Google+

რელიზები

29.11.2012
საქართველოს პრეზიდენტმა პალერმოს მერს ყვარელში უმასპინძლა

საქართველოს პრეზიდენტმა პალერმოს მერს ლეოლუკა ორლანდოს, რომელიც საქართველოს იტალიური ენის კვირეულის ფარგლებში სტუმრობს, ყვარელში უმასპინძლა. ქვეყნის პირველმა პირმა მას ყვარლის იუსტიციის სახლი დაათვალიერებინა და ის მომსახურება გააცნო, რომლის მიღების შესაძლებლობა საქართველოს მოქალაქეებს აქ ეძლევათ. ლეოლუკა ორლანდომ კიდევ ერთხელ გამოთქვა სურვილი დაძმობილებულ ქალაქებს - თბილისსა და პალერმოს შორის ურთიერთობა და თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდეს. თბილისსა და პალერმოს შორის დაძმობილების შესახებ ხელშეკრულება 1987 წელს გაფორმდა.

როგორც მიხეილ სააკაშვილმა აღნიშნა, საქართველოსთვის ლეოლუკა ორლანდო კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის სიმბოლოა. პრეზედენტმა ყურადღება არჩევნების შემდგომ პერიოდში განვითარებულ მოვლენებზე გაამახვილა და განაცხადა, რომ ევროკავშირის კვლევების მიხედვით, საქართველო ყველაზე ნაკლებად კორუმპირებული და ნაკლებად კრიმინალური ქვეყანაა. მიხეილ სააკაშვილის თქმით, მისი მთავრობის არც ერთი თანამდებობის პირი კორუმპირებული არ ყოფილა და მნიშვნელოვანია, რომ ეს ასეც გაგრძელდეს.  

შეხვედრა არაფორმალურ გარემოში გაგრძელდა. იტალიელ სტუმარს პრეზიდენტმა საკუთარ კარ-მიდამოში ქართული ტრადიციით დაწურული ღვინო დააჭაშნიკებინა და თონეში გამომცხვარი ქართული პურიც დააგემოვნებინა.

„ლეოლუკა ორლანდო არის პალერმოს ლეგენდარული მერი - კაცი, რომელმაც იტალიაში შეცვალა ვითარება და არის კორუფციასთან და მაფიასთან ბრძოლის სიმბოლო. იგი ჩემი დიდი ხნის მეგობარია, 90-იანი წლებიდან. როდესაც შევარდნაძის  მთავრობიდან ოპოზიციაში გადავედი, ის საქართველოში ჩამოვიდა და ჩემს საარჩევნო კამპანიაში მიიღო მონაწილეობა. ახლა, როგორც არასდროს, ისევ აქტუალური გახდა დანაშაულთან ბრძოლა - სამწუხაროდ, საქართველოში დანაშაულისა და კორუფციის დონე მკვეთრად იზრდება. ევროკავშირის მონაცემებით, ჩვენ ევროპის ყველაზე ნაკლებად კორუმპირებული ქვეყანა ვიყავით. ვერავინ ვერ თქვა, რომ ჩემი მთავრობიდან ვინმემ სახლში წაიღო რამე ან საკუთარი სახლები და ვილები აიშენა, რადგან იმის დამტკიცება, რაც არ მომხდარა, შეუძლებელია. ის, ვინც ახლა წინა თანამდებობის პირებს ასამართლებს, არის ხალხი, რომელსაც არ ესმოდა, რატომ არ ვაკეთებდით მთავრობაში ფულს. მათ მიაჩნდათ, რომ კარგ ადგილებს ვაფუჭებდით. პრობლემა მარტო ის კი არ არის, რომ ადამიანებს ტყუილად ერჩიან, პრობლემა ისაა, რომ ახლა ასეთი ხალხი თანამდებობებზე ინიშნებიან. მართალია, ყველგან არის გამონაკლისი, მაგრამ, მთლიანობაში, ჩემი მთავრობა ძალიან სუფთა იყო. ეს მთელმა მსოფლიომ იცის. ამას ისიც მალე დაინახავს, ვისაც ამის დანახვა არ სურს, რადგან ბიუჯეტი, თითქმის, 11-ჯერ გაიზარდა, ამდენი შენობა აშენდა, ასეთი გზები დაიგო...  ვფიქრობ, სიმართლე გაირკვევა და სამართალი აუცილებლად იზეიმებს. საბოლოოდ, არაფერი არ დაიმალება და ამაში ღრმად ვარ დარწმუნებული“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

ლეოლუკა ორლანდო მონაწილეობას იღებს იტალიური ენის კვირეულის ფარგლებში გამართულ ღონისძიებებში. იტალიური ენის კვირეული მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ყოველწლიურად აღინიშნება. პალერმოს მერთან ერთად, თბილისში სტუმრად სიცილიელი მეწარმეებიც იმყოფებიან. 



ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (12)
2009 (12)
2008 (12)
2007 (12)
2006 (12)
2005 (11)