18.04.2013
მიხეილ სააკაშვილმა ჯავახეთის აღმშენებლობის პროცესის გაგრძელების აუცილებლობაზე ისაუბრა
საქართველოს პრეზიდენტმა ახალქალაქში ჯავახეთის რეგიონის განვითარებისა და აღმშენებლობის გაგრძელების აუცილებლობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ უმოქმედობამ, შესაძლოა, რეგიონის იზოლაცია გამოიწვიოს. მისი თქმით, აუცილებელია დაწყებული პროექტების გაგრძელება, რაც ხალხის დასაქმებასა და კეთილდღეობას შეუწყობს ხელს.
„ბოლო წლების განმავლობაში ახალქალაქში სრულიად უიმედო ვითარება იყო. ჩვენ ყველაფერი უკეთესობისკენ შემოვაბრუნეთ და ეს სწორედ იმით დავიწყეთ, რომ აქედან რუსული სამხედრო ბაზა გავიყვანეთ, მოვშალეთ რუსული აგენტურა და შემოვედით განვითარებით. ჩვენ გავხსენით ქართული სკოლა, ჩამოვიყვანეთ ქართული ენის მასწავლებლები... დავიწყეთ საუკუნის პროექტი - პეკინი-ლონდონის რკინიგზის გაყვანა, რომლის მთავარი, ცენტრალური ქსელი იქნება სწორედ აქ, ახალქალაქში. ეს ნიშნავს იმას, რომ შეიქმნება ათასობით და ათი ათასობით სამუშაო ადგილი. ამას ემატება რაბათის ციხე, გოდერძის გზა, ქუთაისის გზა, რომელიც აბასთუმანზე გადის. სამწუხაროდ, დღეს ორივე მშენებლობა გაჩერებულია, მაგრამ აუცილებლად უნდა განახლდეს, რადგან უმოქმედობა ამ ადგილის იზოლაციას მოახდენს. ამ პროექტების გაგრძელება კი, ერთხელ და სამუდამოდ მოგვიხსნის პრობლემას. ასევე არ შემიძლია დიდი გულისტკივილით არ ვთქვა, რომ ბოლო დროს დაწყებული ლაპარაკი გარკვეული დოკუმენტების რატიფიკაციის თაობაზე, ხელოვნურად ჯავახეთს გამიჯნავს დანარჩენი საქართველოსგან. პირადად მე ვემხრობი რუსეთთან ურთიერთობის გახსნის, დავიწყოთ სავაჭრო და კულტურული ურთიერთობები, მაგრამ სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის თემებით თამაში რუსეთთან და ორაზროვანი ურთიერთობა ევროპასთან, მომავალში წარმოუდგენელ პრობლემას შეგვიქმნის. თუ მსგავსი დამოკიდებულება დროულად არ შევაჩერეთ, ამ შემთხვევაში, ამ რეგიონში გვექნება პრობლემები. ამ რეგიონის განვითარებისა და ამ რეგიონის ინტეგრაციის საქმეში დანარჩენ საქართველოსთან სული და მთელი გული ჩავდე. საქართველოს უახლესი ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე წარმოუდგენელი ნაწილია ის, რაც აქ მოხდა - ყველაფერი ჩუმად, ყოველგვარი ხმაურისა და რეკლამის გარეშე გავაკეთეთ და ასეთი ხმაურით, ახლა, თუკი საქართველო არ შეინარჩუნებს სუვერენიტეტს, არ გააგრძელებს ევროპისკენ სვლას და გადავა უთავმოყვარეობისა და უღირსობის რელსებზე, შეიძლება, ყველაფერი წყალში ჩაგვეყაროს. ამ ჩამოსვლისას კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ პერსპექტივა აქ ძალიან დიდია. ეს ხალხი მართლაც ჩვენი ხალხია და მას ყველანაირად უნდა დავეხმაროთ, მაგრამ აქ ხელი არავინ არ უნდა აფათუროს. ვიდრე მე, როგორც პრეზიდენტს რამე მეკთხება, ეს არ მოხდება, მაგრამ ეს ტენდეცია ყველამ ერთად უნდა გავაჩეროთ, რადგან საქართველოს ბედი წყდება, მათ შორის, აქ, ჯავახეთში“, - განაცახადა საქართველოს პრეზიდენტმა.