Google+

რელიზები

07.04.2006
საქართველოს პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრომ აფხაზეთის უძრავი ქონების თანამგზავრული ფოტომასალა წარუდგინა

დღეს სახელმწიფო კანცელარიაში საპრეზიდენტო პროგრამის "ჩემი სახლის" პრეზენტაცია გაიმართა. ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს წარმომადგენლებმა საქართველოს პრეზიდენტს თანამგზავრული ფოტომასალა წარუდგინეს, რომელიც აფხაზეთის ტერიტორიაზე მდებარე უძრავი ქონების დეტალური აღწერის საშუალებას იძლევა. პროექტის ფარგლებში ჩატარებული სამუშაოების შედეგად, უკვე შესაძლებელია გუდაუთის ყოველი სახლის, ქუჩისა, თუ მიწის ნაკვეთის შესახებ დაწვრილებითი ინფორმაციის მიღება. როგორც პროგრამის ავტორები აცხადებენ, მოპოვებული მასალით შესაძლებელია აფხაზეთში საქართველოს მატერიალური ზარალი დაზუსტდეს. მიხეილ სააკაშვილის თქმით, ეს პროგრამა შემდგომში აფხაზეთის სეპარატისტული მთავრობის მიერ უძრავი ქონების გასხვისების პროცესს ხელს შეუშლის.

აფხაზეთიდან დევნილთა ქონების საინფორმაციო ბაზის შესაქმნელად, საქართველოს პრეზიდენტი საკუთარი ფონდიდან რამდენიმე მილიონ ლარს გამოყოფს. როგორც მიხეილ სააკაშვილმა აღნიშნა, ყველა ეროვნების მოქალაქეს, რომლებმაც აფხაზეთი 1992-1993 წლების შეიარაღებული კონფლიქტის შედეგად იძულებით დატოვეს, ქონება ხელახლა უნდა დაუკანონდეს.

საქართველოს პრეზიდენტის თქმით, ეს საშუალებას მისცემს ხელისუფლებას, რომ ნებისმიერ საერთაშორისო ინსტანციაში საკუთარი მოქალაქეების უფლებები დაიცვას და აფხაზეთში ქონების მითვისების საშუალება არავის მისცეს.

„ეს პროგრამა ჩემი ინიციატივთი დაიწყო, როგორც კი გავიგე, რომ ეგრეთწოდებული მთავრობა თქვენი ქონების გაყიდვის შესახებ იღებს კანონს, როცა ვსაუბრობთ თქვენს ქონებაზე, საუბარია არა მხოლოდ ეთნიკური ქართველების ქონებაზე, არამედ საუბარია ეთნიკური ბერძნების, ესტონელების, უკრაინელების ქონებაზე. თურმე აქ სხვა ქვეყნებიდან გადამთიელები უნდა ჩამოვიდნენ და ეს ქონება იყიდონ. ჩვენ უკვე ვართ სახელმწიფო, რომელსაც ამაზე მნიშვნელოვანი ამოცანა არ აქვს. ჩვენ გვაქვს ტექნიკური საშუალებები და ფული, საკმარისი სამართლებრივი საფუძველი იმისა, რომ ყოველი საკუთრება აქ ხელშეუხებელი იქნება და თუკი ამას ვინმე დაეპატრონება, ეს იქნება კანონდარღვევა, ბანდიტიზმი და ყაჩაღობა. ეს დასჯადია, როგორც ჩვენი, ასევე საერთაშორისო კანონებით. როცა საუბრობენ, რომ აფხაზეთი კოსოვოა, ამ ხალხს ავიწყდება მარტივი რამ - კოსოვოსაგან განსხვავებით, აფხაზეთიდან ხალხი ეთნიკური წმენდის შედეგად გაყრილია, მათი ქონება კი, იქ არის დარჩენილი.

მე მინდა ვუთხრა ყველა ეროვნების წარმომადგენელს, ვისაც აქ კანონიერად ცხოვრების უფლება ჰქონდა, ერთად დავაფიქსიროთ თქვენი უფლებები. მე ამისათვის რამოდენიმე მილიონ ლარს გამოვყოფ. ამას დრო დასჭირდება. ქონების სერთიფიკატებით შეიარაღებულებს ჩვენ შეგვეძლება ნებისმიერ უცხოურ კომპანიას უკანონო მფლობელობა დავუმტკიცოთ. ჯერ არსად მსოფლიოში ბანდიტიზმი არავის დაუკანონებია. ჩვენ გვინდა მშვიდობიანი გადაწყვეტა, რაც ნიშნავს ქონების და ადამიანის უფლებების ხელშეუხებლობას. ეს საქართველოს ტერიტორიაა, სადაც ადამიანის უფლებები დაცული უნდა იყოს. ეს ჩვენი ნათლად გამოხატული პოლიტიკაა. ჩვენ გვინდა მშვიდობიანი განვითარება დემოკრატიულ ფარგლებში. დემოკრატია კი, კანონის უზენაესობას გულისხმობს," - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა.


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის მასმედიასთან და
საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (12)
2009 (12)
2008 (12)
2007 (12)
2006 (12)
2005 (11)