Google+

რელიზები

12.12.2006
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ზუგდიდსა და აჭარას ესტუმრა

დღეს საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ზუგდიდში ახალი, მერაბ კოსტავას სახელობის მე-2 საშუალო სკოლა გახსნა, რომელიც ევროპულ სტანდარტებს სრულად აკმაყოფილებს. პრეზიდენტმა მოსახლეობასთან საუბრისას აღნიშნა, რომ მისთვის ეს უმნიშვნელოვანესი დღეა, რადგან, დანაპირები შესრულდა. ოფიციალური მონაცემებით, ახალი სკოლის რეკონსტრუქციისთვის მილიონ 200 ათასი ლარი მიმდინარე წლის სახელმწიფო ბიუჯეტიდან, ხოლო სკოლის ტექნიკური აღჭურვილობისთვის 280 ათასი ლარი საპრეზიდენტო ფონდიდან გამოიყო.

"ჩემი საპრეზიდენტო პირველი ვადის დასრულებამდე, საქართველოს ყველა რაიონულ ცენტრში ამ სკოლის მსგავსი სკოლა უნდა აშენდეს. ეს ძალზე დიდი ამოცანაა - ეს ყველაფერი მრავალი მილიონი დაჯდება, მაგრამ იმაზე უკეთეს საქმეში, თუ არა ჩვენი ბავშვების განათლებაში, კეთილდღეობასა და კომფორტში, ფულს ვერაფერში დავხარჯავთ", - განაცხადა ქვეყნის პრეზიდენტმა. საუბრისას მიხეილ სააკაშვილი გალის რაიონის სკოლებთან დაკავშირებულ პრობლემებსაც შეეხო, იქაურ პედაგოგეგბს სრული მხარდაჭერა აღუთქვა და აღნიშნა, რომ უმაღლესი სტანდარტების შესაბამისი სკოლები გალის რაიონშიც გაიხსნება.

"მინდა სრული მხარდაჭერა გამოვუცხადო განსაკუთრებით გალის პედაგოგებს, რადგან მათ ავიწროებენ და მსურს ყველას ვუთხრა, რომ არავის არსად - საქართველოს სხვა რეგიონებთან ერთად, არც აფხაზეთსა და არც, განსაკუთრებით გალში, არ დავაჩაგვრინებ. მინდა გავაფრთხილო ყველა, ვისაც ხელები მათკენ გაურბის, თმის ღერიც არ ჩამოვარდეს რომელიმე პედაგოგს, რომელიც ბავშვებს მშობლიურ, ქართულ ენაზე ასწავლის. ქართული სახელმწიფო მათ ბოლომდე დაიცავს", - აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.

„საქართველოს მთავრობამ ზუგდიდში ინტენსიურად უნდა იმუშაოს, რადგან ეს კონფლიქტისპირა, რთული რეგიონია."- ეს განცხადება პრეზიდენტმა ზუგდიდში საქართველოს მთავრობის მშენებარე რეზიდენციის მონახულებისას გააკეთა.

მიხეილ სააკაშვილმა გუბერნატორს წლის დამლევამდე ენგურის ხიდამდე მისასვლელი ავტოსტრადის მშენებლობის დასრულება დაავალა.

პრეზიდენტი ზუგდიდის მოსახლეობას ზღვის სანაპიროს კეთილმოწყობას, პარტრიოტთა ბანაკის აშენებასა და ანაკლიაში ავტობუსის დანიშვნას დაპირდა, რომლითაც მგზავრობის ღირებულება ერთ ლარი იქნება.

"აქ უნდა იყოს ნამდვილი შტაბი, სადაც მუდმივად ჩამოვალთ და თუ საჭირო იქნება ღამითაც დავრჩებით-ხოლმე. ეს იმისათვის კეთდება, რომ ამ რთულ რეგიონში, სადაც ბევრი დევნილი, კონფლიქტის ზონასთან დაკავშირებული მუდმივი რისკ-ფაქტორებია საქართველოს ხელისუფლება მუდმივად იყოს. რაც შეეხება, ინფრასტრუქტურულ პროექტებს, გზის მშენებლობა ზაფხულამდე უნდა დასრულდეს, ზაფხულში ანაკლიაში უნდა დაინიშნოს ავტობუსი, რომელიც ყველა მსურველს კომფორტულად ატარებს და მისი ღირებულება მაქსიმუმ ერთი ლარი იქნება. ასევე, ანაკლიაში უნდა გავხსნათ პატრიოტთა დიდი ბანაკი. სამარცხვინოა ის ფაქტი, რომ ენგურის ხიდთან დანგრეული გზით გვიწევს მისვლა. აფხაზეთის ადმინისტრაციულ საზღვართან კარგად განათებული და გამართული ავტოსტრადით უნდა მივდიოდეთ", - აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.

ზუგდიდიდან პრეზიდენტი ციხისძირში ჩავიდა, სადაც ახალი წყალსაქაჩი სისტემისა და წყლის რეზერვუარის გახსნას დაესწრო და განაცხადა, რომ წლის პრობლემა ქვეყნის ყველა საკურორტო ზონაში ერთი წლის განმავლობაში უნდა გადაწყდეს, ქობულეთი კი საერთაშორისო დონის ადგილად უნდა იქცეს.

"აქ დამოუკიდებლობასთან ერთად წყალიც გაჩნდა. ჩვენ ავაშენეთ წყალსადენი, რომელიც მილიონნახევარი ლარი დაჯდა და მსგავსი რამ საქართველოში კიდევ ას ადგილზე უნდა გავაკეთოთ. გვეყო, რაც ამდენი წლის განმავლობაში ნანგრევებს ვუყურეთ, ეხლა ყველამ ერთად აღმშენებლობაში უნდა მივიღოთ მონაწილეობა. ეს მხოლოდ გეგმები კი არა, ხელმოწერილი კონტრაქტები, ნაკისრი ვალდებულებები და უკვე აშენებული ორი დიდი სანატორიუმია. რამდენიმე სანატორიუმი ბათუმშიც შენდება და 2008-2009 წლებში ეს ადგილი ანტალიას არ უნდა ჩამოუვარდებოდეს. ეს გაზვიადებული ნათქვამი არ არის - როგორც ვამბობ, ნამდვილად ასე ვფიქრობ და ასეც იქნება", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის მასმედიასთან და
საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (12)
2009 (12)
2008 (12)
2007 (12)
2006 (12)
2005 (11)