Google+

რელიზები

28.01.2007
საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ინტერვიუ რადიოსადგურთან ”ეხო მოსკვი”

27 იანვარს საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა რადიოსადგურის "ეხო მოსკვი" ჟურნალისტებს - სოფიკო შევარდნაძესა და ვიტალი დიმარსკის ინტერვიუ მისცა. საქართველოს პრეზიდენტმა რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის სხვადასხვა ასპექტის შესახებ უპასუხა კითხვებს. საუბარი ასევე კონფლიქტების ზონებსაც შეეხო. შეკითხვაზე, თუ როგორ აპირებს საქართველო აფხაზეთის დაბრუნებას და შესაძლებელია თუ არა ამ რეგიონში ძალის გამოყენება, საქართველოს პრეზიდენტმა უპასუხა: "სამი წლის წინათ, როდესაც საქართველოს პრეზიდენტი გავხდი, ქვეყანა დანგრეული და განადგურებული, ხოლო ეკონომიკა ძალზე სავალალო მდგომარეობაში იყო. მაშინ ვერც აფხაზებს და ვერც ქვეყნის სხვა მოქალაქეებს ვერაფერს ვთავაზობდით. ეხლა სხვა ვითარებაა და შესათავაზებელიც ბევრი გვაქვს... ქვეყნის გასაერთიანებლად ისეთი სახელმწიფო უნდა შევქმნათ, რომელიც მისი თითოეული მცხოვრებისთვის იქნება ხელსაყრელი".

მიხეილ სააკაშვილის თქმით, სასურველი იქნებოდა, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაში რუსეთსაც შეესრულებინა დადებითი როლი, რადგან "რუსეთთან შედარებით, ამ რეგიონში ნებისმიერი საერთაშორისო სხვა ძალა ბევრად სუსტია და მას ნაკლები ბერკეტი აქვს". მიხეილ სააკაშვილმა იმედი გამოთქვა, რომ რუსეთს საკმარისი პოლიტიკური რესურსი აღმოაჩნდება პოზიტიური გავლენის მოსახდენად, რადგან სამხრეთ კავკასიაში რაიმე სახის დესტაბილიზაცია რუსეთის ინტერესებს არანაირად არ შეესაბამება.

საქართველოს პრეზიდენტმა ასევე განაცხადა: "აფხაზეთში 600 ათასი ადამიანი ცხოვრობდა, ახლა კი იქ 100 ათასი თუ იქნება დარჩენილი. თანაც იქიდან 1990-იან წლებში არა მარტო ქართველები, არამედ ესტონელები, უკრაინელები, ებრაელები და სხვა ეროვნების მოქალაქეები გამოყარეს... დღეს ჩვენ განადგურებული აფხზეთი გვაქვს. განადგურებულ და დაცლილ სამხრეთ ოსეთში კი, პრაქტიკულად, სამხედრო ბანაკია მოწყობილი. ცხინვალი მთის შესანიშნავი ქალაქია, ძალიან ლამაზი მოსახლეობით. ამჟამად იქ მხოლოდ 7 ათასია მცხოვრებია დარჩენილი, თუმცა ადრე 60-70 ათასი ადამიანი ცხოვრობდა. მათ გარს ტანკები კი არ უნდა შემოვარტყათ, გაურკვეველი გლობალური პოლიტიკის მძევლებად კი არ უნდა ვაქციოთ, არამედ ნორმალური ცხოვრების საშუალება უნდა მივცეთ, რადგან ცხინვალელებისა და სამხრეთ ოსეთის მცხოვრებთა შველა არანაირ მსოფლიო პოლიტიკას არ შეუძლია, პრობლემები ადგილობრივად, ხალხმა ერთობლივად უნდა გადაჭრას".

მიხეილ სააკაშვილმა იმ ფაქტებზეც გაამახვილა ყურადღება, რომ საკუთარი სახლებიდან უკანონოდ გამოსახლებული და სხვა ქალაქებსა თუ ქვეყნებს შეფარებული ადამიანები დღეს უკვე მეორედ განიცდიან დევნას. მაგალითად კი ის ფაქტები მოიყვანა, რომლებიც ცოტა ხნის წინათ რუსეთის ტერიტორიაზე მოხდა. "ეს ხალხი უსამართლობის მსხვრპლი მეორედ ხდება და ეს ვითარება ხელოვნურადაა შექმნილი. ჩვენ ამას ვერ შევეგუებით". მიხეილ სააკაშვილმა რუსეთის მხარეს ურთიერთობის განვითარებისკენ და დიალოგისკენ მოუწოდა.

აფხაზეთში გამართული რეფერენდუმის შესახებ საუბრისას, საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ეს დემოკრატიული პროცესის პაროდია იყო, რადგან ადგილობრივი მოსახლეობის უდიდესი ნაწილი იქ არ იმყოფებოდა. "პროცესი დემოკრატიული მხოლოდ მაშინ იქნება, როდესაც იქ ყველა ის ადამიანი დაბრუნდება, რომელსაც ამ პროცესებში მონაწილეობის უფლება აქვს და ამ უფლებას უსაფრთხოების პირობებში რეალურად მიიღებს. უახლოეს მომავალში გავმართავთ საქართველოს უშიშიშროების საბჭოს გაფართოებულ სხდომას, სადაც ქართული ოპოზიციის წარმომადგენლებსაც მოვიწვევთ. ჩვენ გვსურს ოპოზიციასთან ერთად განვიხილოთ ის წინადადებები, რომლებიც აფხაზეთის ფაქტიურ ხელისუფლებას უნდა შევთავაზოთ. უნდა ითქვას, რომ ეს ხელისუფლება აფხაზეთის მხოლოდ ნაწილს მართავს, რადგან ზემო აფხაზეთს აფხაზეთის ლეგიტიმური მთავრობა აკონტროლებს. ჩვენი სურვილია, რომ ფაქტობრივ ხელისუფლებას, რომელიც აფხაზეთის დანარჩენ ნაწილს აკონტროლებს, პირდაპირი დიალოგის დაწყებისკენ მოვუწოდოთ, ყოველგვარი შუამავლის გარეშე, თუმცა, ამასთან, ყველა შუამავლის კონსტრუქციულ როლს მივესალმებით. რაც შეეხება სამხრეთ ოსეთს კი, იქ უბრალოდ უსაფრთხო გარემო უნდა შევქმნათ და ხალხი ყველაფერს თავად მოაგვარებს".

მიხეილ სააკაშვილმა ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტზე, რომ არც ერთი ერის მიმართ ქართველ ხალხს აგრესია არ გააჩნია, მით უმატეს არც აფხაზების და არც ოსების მიმართ. ამასთან, ისიც აღნიშნა, რომ აგრესიის გამოვლინებას არც მათი მხრიდან არ ისურვებდა. "რაც მეტად იზოლირებული იქნებიან, გათიშულობა მით მეტ ხანს გასტანს ".

მიხეილ სააკაშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველოს გამთლიანების იდეა გულისხმობს ქვეყნის ყველა მოქალაქის თანაცხოვრებას მრავალეროვან, მულტიკულტურულ, მულტიკონფესიურ გარემოში.


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (12)
2009 (12)
2008 (12)
2007 (12)
2006 (12)
2005 (11)