რელიზები
05.03.2010
მიხეილ სააკაშვილი ჯო ბაიდენს ტელეფონით ესაუბრა
საქართველოს პრეზიდენტი ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტს ტელეფონით 45 წუთი ესაუბრა. ჯო ბაიდენმა მიხეილ სააკაშვილს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მხარდაჭერა სატელეფონო საუბრისას კიდევ ერთხელ დაუდასტურა. თავის მხრივ, საქართველოს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით ვითარება გააცნო.
ვიცე-პრეზიდენტმა დადებითად შეაფასა საქართველოში მიმდინარე რეფორმების პროცესი და ქვეყნის სურვილი, რომ მომავალი არჩევნები ღია, გამჭვირვალე და თავისუფალი პროცესების თანხლებით ჩატარდეს. სატელეფონო საუბრისას ბაიდენმა ასევე აღნიშნა, რომ აშშ შემდგომშიც დაეხმარება ქართველ ხალხს და მხარს დაუჭერს საქართველოს მთავრობის მცდელობას ქვეყნის ეკონომიკური წინსვლისა და განვითარებისკენ.
ჯო ბაიდენმა მადლობა გადაუხადა მიხეილ სააკაშვილს იმ მნიშვნელოვანი წვლილისთვის, რომელიც საქართველოს ავღანეთის საერთაშორისო მისიაში შეაქვს.
აპრილში ვაშინგტონში ბირთვული სამიტი გაიმართება, რომელშიც მონაწილეობას საქართველოს პრეზიდენტი მიიღებს, სატელეფონო საუბრისას სააკაშვილმა და ბაიდენმა სამიტის დეტალებიც განიხილეს.
საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამსახური