რელიზები
04.05.2009
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა პრაღის სამიტთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა
პრაღაში დაგეგმილ სამიტსთან დაკავშირებით, საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ საქართველოსთვის ამ სამიტს ისტორიული მნიშვნელობა ექნება, რადგან ევროკავშირსა და საქართველოს შორის პირველი ინსტიტუციონალური კავშირი დამყარდება - ევროკავშირი საქართველოსთან ყოვლისმომცველი ხელშეკრულების გასაფორმებლად ემზადება. აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამის ფარგლებში, ევროკავშირი საქართველოსთან, უკრაინასთან, აზერბაიჯანთან, სომხეთსთან, ბელორუსსა და მოლდოვასთან ეკონომიკურ და ენერგეტიკულ თანამშრომლობას გააღრმავებს. მიხეილ სააკაშვილის თქმით, ევროკავშირის ეს ახალი პროგრამა აგვისტოს ომის შემდეგ საკმაოდ ამბიციურია. სამიტს საქართველოს პრეზიდენტი დაესწრება.
"ეს არის ისტორიული მოვლენა - პირველად მყარდება კავშირი საქართველოსა და ევროკავშირს შორის. ეს ნიშნავს, რომ ამ პროგრამის ფარგლებში დამყარდება თავისუფალი ვაჭრობა, რაც, თავის მხრივ, იმას ნიშნავს, რომ სამუშაო ადგილების შესაქმნელად საქართველოში ბევრად მეტი ფული ჩაიდება, რადგან ევროპულ ბაზარზე გადასახადების გარეშე გავალთ. ეს ნიშნავს იმას, რომ ევროკავშირის ქვეყნებში უვიზოდ მგზავრობის შესაძლებლობა გვექნება ან პირველ ეტაპზე ვიზები გამარტივდება. ეს ასევე ნიშნავს იმას, რომ საქართველოსთვის და, შესაბამისად, თითოეული ქართველისთვის ბევრად უფრო მეტ ეკონომიკურ დახმარებას გამოყოფენ. ყოველივე ეს იმის შედეგია, რომ აგვისტოს ომის შემდეგ ჩვენ ბევრად უფრო დავუახლოვდით ევროპას, ბევრად მეტი სიმპატია გაჩნდა საქართველოს მიმართ და რეალურად გადავდივართ ჩვენი განვითარების ახალ ეტაპზე. შექმნილი ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ დიდი დაბრკოლებისა და ყოველგვარი მცდელობის მიუხედავად, არ შემდგარიყო აღნიშნული სამიტი, ის მაინც შედგება და იქნება წარმატებული", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამსახური