Google+

რელიზები

24.07.2007
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ახლადდამონტაჟებული სათვალთვალო კამერების პრეზენტაციას დაესწრო

დღეს საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის ახლადდამონტაჟებული სათვალთვალო კამერების პრეზენტაციას დაესწრო. მიხეილ სააკაშვილი ამ სისტემის დეტალებითა და მუშაობით დაინტერესდა. პრეზიდენტმა პირადად მიადევნა თვალი იმ "ავტოხულიგნებს", რომლებიც ქუჩებში საგზაო მოძრაობის წესებს არღვევდნენ.

როგორც საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა მას განუმარტეს, დღესდღეობით მთლიანად კონტროლდება ქალაქის ცენტრალური ნაწილი. მათი განცხადებით, თბილისში უკვე 400 კამერაა დამონტაჟებული. ამჟამად სამუშაოები მიმდინარეობს ვარკეთილსა და გლდანში, ხოლო აღნიშნული სისტემა შემოდგომით ყველა გარეუბანს მოიცავს. სულ ქალაქში 1000 ასეთი კამერა დამონტაჟდება და წლის დამლევამდე მთელი ქალაქის გაკონტროლება იქნება შესაძლებელი.

"უწინარეს ყოვლისა, მინდა ვთქვა, რომ ეს არის ნამდვილი კულტურული რევოლუცია იმ თვალსაზრისით, რომ სრულიად იცვლება დამოკიდებულება სახელმწიფოსა და მძღოლს შორის. ასეთი სისტემები მხოლოდ მსოფლიოს ყველაზე განვითარებულ ქვეყნებს აქვს. ამ სისტემას ჩვენს ქვეყანაშიც ვნერგავთ და საქმეს ბოლომდე მივიყვანთ. ნახეთ, რამდენად დიდი ცვლილება განვიცადეთ - გამომძალველი, ჩამოძონძილი, ღიპიანი მილიციელი ელექტრონული დაჯარიმების სისტემით შევცვალეთ და პოლიციის დღეს არსებულ ძალამდე მივედით. ყოველგვარი გაზვიადების გარეშე ვამბობ, რომ დღეს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დახვეწილი და საუკეთესო სისტემა გვაქვს. ჩვენ შეგვიძლია ვიამაყოთ, რომ საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის მხრივ, საკმაოდ ბევრს მივაღწიეთ და პირადად მე, ამით ძალზე ვამაყობ", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

პრეზიდენტი ურჩ მძღოლთა დაჯარიმების პროცესის დეტალებითაც დაინტერესდა და გაურკვევლობების თავიდან ასაცილებლად, ავტომანქანების მფლობელებს ავტომობილის საკუთარ სახელზე გადაფორმება ურჩია.

"დამრღვევ პირს ჯარიმას საპატრულო პოლიციის თანამშრომელი სახლში მიუტანს. ჯარიმის გადაუხდელობის შემთვევაში დამრღვევს საკმაოდ დიდი ფულადი საურავი დაეკისრება. თუკი სამართალდამრღვევი მძღოლი საურავსაც არ გადაიხდის, მანქანას ჩამოართმევენ, რომელიც, შესაძლოა, გაიყიდოს კიდეც. მანქანის გაყიდვის შემთხვევაში, ჯარიმის თანხა და საურავი ჩაირიცხება ბიუჯეტში, ხოლო დარჩენილი ფული პატრონს დაუბრუნდება", - განმარტა საპატრულო პოლიციის წარმომადგენელმა.

მიხეილ სააკაშვილი პატიმართა შეწყალების საკითხსაც შეეხო და განაცხადა:

"კიდევ ერთი საკითხი, რომელზეც ყურადღების გამახვილება მსურს, დამნაშავეთა შეწყალებას შეეხება. ამას წინათ შეწყალების კომისიამ საქართველოს პენიტენციალურ დაწესებულებებში მყოფი შესაწყალებელი პატიმრების ძალზე გრძელი სია წარმომიდგინა. წინა დღეს კი კრიმინალებმა ლესელიძის ქუჩაზე მოკლეს საპატრულო პოლიციის 35 წლის თანამშრომელი მამუკა გოგოლაძე, რომელსაც 8 თვის ფეხმძიმე მეუღლე დარჩა. ოთხგზის ნასამართლევი მკვლელი და მისი "მეგობრები" ჩვენი ბომონდის სამარცხვინო ნაწილმა შეიფარა და ამით დანაშაულის კვალის დაფარვას ცდილობდა. ზოგადად, შეწყალების წინააღმდეგი არ ვარ, პირიქით, თითოეული შეწყალების აქტის ხელმოწერა სიამოვნებასაც კი მანიჭებს. თუმცა უნდა აღვნიშნო, რომ კრიმინალი, რომელიც საზოგადოებისთვის არის საშიში, ქუჩაში არ უნდა აღმოჩნდეს, როგორც ეს ამ ოთხგზის ნასამართლევი პირის შემთხვევაში მოხდა. ამ საკითხს ძალზე პრინციპულად ვუდგები და შეიძლება ითქვას, დაინტერესებულიც ვარ, რომ საზოგადოებისთვის საშიშმა პირმა, თუკი ის გამოსწორების გზაზე არ დგას და გათავისუფლება სამართლიანად არ ეკუთვნის, სასჯელი ბოლომდე მოიხადოს. იგი გარეთ არ უნდა გამოვიდეს იმის მიუხედავად როგორი ლობირებაც არ უნდა გაუწიონ, ვინც არ უნდა ჰყავდეს პარლამენტში და როგორი ახლობლები და ნათესავებიც არ უნდა ამოუდგნენ მხარში. ამიტომ, ამ სიებს ძალზე სკურპულოზურად მივუდგები, დაწვრილებით შევისწავლი დიდი ხნის განმავლობაში და გამჭვირვალედ განვიხილავ. შეწყალების უფლებას შეზღუდული მასშტაბით გამოვიყენებ, როგორც ეს ნორმალურ ქვეყნებში ხდება. თუკი საზოგადოება ვართ და თავმოყვარეობა და ღირსება გვაქვს, ჩვენი მოქალაქეების მიმართ განხორციელებულ ძალადობასა და ჩვენი პოლიციელების მკვლელობაზე დამნაშავეთა სამყარომ საკადრისი პასუხი უნდა მიიღოს!"


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (12)
2009 (12)
2008 (12)
2007 (12)
2006 (12)
2005 (11)