღიანი ვადა მოითხოვეთ. დამატებით იქმნება დასაქმების ბიუჯეტი, რათა სირთულეების მიუხედავად, ამ 18-თვიანი პროგრამის ფარგლებში მოვნახოთ რესურსი, ვიდრე საბოლოოდ დავუბრუნდებით 50-თვიანი პროგრამის განხორციელებას. უნდა მოვნახოთ რეზერვი პედაგოგთა ხელფასებისა და პენსიების მოსამატებლად, თუნდაც მცირე რაოდენობით.

მივესალმები, რომ ვმუშაობთ ინფლაციის შეკავებისთვის.

ის, რომ გაჩნდა სახელი "დასაქმების ბიუჯეტი"- ეს არის სწორი.

მთელს მსოფლიოში არის უმძიმესი ეკონომიკური კრიზისი.

გადატანილი ომის შედეგად ვიმყოფებით მუდმივი რისკის და საფრთხის ქვეშ, მაგრამ როგორც მეორე მსოფლიო ომის დროს, ამერიკამ დასავლეთ ევროპის ქვეყნების დიდ ნაწილს მისცა მარშალის გეგმა - მასობრივი ეკონომიკური დახმარება ეკონომიკის ასაღორძინებლად. ჩვენ სავალუტო ფონდის დახმარებასთან ერთად, სირთულეების მიუხედავად, მივიღეთ 5 მილიარდ დოლარზე მეტი დახმარება.

ეს იმას ნიშნავს, რომ თუ კარგად ვიმუშავებთ, უახლოეს ორ-სამ წელიწადში შეგვეძლება ეკონომიკის გაორმაგება, ე.ი. დასაქმების, სამუშაო ადგილების გაორმაგება, ე.ი. სიღარიბის ორჯერ შემცირება.

ეს რთული ამოცანაა, მაგრამ სწორედ ეს არის მთავრობის სამუშაო.

მომავალ წელს, თუ კარგად ვიმუშავებთ ჩვენს პარტნიორებთან, შეგვიძლია გავაორმაგოთ ტრაქტორთა პარკი. ამას დიდი სამუშაოს შესრულება და დიდი მომზადება სჭირდება.

სოფელში დარიგებული ტრაქტორებით დიდი ეფექტი მივიღეთ.

დიდი კამათი იყო იმასთან დაკავშირებით, უნდა დავხმარებოდით თუ არა კონკრეტული ფინანსური სუბსიდიით გლეხებს რთველის პერიოდში.

ჩვენ მივიღეთ მევენახეთა დახმარების გადაწყვეტილება და შარშანდელთან შედარებით, წელს რთველმა ბევრად კარგად ჩაიარა. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ხალხი გამდიდრდა და გაბედნიერდა თუნდაც მევენახეობის რეგიონებში.

ჯერ კიდევ ძალიან ბევრი პრობლემა გვაქვს, მაგრამ მთავარია, წარმადობა გაიზარდოს.

დღეს სოფლად ჩვენი საზოგადოების ნახევარი ცხოვრობს და მთლიანი შიდა პროდუქტის მხოლოდ 10 პროცენტს ვაწარმოებთ.

სოფლად ტრაქტორების და სასუქის დამატებით შეტანა - დამატებით სამუშაო ადგილებს ნიშნავს. გადამამუშავებელი საწარმოებიც დამატებითი სამუშაო ადგილების წყაროა, მსოფლიო ბაზრებზე გასვლისთვის კონსულტაციების გამართვაც დამატებითი სამუშაო ადგილებს გააჩენს.

ჩვენ მარტო ამ ფულს კი არ გვაძლევენ, არამედ უახლოეს თვეებში ევროპასთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებას ვაწერთ ხელს, ასევე ამერიკასთან ვაწერთ ხელს იმას, რაც თავისუფალ ვაჭრობას უტოლდება და ასევე ვლაპარაკობთ თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებაზე.

თუმცა ეს არაფერში არ გამოგვადგება, თუ საწარმოების შექმნა და საექსპორტო ბაზრებზე გასვლა არ ვისწავლეთ.

ჩვენი გადარჩენა და ეკონომიკის განვითარება არის წარმოების აღორძინებასა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნაში, წარმოების სექტორში დასაქმებაშია.

ამ მხრივ, მიმაჩნია, რომ კიდევ ბევრი გვაქვს გასაკეთებელი, მაგალითად გზების მშენებლობა.

ჩვენ გვაქვს, გზების წარმოუდგენელი პროგრამა. ჩვენ გვაქვს 200 დიდ და საშუალო სოფელთან გზების მიყვანის პროგრამა, ე.ი. საქართველოს სოფლების 80 პროცენტთან უახლოეს პერიოდში ჩვენ მივალთ კარგი გზით.

ამ პროგრამაში შედის ავტობანების მშენებლობა. ძირითადი ავტობანი იქნება თბილისი-ბათუმი, რომელიც ბათუმი-სტამბულის ავტობანს შეუერთდება.

აშენდება გოდერძის უღელტეხილის გზა, რომელიც, პრაქტიკულად, გააცოცხლებს აჭარის მაღალმთიანეთს და აშენდება გომბორის გზა, რომელიც თელავს 50 წუთის სავალ მანძილზე დააახლოვებს თბილისთან და კახეთში მთლიანად შეცვლის ეკონომიკურ ვითარებას.

მომავალ წელს ჩვენ შეგვიძლია ავაშენოთ სამტრედია-ზესტაფონის მონაკვეთი.

ასევე მომავალ წელს უნდა დავიწყოთ სამუშაოები გომბორის გზაზე და დავასრულოთ თბილისიდან დაწყებული ავტობანის მიყვანა აგარამდე.

მე შევისწავლე თუ რა აქვს გაკეთებული საგზაო დეპარტამენტს და მათი მუშაობით ძალიან უკმაყოფილო ვარ.

მათ არა მხოლოდ არსებული პროექტები ვერ შეასრულეს (მაგალითად, წელს ავტობანის მშენებლობითვის მხოლოდ 19 მილიონი ლარია ათვისებული, რაც წარმოუდგენლად ცოტაა), არამედ იმაზე ხუთჯერ ნაკლებ გზებზე მომზადდა პროექტები, ვიდრე შეიძლება რეალურად დავხარჯოთ ფული.

საავტომობილო გზების მშენებლობაზე მილიარდი დოლარის მოპოვება შეგვიძლია.

ასე ჩვენ შორს ვერ წავალთ.

მე ამას ვამბობ შესაბამისი სამინისტროსა და საგზაო დეპარტამენტის გასაგონად.

ჩვენ ძალიან კარგი მეგზევეები გვყავს, შევიძინეთ დიდი გამოცდილება, მაგრამ ჩემი ამბიციაა, რომ ჩემი პრეზიდენტობის მეორე და საბოლოო ვადაში, საქართველოში არ იყოს არც ერთი ცუდი გზა. საქართველოს ყველა მიმართულებით უნდა სერავდეს თანამედროვე საკომუნიკაციო საშუალება, რასაც მუშაობის ამ პირობებში ვერ მივაღწევთ.

მე გთხოვთ შესაბამისი დასკვნები გააკეთოთ და ახალი, სერიოზული მუშაობა გავწიოთ.

ჩვენ გვაქვს ძველი საბჭოთა სტილის რკინიგზა.

თქვენ იცით, რომ ჩვენ ვაშენებთ ახალქალაქი-თბილისის ახალ რკინიგზას, რომელიც თურქეთში, ყარსს დააკავშირებს.

თუმცა უნდა ვიმუშაოთ საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებთან. ჩვენ ქვეყნის შიგნით გვჭირდება ჩქარი რკინიგზა.

დღეს მატარებელი ბათუმში ჩასვლას 8-დან 12-მდე საათი უნდება, ძალიან ბევრი სჭირდება ბაქომდე, ასევე ძალიან ბევრი - ერევნამდე.

ჩვენ შეგვიძლია გავაკეთოთ რკინიგზა, რომლის წყალობით ჩქარი მატარებელი, რომელიც თბილისიდან ბათუმში, მაქსიმუმ, სამ საათში ჩავა. მაგრამ საამისოდ, აუცილებელია ფული და ფინანსურ ინსტიტუტებთან მუშაობა. ასევე აუცილებელია, რომ რკინიგზის მუშაობა სხვაგვარად გადაეწყოს.

ეს იმას ნიშნავს, რომ მხოლოდ ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სექტორში, დამატებით, ათობით, ასობით დასაქმებული ადამიანი გვეყოლება.

ახალი მთავრობის წინაშე მასშტაბური ამოცანები დგას.

ეს არის პერიოდი, როდესაც დახმარების თანხის გათვალისწინებით, მთავრობის ახლებურად მუშაობის გათვალისწინებით, საქართველო მართლა შეიძლება გადაიქცეს თანამედროვე, გავითარებული კომუნიკაციებისა და მაღალი ცხოვრების დონის მქონე - 100-პროცენტიანი დასამქებისა და განვითარებული ეკონომიკურის მქონე ქვეყნად.

ამისათვის ჩვენ უნდა ჩავატაროთ აღდგენის და რეკონსტრუქციის 18- თვიანი გეგმა და დავუბრუნდეთ, ჩვენი ხალხისთვის დაპირებულ 50- თვიან პროგრამის შესრულებას.

უნდა მოვახდინოთ ეკონომიკური ლიბერალიზაცია და რეფორმები, რომლებიც ლადო გურგენიძის დროს დავიწყეთ, მისივე დახმარებითა და რჩევებით ბოლომდე უნდა მივიყვანოთ.

ამიტომ, ლადო გურგენიძე ვერსად ვერ გაიქცევა და მოუწევს მუშაობა, იმის მიუხედავად, რომ ვიცი, დასვენებას აპირებს.

ჩვენ უნდა ვიმუშაოთ და ეკონომიკური ლიბერალიზაციის მიზნით, მოვახერხოთ გადასახადების დაწევა ჩვენი ხალხისათვის. უნდა შევქმნათ უკეთესი საინვესტიციო და ბიზნეს გარემო საქართველოში. უნდა ამოუჩინოთ მეტი დახმარება მცირე და დამწყებ ბიზნესს.

ამ მხრივ, სამინიტროებმა უნდა გადახედონ თავის მუშაობას. მიმაჩნია, რომ ჯერ კიდევ არის ბიუროკრატია, ჯერ კიდევ არ არის ბოლომდე ამოწურული საშუალებები და შეიძლება, მოქალაქეებსა და სხვადასხვა სახელმწიფო მოხელეებს შორის ურთიერთობა გაუარესებულიც იყოს.

იმისათვის, რომ უზრუნველვყოთ, საერთაშორისო დახმარების მიზანმიმართული გამოყენება, უფრო მეტი საპარლამენტო და საზოგადოებრივი კონტროლი უნდა დაწესდეს. თქვენ იცით, რომ შექმნილია ანტიკრიზისული კომისია და ამას საპარალამენტო ოპოზიცია ხელმძღვანელობს.

ყველა უწყებას მოგიწოდებთ იმუშაოთ საზოგადოებრივ, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებთან, საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციასთან.

მაქსიმალურად უნდა ავუხსნათ ხალხს თუ რას ვაკეთებთ.

საკუთარ საზოგადოებას, ყველა ქვეყანაში, მათ შორის, საქართველოში ყველა საკითხთან დაკავშირებით მუდმივად უნდა მისცე ახსნა-განმარტება - მთავარია მაქსიმალური ურთიერთობა გქონდეს ხალხთან.

შეხვედრები უნდა გავმართოთ სოფლად, ქალაქად და ასევე უწყებებთან.

მაგალითად, განათლების სამინისტრო, ყოველდღე უნდა ხვდებოდეს ქვემდებარე უწყებების წარმომადგენლებს - დღეს სკოლის ბიბლიოთეკარებს, ხვალ რეგიონის სკოლების წარმომადგენლებს, ზეგ დაწყებითი კლასების პედაგოგებს, საბავშვო ბაღების პედაგოგებს, სკოლების ტექნიკურ პერსონალს და ა.შ.

სოფლის მეურნეობის სამინისტრო მუდმივად უნდა მუშაობდეს, ერთი მხრივ, მსოფლიოს ბაზრების მიმართულებით, ხოლო, მეორე მხრივ, მწარმოებლებთან - ხალხთან, რომელთა წარმატებულ მუშაობაზეც არის დამოკიდებული ჩვენი მოქალაქეების ცხოვრება, ბედი და დასაქმება.

საბოლოოდ, ჩვენი მიზანია, რომ ხალხს სტაბილური შემოსავალი და სამუშაო გაუჩნდეს.

დღეს ვისაც აქვს შემოსავალი, უმეტეს შემთხვევაში, შემთხვევითი, დროებითი და არასტაბილური შემოსავალია, რადგან რას მოუტანს მათ ხვალინდელი დღე, საზოგადოების უმეტესმა ნაწილმა არ იცის.

ახალ მთავრობას აქვს მყარი საფუძველი, ძალიან ბევრი რამ უკვე გაკეთებულია, საძირკველი ჩაყრილია და ახლა თქვენზეა დამოკიდებული შენობის ამოყვანა. შენობა კი არის დასაქმებული საქართველო, განვითარებული, წარმატებული ქვეყნის ეკონომიკა, რაც საბოლოოდ მიყვიყვანს გამარჯვებამდე სამართლიან, მაგრამ ძალზე რთულ ბრძოლაში.

ყველაფერი უნდა გააკეთოთ იმისათვის, რომ შექმნათ ახალი სამუშაო ადგილები და მთავრობა წარმატებულ მთავრობად აქციოთ.

მთავრობა წარმატებული იქნება მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ სამი თვის თავზე შევიკრიბებით და ვიტყვით, რომ რადენიმე ათეული სამუშაო ადგილი დაგვემატა.

მთავრობა წარმატებული იქნება მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ ერთი წლის შემდეგ შევქმნით პოზიტიურ დინამიკას და სოფლადაც და ქალაქადაც ყველას გაუჩნდება განცდა, რომ არის დასაქმება, არის შემოსავალი, არის უკეთესი ცხოვრება და უკეთესი მომავლის მოლოდინი.

მინდა გისურვოთ წარმატება და მოვითხოვო თქვენგან ბევრად უფრო დაძაბული მუშაობა.

რამდენადაც მთავრობამ კარგად გაუძლო კრიზისს, იმდენად არ უნდა მოვეშვათ. არ უნდა დავუშვათ დეორგანიზებულობა. ჩვენ გვჭირდება ინიციატივა, ინერტულობის ნიშნების ნაცვლად, უნდა გამოვავლინოთ ორგანიზებულობა.

ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ დღითიდღე უფრო მეტი გამოწვევები იქნება და გაასმაგებულად და ბევრად უფრო გაუმჯობესებულად უნდა ვიმუშაოთ.

ვიმეორებ, არ უნდა დავუშვათ დეზორგანიზაციის, მოშვების და ინერტულობის ნიშნებიც კი. თუ სადმე მსგავსი რამ შეინიშნება, და რა თქმა უნდა, გარკვეულ შემთხვევებში ეს არის, სასწრაფოდ უნდა აღვკვეთოთ.

ჩვენ ახლა, როგორც არასდროს, გვჭირდება კარგი მუშაობა.

გისურვებ წარმატებებს!


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (12)
2009 (12)
2008 (12)
2007 (12)
2006 (12)
2005 (11)