Google+

რელიზები

16.04.2007
საქართველოს ოფიციალური ვიზიტით პოლონეთის პრეზიდენტი ლეხ კაჩინსკი ესტუმრა

საქართველოში ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით პოლონეთის პრეზიდენტი ლეხ კაჩინსკი იმყოფება. ოფიციალური დახვედრის ცერემონია საკანონმდებლო ორგანოს ეზოში გაიმართა, რის შემდეგაც პოლონეთისა და საქართველოს პრეზიდენტების პირისპირ შეხვედრა შედგა. საუბარი საქართველოსა და პოლონეთის სტრატეგიული თანამშრომლობის საკითხებს შეეხო. პირისპირ შეხვედრის შემდეგ მოლაპარაკებები დელეგაციის გაფართოებული შემადგენლობით გაგრძელდა. ოფიციალური მოლაპარაკების დასრულებისთანავე პარლამენტის შენობაში საქართველოს პრეზიდენტმა პოლონელ კოლეგასთან ერთად ერთობლივი პრესკონფერენცია გამართა. პოლონეთი ევროკავშირის ქვეყნებს შორის საქართველოს ორიენტირი და შუქურაა,-განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა. მიხეილ სააკაშვილის თქმით, წლების განმავლობაში ორ ქვეყანას შორის დიდი ისტორიული, კულტურული და ემოციური ურთიერთობები ჩამოყალიბდა. საქართველოს პრეზიდენტი იმედოვნებს, რომ პოლიტიკური თანამშრომლობის გარდა, რაც ნატო-ში გაწევრიანების მხარდაჭერაში გამოიხატება, პოლონეთთან მჭიდრო ეკონომიკური ურთოერთობებიც გაღრმავდება.

ლეხ კაჩინსკი იმედს გამოთქვამს, რომ 2008 წელს საქართველო ნატო-ს წევრობის სამოქმედო გეგმაზე გადავა. პოლონეთის პრეზიდენტის განცხადებით, მომავალი წლის აპრილში, სავარაუდოდ, პორტუგალიის დედაქალაქ ლისაბონში ნატო-ს მორიგი სამიტი გაიმართება. მისი განცხადებით, საქართველო ევროატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანების გზაზე კიდევ ერთ მნიშვნელოვან ნაბიჯს გადადგამს. „ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს ნატო-ში გაწევრიანებას, იგივე ითქმის ევროკავშირზეც. როცა საუბარია სტაბილურობის პერსპექტივაზე, უნდა აღინიშნოს ის წარმატება, რასაც საქართველომ ეკონომიკური განვითარების თვალსაზრისით მიაღწია".

პოლონეთის პრეზიდენტის თქმით, საქართველო-პოლონეთის შორის მეგობრობის მიუხედავად, სავაჭრო ბრუნვა და ინფორმაციის გაცვლა საკმაოდ ნელი ტემპებით ვითარდება. მან აღნიშნული საკითხების გადასაჭრეოლად საქართველოს პრეზიდენტი მაისის თვეში თავის სამშობლოში მიიპატიჟა. ბრიფინგის დასასრულს, მიხეილ სააკაშვილმა მადლობა გადაუხადა პოლონეთის პრეზიდენტს გამოცხადებული მხარდაჭერისთვის.

დღესვე ლეხ კაჩინსკიმ საქართველოს ერთიანობისათვის დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო. მოგვიანებით, თბილისის სახელმფიწო უნივერსიტეტში ლეხ კაჩინსკისთვის საპატიო დოქტორის მინიჭების ცერემონია გაიმართა. ვიზიტის დასასრულს, კი პოლონეთის პრეზიდენტმა საბჭოთა ოკუპაციის მუზეუმი დაათვალიერა.

პოლონეთის პრეზიდენტი ლეხ კაჩინსკი საქართველოდან 16 აპრილს გაემგზავრება.


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (12)
2009 (12)
2008 (12)
2007 (12)
2006 (12)
2005 (11)