რელიზები
03.09.2009
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ჯონ ტეფტის გამოსამშვიდობებელი მიღება გამართა
აშშ-ს სრულუფლებიანმა და საგანგებო ელჩმა საქართველოში ჯონ ტეფტმა საქართველოში დიპლომატიური მოღვაწეობა დაასრულა. ამასთან დაკავშირებით პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა დღეს გამოსამშვიდობებელი მიღება მოაწყო. საქართველოს პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ჯონ ტეფტი საქართველოს კულტურული, პოლიტიკური და სოციალური ცხოვრების ნაწილი გახდა და იგი არა მხოლოდ საქართველოს მთავრობის სანდო მეგობარი, არამედ საზოგადო მოღვაწეცაა. მიხეილ სააკაშვილმა ამერიკის ელჩი წმინდა გიორგის ორდენით დააჯილდოვა და ჯორჯ ბუშის ჯონ მაკკეინისა და ჯო ბაიდენის შემდეგ ამ ჯილდოს მეოთხე მფლობელი გახდა. მიღებას სხვა ქვეყნის დიპლომატიური წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.
"მსურს დიდი მადლობა გადავუხადო ყველა ელჩს მობრძანებისთვის. დღეს ერთგვარი მწუხარე დღეა, რადგან საქართველო ემშვიდობება ბატონ ჯონ ტეფტს. მინდა მას დიდი მადლობა მოვახსენო იმ საქმიანობისათვის, რაც ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში გაწია. ბატონი ტეფტი ბოლო პერიოდში გახდა არა მხოლოდ ჩვენი მთავრობის ნდობით აღჭურვილი პირი, არამედ საზოგადოებრივი ფიგურა კულტურული სოციალური და პოლიტიკური ყოველდღიური ცხოვრების ნაწილი. მისი მეუღლე მარიელა ის პიროვნება, რომელმაც საქართველოს ბალეტის მეგობართა ორგანიზაცია დააარსა და ამ პერიოდის განმავლობაში ნინო ანანიაშვილთან ერთად შექმნეს ბალეტის დამოუკიდებელი სკოლა. მინდა აღვნიშნო ყველა ის დადებითი მომენტი და მიღწევა, რომელიც თან სდევდა ბატონი ელჩის აქ მუშაობას", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
ჯონ ტეფტმა მადლობა გადაუხადა საქართველოს პრეზიდენტს მისი და მისი მეუღლის თბილად მოხსენიებისათვის და წარსულიდან რამდენიმე მონაკვეთი გაიხსენა.
"ძალიან მიჭირს იმის გახსნება, როდესაც ბორჯომის დასათვალიერებლად წაგვიყვანეთ. ბევრი ვისაუბრეთ რუსეთის საკითხთან დაკავშირებით. უკანა გზაზე გორში გავიარეთ და სტალინის მუზეუმი დავათვალიერეთ. ქუჩაში თქვენი და პრეზიდენტ ბუშის დიდი სურათი იყო, სადაც ერთმანეთს ხელს ართმევდით. ეს სურათი-ბილბორდი სტალინის ქანდაკებას დაჰყურებდა. მაშინ მე ეს უბრალო დამთხვევად აღვიქვი და ვთქვი კიდეც ამის შესახებ. დიდი მადლობა ჯილდოსთვის. ჩემი აქ მოღვაწეობის პერიოდში საქართველოს და ამერიკას შორის განსაკუთრებული ურთიერთობები ჩამოყალიბდა", - აღნიშნა ჯონ ტეფტმა.
ჯონ ტეფტი აშშ-ში 8 სექტემბერს დაბრუნდება, ხოლო მის ადგილს ჯონ ბასი დაიკავებს.
საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამსახური