Google+

რელიზები

10.08.2007
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უცხოეთში განათლების მისაღებად გასაგზავნ სტუდენტებს შეხვდა

მოგესალმებით ყველას!

წელს, 90-მდე ახალგაზრდას ჩვენი დაფინანსებით ვუშვებთ საზღვარგარეთ.

მიხარია, რომ თქვენი რიცხვი ყოველწლიურად იზრდება.

თავის დროზე, მე და ჩემმა მეგობრებმა განათლება საზღვარგარეთ იმის ხარჯზე მივიღეთ, რომ ამერიკის, საფრანგეთის, ინგლისის და სხვა ქვეყნების მთავრობებმა გამოყვეს თანხა, რათა ჩვენ საზღვარგარეთ განათლება მიგვეღო.

მე მაშინ ვოცნებობდი იმაზე, რაც დღეს ხდება. ჩემი ოცნება განხორციელდა. ჩვენ შევძელით საკუთარი სახსრებით ჩვენი ხალხის გაგზავნა საზღვარგარეთ განათლების მისაღებად. შევძელით ის, რომ სახელმწიფომ თავად გადაიხადა ფული, ჩაატარა ობიექტური კონკურსი, და შეირჩნენ საუკეთესონი. ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ თქვენ ღირსეულად ემსახუროთ ქართული სახელმწიფოს მშენებლობას.

რა არის ჩვენთვის ცოდნა?

ცოდნა ეს არის აგური, რითაც თქვენ აშენებთ საქართველოს; ცოდნა ეს არის იარაღი, რომლითაც ჩვენ ვამარცხებთ მტერს და ვიცავთ ქვეყანას; ცოდნა ეს არის ჩვენი ტრანსპორტი, რომელიც მომავლისაკენ მიგვაქროლებს.

ცოდნა არის ის, რითაც ჩვენ ვახარებთ ჩვენს მშობლებს, შვილებს, ახლობლებს და ხალისს ვუკარგავთ ჩვენს არაკეთილმოსურნეებს.

ცოდნა არის ჩვენი ოცნებების ასრულების საშუალება.

ცოდნა არის საკუთარ თავში დარწმუნების წყარო, ჩვენი სიამაყე და ქვეყნის საბოლოო გამარჯვება. ყველაფერი ეს პასუხისმგებლობაა სამშობლოს წინაშე.

რაოდენობრივად ჩვენ ვერ ვაჯობებთ ვერავის, ვინაიდან საკმაოდ პატარა ქვეყანა ვართ. ჩვენ, ჩვენი ინტელექტითა და განსაკუთრებულობით უნდა გამოვირჩეოდეთ და მთელი მსოფლიოს მაშტაბით სამაგალითო ვიყოთ.

დღეს საქართველოს აქვს სულ სხვა რეპუტაცია. რამდენიმე დღის წინ „ვაშინგტონ პოსტში" დაიბეჭდა სტატია, სადაც ნათქვამი იყო, რომ საქართველო რეფორმების თვალსაზრისით სამაგალითოა მთელი მსოფლიოსთვის. ეს არ არის ჩემი ნათქვამი, არიან ადამიანები, რომლებიც ამას ხედავენ.

შარშანდელი მონაცემებით, მსოფლიოს პირველი ეკონომიკური რეფორმატორი ქვეყანა ვართ. წელს, კი მსოფლიოს პირველ ოცეულში შევალთ.

ამ დღეებში რევოლუციის კადრებს ვუყურებდით. პირველი რეაქცია ჩემი და ჩემი მეგობრების ასეთი იყო - ნუთუ რევოლუციის ამსახველი კადრები მარტო შავთეთრი არსებობს?

ეს იყო სხვა ქვეყანა. ამ კადრებზე ჩანს სიბინძურე, ჩამონგრეული შენობები, პოლიცია, რომელიც ჰგავს ჩამორჩენილი ქვეყნის პოლიციას.

თუ გავიხსენებთ ცოტა ხნის წინანდელ კადრებს, როდესაც ცხინვალის რაიონში რაკეტის ჩამოვარდნის ადგილას თეთრ ფორმებში ჩაცმულმა შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა თანამედროვე მანქანებით რეიდი მოაწყვეს, დარწმუნდებით, რომ არსებობს ორი პოლუსი - იმდროინდელი, ჭაობში ჩაფლული საქართველო და დღევანდელი, რომელიც ჰგავს განვითარებულ ქვეყანას.

საქართველოში უკვე მოძრაობის დარღვევევა ფიქსირდება ვიდეოთვალით და ჯარიმის ქვითრები ადამიანებს მისდით სახლში.

რატომ ვერ აკეთებს ამას მსოფლიოს სხვა ქვეყნების მთავრობების 90%, რატომ ვერ აშენებენ ასე სწრაფად საავადმყოფეოებს, სკოლებს, გასართობ პარკებს, გზებს?

გასართობი პარკები ჩვენს ოპოზიციონერებს ნერვებს უშლის, თუმცა ღამღამობით, მას შემდეგ, რაც გულს მოიოხებენ ამ პარკების ლანძღვით, სწორედ იქ დადიან და სეირნობენ.

ჩვენ ახლა სხვა ქვეყანა ვართ და ამ ქვეყანას სჭირდებით თქვენ!

ჩვენ გვჭირდება კვალიფიციური კადრები.

მე ვიყავი სიღნაღში, სადაც 2200 კაცი გაუჩერებლად მუშაობდა. ვნახე ხალხი, რომლებსაც მრავალი წელია არ უმუშავიათ. მათ დაუბრუნდათ სამუშაო. გამიხარდა როცა ვნახე კვალიფიკაციურად მომუშავე 60-70 წლის ადამიანები. მე პირადად ვიცნობ კაცს, რომელიც ვარკეთილში ცხოვრობს. მას 15 წელი შენახული ჰქონდა სამუშაო იარაღები. დღეს ის სიღნაღში მუშაობს და იღებს მაღალ ხელფასს.

ჩვენ ასამდე ადამიანს ვაგზავნით საზღვარგარეთ. ეს მხოლოდ დასაწყისია.

წელს თქვენს პროგრამაზე ვხარჯავთ 2 მილიონ ლარს. ამავე დროს სამხედრო სპეციალობების ასათვისებლად საზღვარგარეთ ასზე მეტ სამხედროს ვაგზავნით. ვამზადებთ ხალხს პოლიციის აკადემიაშიც.

ჩვენ, ადმინისტრაციის უფროსთან, ეკა შარაშიძესთან ერთად, ვამზადებთ სპეციალურ პროგრამას, რის საფუძველზეც რამდენიმე ათეული ახალგაზრდა ქართველი არქიტექტორი აიმაღლებს კვალიფიკაციას.

საქართველო უნდა იყოს საუკეთესო არქიტექტურის ქვეყანა.

ყველა შენობა მაღალი ხარისხის უნდა იყოს. წინა წლებში უხარისხო მშენებლობებმა იმხელა ზიანი მოუტანეს ჩვენს ქვეყანას, რომ მხოლოდ ჩვენს თაობას შეუძლია ამას წერტილი დაუსვას.

მინდა გესაუბროთ ბოლო დღეების ინცინდეტზე. ჩრდილოეთის დიდი ქვეყნიდან შემოსულმა თვითმფრინავმა რაკეტის მსგავსი ხელსაწყო ჩამოაგდო საქართველოს ტერიტორიაზე, რომელიც საბედნიეროდ არ აფეთქდა. მე მართლაც მოხიბლული ვიყავი ამ დღეებში ჩვენი სახელმწიფო აპარატის ზუსტი ქმედებით, ხალხის რეაქციით და მთელი მსოფლიოს საზოგადოების პასუხით. პირველივე ღამეს, ადგილზე ყველა ზომა იქნა მიღებული. ექვსი თვის წინ, რადარებიც კი არ გვქონდა, რომ ეს ყველაფერი დაგვეფიქსირებინა. ყველაფერი იქნა გადაცემული და აღრიცხული, ყველა ინფორმაცია იყო დაზუსტებული და წარდგენილი მსოფლიოსთვის.

როდესაც 1992 წელს ბომბავდნენ ყველაზე ტრაგიკულ ქალაქს - სუხუმს, მსოფლიოში არავის არ შეუმჩნევია ეს ფაქტი. მაშინ გამოვიდა რუსეთის თავდაცვის მინისტრი გრაჩოვი და განაცხადა, ქართველებმა გადაღებეს საკუთარი თვითმფრინავები და დაბომბეს საკუთარი ტერიტორია. არავის არ გაუშუქებია ეს ფაქტი და არავის ამაზე თავი არ შეუწუხებია.

2001-2002 წლებში პანკისის ხეობა დაგვიბომბეს, არც მაშინ არავის არ ამოუღია. დაიბომბა ზემო აფხაზეთიც. მიუხედავად გაეროს დიდი წინააღმდეგობისა, ჩვენი აქტიური ზემოქმედებით დავადასტურეთ დაბომბვის ფაქტი. დღეს კი, მთელი მსოფლიო დადგა ფეხზე. დღეს, უკვე გზაშია დამოუკიდებელ ექსპერტთა დიდი ჯგუფი ლატვიიდან, ლიტვიდან, ესტონეთიდან, პოლონეთიდან, შვედეთიდან, ამერიკიდან. ჩვენ რამდენჯერმე გვქონდა კონტაქტი ამ ქვეყნების პრეზიდენტებთან. მთელი მსოფლიო აშუქებს ამ ფაქტს.

სულ ვფიქრობ, 1921 წელს, ჩვენს მთავრობას რომ ჰქონოდა საერთაშორისო საზოგადოების მხარდაჭერა, რომ არ დაეთხოვა საქართველოს შეიარაღცებული ძალები, რომ გაეძლიერებინა უსაფრთხოება და გაენეიტრალებინა კომუნისტური პარტია, საქართველო დამოუკიდებლობას შეინარჩუნებდა.

დღეს ჩვენ ამ ყველაფერს ერთად ვაკეთებთ. საქართველო არის უიშვიათესი ქვეყანა ამ რეგიონში, სადაც იმ ქვეყნის აგენტურა, რომელიც ჩვეულებრივ მოქმედებს ხოლმე, პრაქტიკულად, გარდა სეპარატისტული რეგიონებისა, ვერსად ვეღარ მოქმედებს.

ჩვენ მოვახერხეთ მწყობრი სახელმწფიო მანქანის აწყობა.

დღეს, ყველაზე პოპულარულ ჟურნალში „ეკონომისტი", დაიბეჭდა სარედაქციო სტატია სათაურით: „რატომ უნდა მიიღოთ საქართველო ნატოში?". ეს არის რეაქცია ბოლო სარაკეტო შეტევაზე.

ჩვენ შევქმენით სერიოზული შეიარაღებული ძალები.

დღეისათვის საზოგადოება იყოფა ორ ნაწილად, საბედნიეროდ, საზოგადოების 99 პროცენტი არის შეგნებული, პატრიოტული და მომართული ქვეყნის კეთილდღეობისაკენ. ამ ხალხმა ემბარგოს დროს აჩვენა, რომ არის მობილიზებული, რომ გააჩნია თავმოყვარეობა და ღირსება და არასდროს არავის არაფერს არ დაუთმობს. ჩვენი ღირსება და თავისუფლება უფრო მაღლა დგას ვიდრე სხვა ყველაფერი.

მე ვიყავი კახეთში, სადაც ვნახე ახლად გახსნილი ღვინის ქარხნები და ახალი მეურნეობები.

მე გაოგნებული ვიყავი, როდესაც ჩავედი სოფელ წითელუბანში, რომელიც ეთნიკური ოსებით არის დასახლებული, შევხვდი ადგილობრივ მოსახლეობას. მათ ტერიტორიაზე ჩამოვარდა რაკეტა, თუმცა ისინი გამოიყურებოდნენ მხნედ და ოპტიმისტურად, რამაც ძალიან გამაოცა. არსებობენ ბრიყვი ადამიანები, რომლებიც გამოდიან ტელევიზიით და ამბობენ: რატომ არ ჩამოაგდო საქართველოს შეიარაღებულმა ძალებმა რუსების თვითმფრინავი? მინდა კატეგორიულად ვუთხრა ყველას, საქართველო არ იმყოფება რუსეთის ფედერაციასთან ომის მდგომარეობაში. ჩვენ არ ვაპირებთ რუსეთთან შეიარაღებულ დაპირისპირებას. ჩვენ ვართ მზად დავიცვათ ჩვენი ქვეყანა. ჩვენი პოლიტიკური მიზანია რუსეთთან კარგი ურთიერთობა. ჩვენი დიდი მიზანია ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია, საქართველოს განვითარება და ტერიტორიული მთლიანობა.

ჩვენ შეიარაღებული ძალები ჩავიბარეთ დაშლილ მდგომარეობაში. 2 000 დამშეული და გაუბედურებული ჯარისკაცი, რომლებსაც არ ჰქონდათ ტანსაცმელი და საჭმელი.

დღეს საქართველოს შეიარაღებული პროფესიული ძალების რაოდენობა 30 000 კაცამდეა. ასევე 10 ათასზე მეტი რეზერვისტი გვყავს. ეს ხალხი საქართველოს მთავარი ძალაა.

ჩვენ მათ შევუქმენით საუკეთესო პირობები და საუკეთესო ყაზარმები. ვერავის წარმოეგინა, რომ ეს შესაძლებელი იყო.

ჩვენ გვყავს ათასამდე ოფიცერი. საქართველოს ჯარში დღეს არიან საქართველოს ყველა რეგიონის წარმომადგენლები. ეს ხალხი ჩვენი მთავარი დასაყრდენია. დღეს უკვე თბილისლების უმრავლესობა ოფიცრებად მიდიან, მათ სამი და ოთხი ენა იციან. მათთვის ვყიდულობთ საუკეთესო ტექნიკას. რამდენიმე თვის წინ ავამოქმედეთ საჰაერო დაცვის სისტემა, რომელიც საბჭოთა კავშირში არსებობდა, თუმცა საბჭოთა კავშირს საქართველოს საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკაში არასოდეს გამოუყენებია, რადაგნ საქართველოს მაშინაც არ ენდობოდა.

ჩვენ გვქონდა ჩამორჩენილი სისტემები. როგორც კი საქართველომ დაიწყო დამოუკიდებლობისთვის ბრძოლა, საბჭოთა კავშირმა საჰაერო დაცვის სისტემა გაიტანა და დაშალა. რაც არ დაშალა, შემდგომმა მთავრობებმა გაყიდა. საბედნიეროდ, დღეს ჩვენ გვაქვს საუკეთესო საჰაერო დაცვის სისტემა.

ჩვენ ვცდილობთ ვიყიდოთ ავიაგამანადგურებლები, რომელიც საჰაერო სივრცის პერიმეტრს დაიცავს. ჩვენ ვმუშაობთ ტერიტორიული მთლიანობის დაცვის პრინციპზე. დღეს, საქართველოს შეიარაღებულ ძალებს აქვს უნარი ნებისმიერი შესაძლო აგრესია მოიგერიოს.

ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ფართომაშტაბიანი შეიარაღებული დაპირისპირება თავიდან ავიცილოთ. ის ადამიანები, რომლებიც შეიარაღების გაზრდის მოწინააღმდეგენი იყვნენ, დღეს გამოდიან და აცხადებენ - რატომ არ იყენებთ ამ შეიარაღებას?

საქართველოს ტერიტორიის დასაცავად ჩვენ მზად ვართ. ეს მზადყოფნა ყოველდღე ძლიერდება. ჩვენი ამოცანაა პასუხისმგებლობით მივუდგეთ ამ საქმეს, ვიმუშაოთ ნატოს წევრ ქვეყნებთან, მოვიქცეთ როგორც პასუხისმგებელი პარტნიორი ევროპული ქვეყნების, ამერიკის შეერთუბული შტატებისა და ჩრდილო ატლანტიკური სტრუქტურების წინაშე. მოვიქცეთ როგორც ქვეყანა, რომელსაც დემოკრატიის პირობებში შეუძლია მობილიზაცია, ქვეყნის დაცვა და პასუხისმგებლობით მიდგომა საერთაშორისო ვალდებულებების წინაშე.

ჩვენ ვთავაზობთ რუსეთის ფედერაციას სრულ და გამჭირვალე თანამშრომლობას.

ჩვენ ვიყავით პირველები, რომლებმაც გადავდგით ნაბიჯი იმისათვის, რომ ჩრდილოეთის საზღვარი დაცული ყოფილიყო საზღვრის უკანონო გადაკვეთისაგან.

ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ იმისათვის, რომ რუსეთს ჩრდილოეთ კავკასიაში სტაბილიზაცია მოეხდინა.

ჩვენ უსაფრთხოების კუთხით შემდგომი თანამშრომლობის გაგრძელებასაც ვაპირებთ. არ დავუშვებთ, რომ ვიღაცამ თავისი სტაბილიზაცია მოიპოვოს სხვისი დესტაბილიზაციის ხარჯზე.

ჩვენ დღეს საკმარისი ცოდნა, მონდომება და უნარი გვაქვს იმისა, რომ ყოველგავარი პანიკის გარეშე დავიცვათ ჩვენი ეკონომიკური განვითარება.

ჩვენი ძლიერება არის არა შეიარაღების რაოდენობაში, არამედ ეკონომიკის განვითარებაში.

ცნობილია, რომ ეკონომიკა პირველია. თუ წელს საქართველომ მოახერხა 12-14 %-მდე ეკონომიკური ზრდა, 2 მილიარდზე მეტი ინვესტიციის მოზიდვა, მაშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტების განვითარება, გარწმუნებთ, რომ ეს იქნება ქვეყანა, რომელზეც თავდასხმისა და არეულობის სურვილი, მხოლოდ თავზეხელაღებულ ხალხს შეიძლება გაუჩნდეს.

ქვეყანაზე, რომელიც გამოიყურება ისე, როგორიც რევოლუციის დროინდელ კადრებზეა აღბეჭდილი, ასეთ ქვეყანაზე თავდასხმა ადვილია. ქვეყანაზე, რომელიც ემსგავსება ჰონ-კონგს, დუბაის, სინგაპურს, ასეთ ქვეყანაზე თავდასხმას განვითარებული სამყარო აღიქვამს, როგორც საკუთარ თავზე თავდასხმას.

ჩვენ გავაგრძელებთ ქვეყნის უსაფრთხოების განმტკიცებას.

ჩვენ გვაქვს სერიოზული სოლიდური გეგმები და არავის ვუსურვებ რაიმე სახის ავანტურაზე ფიქრსაც კი.

საქართველო არ არის ადვილად შესაჭმელი ქვეყანა, ბოლო დღეებმა ეს კიდევ დაადასტურა.

ჩვენ გვაქვს სურვილი პრეზიდენტ პუტინთან შედგეს შინაარსიანი შეხვედრა. მოვხსნათ ყველა პრობლემა და გადაუჭრელი საკითხები კონსტრუქციულ, პარტნიორულ ურთიერთობებში მოვაგვაროთ.

ჩვენ მრავალეთნიკური ქვეყანა ვართ, რომელიც ჩვენს ერთობას ეფუძნება. ყველაზე დიდი ქართველი მეფეები და მხედართმთავრები იყვნენ ოსები. როგორც კი ჩვენი ერთობა დაირღვევა, მაშინვე დავმარცხდებით.

საქართველოს ვერავინ დაამარცხებს, თუ ჩვენ ვიქნებით ერთიანი და გვექნება ნათელი ხედვა ამოცანის- ვიყოთ სანიმუშო და მისაბაძი ქვეყანა ყველასთვის.

დღეს ათასობით ქართველი ბრუნდება საქართველოში.

საქართველოში ბრუნდება ათასობით სპეციალისტი.

ჩემი ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ეკა შარაშიძემ დაამთავრა სამი ყველაზე საუკეთესო უნივერსიტეტი დასავლეთში. ჰარვარდის, მასაჩუთესის ტექნოლოგიის ინსტიტუტი და პენსილვანიის უნივერსიტეტი. დღეს ის საქართველოშია. ასევე გიორგი არველაძემ, ნიკა გილაურმა, პეტრე ცისკარიშვილმა და ჩვენი მთავრობის უამრავმა წევრმა განათლება საზღვარგარეთ მიიღეს და დაბრუნდნენ საქართველოში. კარგად მახსოვს, საქართველოში 1996 წლის დასაწყისში დავბრუნდი, როცა ელექტროენერგია დღეში მხოლოდ ერთი საათი იყო.

საქართველოში დაბრუნებამდე ნიუ-იორკში ძალიან კარგად გამთბარ ოფისში ვმუშაობდი, მქონდა კარგი ხელფასი და კარგი პერსპექტივა. კარიერა რომ გამეგრძელებინა, დღეს მე წელიწადში ათი მილიონი დოლარი შემოსავალი მექნებოდა. გული მიწუხდა იმის გამო, რაც საქართველოში ხდებოდა. სწორედ ამიტომ მივიღე გადაწყვეტილება სამშობლოში დავბრუნებულიყავი.

თქვენ სიმწრის გამო კი არ უნდა დაბრუნდეთ, არამედ სიხარულით უნდა დაბრუნდეთ და მიიღოთ მონაწილეობა ქვეყნის აღმშენებლობაში; დაბრუნდეთ, იმის გამო, რომ თქვენ შვილებს მოუყვეთ იმის თაობაზე, რომ ამ გამარჯვების და გაერთიანების პროცესში თავად იღებდით მონაწილეობას.

საქართველოს აქვს ისტორიული მისია.

რატომ იწერება ამ დღეებში საქართველოზე ამდენი?

რატომ არის კამათი და ამდენი დადებითი რეაქცია?

საქართველო არა მხოლოდ თავისთავად საინტერესო ქვეყანაა, რომელმაც ამ ბოლო წლებში სასწაული მოახდინა, არამედ არის ქვეყანა - დემოკრატიული ტრანსფორმაციის, გარდაქმნებისა და მშვიდობიანი რეფოლუციის ლიდერი.

ნამდვილი რევოლუცია მოხდა არა მაშინ, როცა ხალხი ქუჩაში გამოვიდა, არამედ მას შემდეგ, რაც ჩვენ მუშაობა დავიწყეთ. შემდგომი მუშაობა იყო ნამდვილი რევოლუცია, რომელმაც მოგვიტნა ის შედეგები, რომელსაც დღეს ყველა ხედავს და რომელიც უახლოეს წლებში ათჯერ მეტ შედეგებს მოიტანს. თოთოეული თქვენთაგანის საქართველოში დაბრუნება, შემდგომი გაძლიერებისათვის - სამოქალაქო, სამხედრო და ბიზნეს სფეროებში გვჭირდება. ყველა სფერო ჩვენთვის ერთნაირად მნიშვნელოვანია.

ყველას გთავაზობთ კარგ დასვენებას, კარგ სწავლას და შემდეგ სამშობლოში დაბრუნებას.

მე ხვალ რამოდენიმე დღით ზემო აფხაზეთში დასასვენებლად მივემგზავრები.


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის მასმედიასთან და
საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (12)
2009 (12)
2008 (12)
2007 (12)
2006 (12)
2005 (11)