საქართველოს პრეზიდენტი: „ყველამ უნდა მოვახდინოთ კონსოლიდაცია, რათა საქართველოში უსამართლობამ ვერ გაიმარჯვოს“
გადავწყვიტე, რომ დღევანდელ საპარლამენტო კენჭისყრასთან დაკავშირებით მოგმართოთ, რომელიც, დარწმუნებული ვარ, სამარცხვინო ფურცლად ჩაიწერება ქართული პარლამენტარიზმის ისტორიაში.
საქართველოს პარლამენტმა გადალახა პრეზიდენტის ვეტო და სრულად შეიყვანა ძალაში კანონი ამნისტიის შესახებ.
ამ კანონის პროექტს გუშინ ვეტო დავადე, რათა ქვეყნისთვის თავიდან ამეცილებინა მისი ყველაზე უარყოფითი ასპექტები - პედოფილების, რუსეთის ჯაშუშების, სახელმწიფო გადატრიალებაში მონაწილე სამხედრო ელემენტებისა და მეამბოხეების გათავისუფლება.
საქართველოს პარლამენტმა დაძლია ვეტო და ამგვარად, სრული პასუხისმგებლობა აიღო ფუნდამენტურად ანტისახელმწიფოებრივ, საშიშ აქტზე, რომელიც ხორციელდება ჩვენი სახელმწიფო ინსტიტუტებისა და ჩვენი საზოგადოების მიმართ.
ნამდვილად არ მინდა თქვენი შეშინება, მაგრამ არ შემიძლია არ გითხრათ ის, რომ დღევანდელი გადაწყვეტილებით, უამრავი ნარკორეალიზატორი ტოვებს საპატიმროს. ეს ნიშნავს იმას, რომ წყალში გადაგვეყრება მრავალწლიანი ნაშრომი - ჩვენ შევამცირეთ ნარკომანია, ეს სენი განვდევნეთ ჩვენი ეზოებიდან, გადავარჩინეთ ჩვენი ახალგაზრდების მთელი თაობა.
არ მინდა თქვენი შეშინება, მაგრამ იმ პირობებში, როდესაც ამდენი ყაჩაღი, ამდენი ხულიგანი გამოდის ციხიდან - უკვე რამდენიმე ათასი პირი აღარ არის პრობაციონერი, ხვალ და ზეგ ხულიგნები, მძარცველები, ყაჩაღები, ჯიბის თუ ბინის ქურდები უფრო თამამად დაესხმებიან თავს ჩვენ შვილებს. ბევრად მოიმატებს წვრილმანი დანაშაული, ბევრად მეტი ბინა გატყდება და ყველაფერი, რასაც ამ წლებში მივაღწიეთ და რაც აღიარებული იყო მთელი საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ, წყალში ჩაგვეყრება.
მინდა შეგახსენოთ, რომ საქართველო ითვლებოდა ყველაზე უსაფრთხო ქვეყნად ევროპაში და ეს იყო რეალობა. ამ და სხვა გადაწყვეტილებებით კი ეს რეპუტაცია დიდი საფრთხისა და დარტყმის ქვეშ დგება.
რაც შეეხება ყოველივე ამის პოლიტიკურ ასპექტებს, პარლამენტმა რუსეთის ყველა ჯაშუში გარეთ გამოუშვა. რუსეთი არის ქვეყანა, რომელიც სამკვდრო-სასიცოცხლო საფრთხეს უქმნის საქართველოს ეროვნულ უსაფთხოებას. ყველა ეს საქმე იყო კარგად გამოძიებული. რა თქმა უნდა, ალბათ, ყველა ჯაშუში არ აღმოგვიჩენია, მაგრამ რუსეთის ბევრი ქსელი გავანეიტრალეთ და, ამ მხრივ, წინა წლებში საქართველოს ფუნდამენტურად ჰქონდა შექმნილი უსაფრთხოების უფრო მაღალი დაცვა.
რუსეთის - საქართველოს ოკუპანტის ჯაშუშების გარეთ გამოშვება არა მხოლოდ წარმოუდგენელი უკანონობაა და საფრთხეს უქმნის ეროვნულ უსაფრთხოებას, არამედ წაახალისებს ნებისმიერ სხვას, ვინც მომავალში მზად არის იგივე დანაშაული ჩაიდინოს საკუთარი ქვეყნის მიმართ - პირდაპირ რომ ვთქვათ, საკუთარ ქვეყანას უღალატოს.
საკუთრი თავის პატივისმცემელი არც ერთი ქვეყანა, მით უმეტეს, ნაწილობრივ ოკუპირებული, ასეთ ნაბიჯებს ასე ხელაღებით არასდროს არ გადადგამს.
მინდა შეგახსენოთ ის, რომ, მაგალითად, ტერორისტები, რომლებიც პრეზიდენტ შევარდნაძეს დაესხნენ თავს, მთელი ამ წლების განმავლობაში არ შევიწყალე. არ შევიწყალე იმიტომ, რომ მნიშვნელობა არ აქვს რომელი პრეზიდენტის თავდასხმაზე იქნება ლაპარაკი. როდესაც ადამიანი დგება ტერორიზმის გზაზე, ჯაშუშობის გზაზე, საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ მოქმედების გზაზე, სამხედრო ამბოხის გზაზე, ის არის არა რომელიმე მთავრობის მტერი, არამედ საკუთარი ქვეყნის, მისი უსაფრთხოებისა და მომავლის, ჩვენი შვილებისა და შვილიშვილების მომავლის მტერია; ის არის მისი სახელმწიფოებრიობის მტერი და ამ სახელმწიფოებრიობისთვის დიდი პრობლემა.
დღეს საქართველოს პარლამენტმა შექმნა პრეცედენტი იმისა, რომ შეგიძლია შენს ქვეყანას უღალატო, შეგიძლია ღიად იმუშაო უცხო ქვეყანაზე, შეგიძლია ამბოხი მოაწყო შენი ქვეყნის ინსტიტუტების წინააღმდეგ, მათ შორის, სამხედრო ამბოხი და შენ ეს ყველაფერი შეიძლება გეპატიოს მხოლოდ იმიტომ, რომ საქართველოში მთავრობა შეიცვალა.
ეს არის ძალიან საშიში რამ. ჯერ-ჯერობით დიდი მწუხარებით მიწევს იმის კონსტატაცია, რომ ამ პარლამენტმა ხალხს თავი დაამახსოვრა მხოლოდ ორი რამით - პრეზერვატივებზე ბუსუსების აკრძალვით და პედოფილებისა და ჯაშუშების ციხიდან გამოშვებით. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს არის სამარცხვინო.
დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, ასეთ პრეცედენტს ვერც ერთი პარლამენტის ისტორიაში ვერ ვიხსენებ.
ამას დიდი გულისტკივილით ვამბობ, დიდი დანანებით და არა როგორც ქვეყნის პრეზიდენტი, არამედ როგორც ამ ქვეყნის მოქალაქე.
იმის პარალელურად, რომ ამდენი დამნაშავე ტოვებს ციხეს - თითქოს, ყველაფერი უკუღმა დადგა - რამდენიმე საათის წინ, ანტიკორუფციული გამოძიების მიზნით, ბათუმში დაკითხვაზე დაიბარეს ლევან ვარშალომიძე. არა მხოლოდ დაიბარეს, არამედ მთავრობის აქტივისტების ჯგუფი დაახვედრეს კართან, რომელმაც მას შეურაცხყოფა მიაყენა და გაიწიეს კიდეც მასზე.
მინდა ყველას ვუთხრა, რომ უნდა შევინარჩუნოთ საზოგადოებრივი ღირსება. ბათუმი და აჭარა, რომელიც მიწასთან გასწორებული და განადგურებული იყო. არავინ იცოდა რა იყო ბათუმი - მხოლოდ ჩვენ ვიცოდით რამდენად სავავალო მდგომარეობაში გახლდათ. ამ კაცმა ერთპიროვნულად, ჩემი დახმარებით, ეს კუთხე ფეხზე დააყენა და აქცია ისეთ რეგიონად, რომელსაც მთელი ევროპა და მსოფლიო შენატრის.
ნახეთ როგორი სტატიები იწერება, თვალები გაახილეთ და შეხედეთ რა ააშენა ვარშალომიძემ, რა გააკეთა აჭარაში და რას აშენებდა. აჭარა ნამდვილ წალკოტად აქცია. ააშენა არა მხოლოდ ფეშენებელური სასტუმროები, არამედ სოციალური დასახლებები; უამრავ ადამიანს გაუმართა ხელი და ათობით ათასი სამუშაო ადგილი შექმნა. თავად ვარ ამის მოწმე. დღე და ღამე არ მოუხუჭავს თვალი და არც პირადი ცხოვრება მოუწყვია და არც პირადი კეთილდღეობისთვის უზრუნია. დასდევდა ინვესტორებს, ქმნიდა სამუშაო ადგილებს, ფიქრობდა რა გაეკეთებინა კიდევ მშობლიური მხარისთვის.
იმ ხალხს, რომელიც ამბობს, რომ ასლან აბაშიძეს ბოდიში უნდა მოუხადოს და სეპატარისტის რეაბილიტაციას მოითხოვს, სურს ციხით დაემუქროს ვარშალომიძეს, რომელმაც აჭარა საქართველოს კონსტიტუციურ სივრცეში დააბრუნა. მთელი ამ წლების განმავლობაში ამ მიმართულებით ერთი გადაცდენაც არ ყოფილა და ეს არ იყო მარტივი პროცესი. მან შეძლო ამ კუთხის სამაგალითო რეგიონად ქცევა.
ვფიქრობ, გავა დრო და შეგვრცვხება, რადგან არ ვიცი რა გამართლება შეიძლება მოუძებნო ყოველივე ამას მომავალშიც.
დღეს აქ იყო ალეკო ხეთაგური - საქართველოს ენერგეტიკის ის მინისტრი, რომელმაც ნიკა გილაურთან ერთად გაანათა საქართველო, რომელმაც ნულიდან ააშენა ქართული ენერგეტიკა, ის დარგი, რომელსაც ახლა წარმატებით ანგრევენ. დღეს ენერგოკომპანიებს უხსნიან ვალდებულებებს, ე.ი. უნდათ, რომ მიგვაბან რუსეთს და გაგვხადონ ენერგოდამოკიდებული ამ ქვეყანაზე ხელახლა, ისე, როგორც ეს იყო შევარდნაძის დროს და საბჭოთა პერიოდში.
ალეკო ხეთაგურის გირაოს თანხა - 15 ათასი ლარი მისმა ყოფილმა თანამშრომლებმა შეაგროვეს - მე ვარ ამის მოწმე და ეს აქამდე არასდროს მითქვამს. არადა ეს კაცი მუდმივად მუშაობდა ისეთ თანამდებობებზე, რომლებზეც სხვადასხვა დროს ფულს აკეთებდნენ.
მას ეს 15 ათასი ლარიც კი არ აღმოაჩნდა. ვინც რა არ უნდა ილაპარაკოს, ეს არის სიმართლე.
ამდენი წლის განმავლობაში ეს ხალხი - ვარშალომიძე, ხეთაგური, ჩვენი მთავრობის ბევრი სხვა თანამდებობის პირი ერთად ვაშენებდით ქვეყანას და არა ჩვენს პირად კეთილდღეობას.
ჩვენი კეთილდღეობა საქართველოს კეთილდღეობაა. იმ ხალხს, ვინც ახლა მოვიდა ხელისუფლებაში, ეტყობა, ამის გაგება არც სურს და არც შეუძლია.
ამ შემთხვევაში მე მივმართავ საზოგადოებას - ჩვენ ყველამ უნდა მოვახდინოთ კონსოლიდაცია, რათა საბოლოოდ, ამ უსამართლობამ საქართველოში ვერ გაიმარჯვოს და დარწმუნებული ვარ, ვერც გაიმარჯვებს.
დღეს არის უსამართლობის ზეიმი, ამას ადასტურებს თუნდაც ზემოაღნიშნული ფაქტები. ასევე ზეიმია ერთ კონკრეტულ დედაქალაქში, იქ, სადაც აცხადებენ, რომ ძალიან დადებითი სიგნალები მიიღეს ჩვენი ქვეყნის ახალი მთავრობისა და ახალი პარლამენტისგან.
დღეს მათ გაუგზავნეს მორიგი დადებითი სიგნალი. მათ ალბათ მოიგეს. საქართველომ კი, ნამდვილად წააგო.
მიმაჩნია, რომ ეს დროებითი დამარცხებაა და შევძლებთ ყველაფერის შემობრუნებას. თუმცა ამისთვის გვჭირდება საზოგადოების ერთად დგომა. ღიად ვიმსჯელოთ ყველა ამ თემაზე, ვაწარმოოთ დისკუსია და საკუთარი დასკვნა გამოვიტანოთ.
დიდი მადლობა.