Google+

რელიზები

31.03.2007
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თბილისის 51-ე საშუალო ესტუმრა

დღეს საქართველოს პრეზიდენტი თბილისის 51-ე საშუალო სკოლას ესტუმრა და მასწავლებლებს, მოსწავლეებსა და მათ მშობლებს მოზარდთა შორის დანაშაულის გაზრდის პრობლემის თაობაზე ესაუბრა. შეხვედრას განათლების მინისტრი კახა ლომაია ესწრებოდა.

"მინდა გითხრათ რომ ეს დიდი ბრძოლაა და ჩვენ ამ ბრძოლის დასაწყისში ვიმყოფებით. დღესაც არიან პოლიტიკოსები, რომლებიც ამბობენ, რომ "ქუჩის აკადემია" აქვთ გავლილი. რა არის "ქუჩის აკადემია"? ეს ყველაზე დიდი გარეწრების, უტვინო და უნიჭო ადამიანების თვყრილობაა, რომლებიც საკუთარ თვს "ქუჩის აკადემიკოსებს" უწოდებენ. რეალურად, ამ ხალხმა ვერაფერს ვერ მიაღწია, მუშაობა არ იცის, სწავლობდა ცუდად და სპორტში არაფერი არ გამოუვიდა. ამ ადამიანებმა იციან მხოლოდ ბნელ კუთხეში დგომა, ვინმეს გამოჭერის შემთხვევაში - დაცინვა, დაშანტაჟება, თუ შეძლებენ ფულის გამოძალვა და შემდეგ ამით ტრაბახი. მინდა ყველას გვესმოდეს, რომ არავინ არაფრით არ არის გამორჩეული - ერთადერთი რაც ადამიანს გამოარჩევს არის ნიჭი და შრომა. სხვა კრიტერიუმი არ არსებობს. ჩვენს შეხვედრას ესწრება ქალბატონი, რომლის შვილს რამდენიმე დღის წინათ სკოლაში მიყვანისთანავე თანაკლასელი დაესხა თავს და დანით რამდენიმე ღრმა ჭრილობა მიაყენა. მინდა გკითხოთ - ჩვენ რა უნდა გავაკეთოთ ასეთი ხალხის წინააღმდეგ? ზუსტად ვიცი, რომ ენაგატლეკილი დამცველები პირველი შემთხვევისთანავე გრძელ რიგში ჩადგებიან, რათა დამნაშავე საჯაროდ დაიცვან. რა წარმოადგენს ჩვენი ინტერესს - ნაძირალას ქომაგი, თუ საზოგადოების, ამ ქალბატონისა და მისი შვილის დაცვა? გუშინწინ, დაბადების დღიდან გამოსულ 18 წლის ბიჭს სადარბაზოში ყველას თვალწინ ესროლეს, დამნაშავეები გაიქცნენ, მაგრამ ჩვენება იქ მყოფმა არც ერთმა ახალგაზრდამ არ მისცა. ისინი, ალბათ, საქართველოსა და მეგობრობის სადღეგრძელოებსაც სვამდნენ. არაკაცები მარტო მკვლელები კი არ არიან, არამედ ისინიც, ვინც ეს ნახა, ვინც ცოტა ხნით ადრე სიყვარულს ეფიცებოდნენ ერთმანეთს, მათ შორის, მოკლულს და პოლიციას ერთი სიტყვაც არ უთხრეს მომხდარის შესახებ. მკვლელებისგან რომ არაფერი დადგება ეს ჩემთვის ცნობილია, მაგრამ იმათგან თუ გამოვა რამე, ვინც იმ დროს ეზოში იყო, პოლიციას არაფერი უთხრა და მიაჩნიათ, რომ ეს "ჩაშვება" იქნებოდა. თუმცა მათგან რა გვიკვირს, პოლიტიკოსები ტელევიზიით აცხადებენ, რომ მთავრობამ დააკანონა "ჩაშვება". მთავრობა ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ მკვლელობები შეწყდეს და კანონმა იკანონოს. ეს ყველამ კარგად უნდა დავიმახსოვროთ. ერთხელ, ამ დარბაზში ქურდობისთვის გასამართლებული ჩვენი სკოლელის პროცესი მიჩვენეს და ეს მთელი ცხოვრების განმავლობაში დამამახსოვრდა. ამიტომ, როდესაც იუსტიციის მინისტრი გავხდი, ციხეში წავიყვანე ბავშვები, მათ შორის ჩემი ყოფილი სკოლიდან, რათა ენახათ რა იყო ციხე და რომ რომანტიკული იქ არაფერია. მინდა, რომ ყველა ადამიანს ეს ბაბავშვობიდანვე ჩაებეჭდოს. კარგად მახსოვს, ის, ვინც ჩემი ბავშვობის დროს ძველი ბიჭი ან მაყურებელი იყო, დღეს ან ციხეშია, ან მკვდარია, ან მან ცხოვრებაში ვერაფერს ვერ მიაღწია. აღვირახსნილობა და თავაშვებულობა არც ერთი ნორმალური საზოგადოების მიერ არ შეიძლება იყოს მხარდაჭერილი. ყველამ ერთად უნდა დავიცვათ ერთმანეთი და განსაკუთრებით ჩვენი ბავშვები. ეს ძალზე მნიშვნელოვანია", - განაცხადა ქვეყნის პრეზიდენტმა.

შეხვედრას 62-ე სკოლაში მომხდარი ინციდენტის დროს დაჭრილი ენრიკო ჯინჭარაძის დედაც ესწრებოდა, რომელმაც საქართველოს პრეზიდენტსა და განათლების მინისტრს თანაგრძნობისა და ყურადღებისათვის მადლობა გადაუხადა.


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (12)
2009 (12)
2008 (12)
2007 (12)
2006 (12)
2005 (11)