Google+

რელიზები

31.01.2013
საქართველოს პრეზიდენტი სამეცნიერო-კვლევით ცენტრ "დელტას" ესტუმრა

საქართველოს პრეზიდენტი დღეს სამეცნიერო-კვლევით ცენტრ ,,დელტაში“ არსებულ ვითარებას  გაეცნო და საწარმოში მიმდინარე პროცესებით დაინტერესდა. მიხეილ  სააკაშვილი გაერთიანებული შტაბის უფროსთან და საწარმოს ხელმძღვანელთან ერთად სამხედრო ტექნიკის მწარმოებლებს შეხვდა და საწარმოს შენარჩუნების მნიშვნელობაზე ისაუბრა. საქართველოს პრეზიდენტის თქმით , საწარმო თავდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში უნდა დარჩეს  და არსებული სამუშო ადგილებიც შენარჩუნდეს:

,,მნიშვნელოვანია, რომ არ გაჩერდეს და სრული დატვირთვით იმუშავოს ამ საწარმომ. იცით, რომ თქვენი ქარხანა რაღაც პოლიტიკური ბატალიების ცენტრში აღმოჩნდა. ამაზე მთელი დებატები იყო. ამბობდნენ, რომ ეს ყველაფერი არ არსებობს, ყალბია, არაფერი საქართველოში არ ეწყობა, ყველაფერი მოგონილია. თქვენ ხომ კარგად იცით, რომ ეს ყველაფერი თქვენი ხელებით არის გაკეთებული. ახლა ყველამ დაინახა, რომ ეს ასე არ არის. ამიტომ, ჩვენ ყველანი ვრწმუნდებით, რომ ეს ქარხანა შესანარჩუნებელია. ვფიქრობ, ხელმძღვანელობა ბევრს მუშაობს იმაზე, რომ დაიხვეწოს, რაღაც გაკეთდეს.

მთავარია, რომ სრული მოცულობით აღდგეს წარმოება და გაგრძელდეს შეკვეთები.  რაც მთავარია, მთავრობამ იშვილოს ეს ქარხანა. მისი შენარჩუნება აუცილებელია არა იმიტომ, რომ ჩემი ინიციატივით და ჩემი მთავრობის დროს დავაყენეთ   ფეხზე...არამედ ჩემ ჯინაზე არაფერი არ უნდა კეთდებოდეს. თუ ვინმეს უნდა, რომ ნიშანი მომიგოს, უკეთესი უნდა გააკეთოს, ახალი შეკვეთები უნდა მიიღოს, ახალი  შექმნას, განავითაროს და მაშინ შეუძლიათ თქვან, რომ იმაზე უკეთესი შექმნეს, ვიდრე სააკაშვილის მთავრობის დროს კეთდებოდა, რაც მეც გამიხარდება! ქვეყანა ყოველთვის უკეთესობისკენ უნდა წავიდეს და არა უარესობისკენ. ვფიქრობ, ეს ყველას ესმის.

თითოეული თქვენგანისათვის ეს ქარხანა ცხოვრებაა, სიცოცხლის ნაწილია და მე კი ძალიან მადლობელი ვარ იმისათვის, რომ შევინარჩუნეთ იგი. თქვენ რომ არ შეგენარჩუნებინათ, აქ არცერთი არ ვიდგებოდით. ამ ხალხს დიდი გაფრთხილება უნდა, რადგან მათ უამრავი რამ გადაიტანეს. მათ რუსები ბომბავდნენ და არ წასულან საამქროდან. მათ ვერაფერი დაგაკლეს და ვერც დაგაკლებენ იმიტომ, რომ მაგრები ხართ! დაგბომბეს, რა არ ქნეს, 2 წელი არც გავიდა და დაიწყო თქვენი პროდუქციის გამოშვება. გაოცებული გიყურებდნენ!“-აღნიშნა პრეზიდენტმა საუბრისას .

მანვე ის სავალალო მდგომარეობა გაიხსენა, რომელშიც საწარმო წლების განმავლობაში იყო. მდგომარეობა კი მხოლოდ მას შემდეგ გამოსწორდა, რაც ,,დელტა“  2010 წელს თავდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში გადავიდა. ამ პროექტის თანახმად , პრეზიდენტის ინიციატივით,  შემდგომ წლებში საწარმო კიდევ უნდა გაფართოებულიყო და ხუთიათასამდე ადამიანი დასაქმებულიყო.

 ,,2003-2004-ში, რომ მოვედი ხალხი აქ მართლა მშიერი დამხვდა. მაშინ ჯარიც მშიერი იყო და  მთელი ქვეყანაც. მერე თავდაცვამ შეიყვანა თავის დაქვემდებარებაში, აამუშავა და ფეხზე დააყენა ქარხანა, იმიტომ რომ სანამ კომერციულ ხელში იყო არაფერი არ გამოვიდა. რეალურად როდესაც მოვკიდეთ  ხელი და ეს ქარხანა სახელმწიფომ ჩაიბარა, შეკვეთები წამოვიდა , რამაც დააყენა ფეხზე აქაურობა. ვიცი, რომ დაპირება გაქვთ ხელმძღვანელობისგან. თქვენის ნებართვით, რამდენიმე თვეში მოვალ და ერთად გადავამოწმოთ ამ დანაპირების შესრულება. იმედია, ამას მოისმენს მთავრობა და გაითვალისწინებს. დაპირება კი იმას გულისხმობს, რომ ახლა თქვენი ნაწილი ტრეინინგებზე იმიტომ არის გაშვებული და წარმოების რაღაც ნაწილი შეჩერებული, რომ მერე ხელფასები მოგიმატონ. რამდენიმე თვეში მე დავბრუნდები და ვნახავთ განახლებულ წარმოებას, სადაც უკეთესი ხარისხის პროდუქცია და მეტი ხელფასები იქნება!“ -აღნიშნა პრეზიდენტმა. მისივე თქმით საწარმოს სტრატეგიული მნიშვნელობიდან გამომდინარე მისი შეძენის სურვილი და ინტერესი ყოველთვის ჰქონდა რუსულ მხარეს. დღესვე პრეზიდენტმა ადგილზე წარმოდგენილი ეროვნული წარმოების  სამხედრო ტექნიკა და  აქსესუარებიც დაათვალიერა.

მიხეილ სააკაშვილთან ერთად დღეს ,,დელტას“ ჯავშანმანქანა ,,ლაზიკას“ დიზაინის ავტორი ზვიად ციკოლიაც სტუმრობდა, რომელიც ახალი ხელმძღვანელობის მოსვლამდე  დელტასთან თანამშრომლობდა. პრეზიდენტმა აქვე დასძინა რომ, მისთვის დასანანია, რომ დღეს ციკოლიას მსგავსი პროფესიონალები იძულებულნი არიან დატოვონ ქვეყანა

,,თავის დროზე დიდი ბრძოლით დავათმობინეთ ციკოლია ჩვენთვის და მილანიდან საქართველოში ჩამოვიყვანეთ, ახლა ქვეყანას ტოვებს...როგორც ჩანს, ალბათ საქართველოში აღარავის სჭირდება. იმედს ვიტოვებ, ეს რომ ეს ყველაფერი დროებითია,“-დასძინა მიხეილ სააკაშვილმა.    

 



ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (12)
2009 (12)
2008 (12)
2007 (12)
2006 (12)
2005 (11)