Google+

რელიზები

13.10.2007
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა მსოფლიო პატრიარქს და კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს დელეგაციას სახელმწიფო კანცელარიაში უმასპინძლა

თბილისში ვიზიტად მყოფი მსოფლიო პატრიაქი ბართლომეოს პირველი და კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს 8-კაციანი დელეგაცია საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სახელმწიფო კანცელარიაში მიიღო. მიხეილ სააკაშვილმა სტუმრებს სიტყვით მიმართა:

„მოგესალმებით!

ჩვენთვის დიდი პატივია მსოფლიო პრატრიარქის ხელმძღვანელობით ასეთი დიდი და წარმომადგენლობითი დელაგაციის სტუმრობა, რისთვისაც მინდა დიდი მადლობა ვუთხრა მის უწმინდესობას.

ჩვენთვის ეს დიდი მოვლენაა.

წელს, ჩვენ ავღნიშნავთ მისი უწმინდესობის აღსაყდრების 30-ე წლისთავს. ეს არის მთელი ეპოქა და დარწმუნებული ვარ მართლმადიდებლობის ეპოქაა მთელი მსოფლიოს მართლმადიდებლობის მასშტაბითაც.

მისი უწმინდესობა ჩვენთვის ყველასათვის სათაყვანებელი პიროვნებაა.

ის არა უბრალოდ ჩვენი მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარი და ჩვენი ერის სულიერი მამაა, არამედ დიდი ეროვნული მოღვაწეც.

მის მოღვაწეობას უკავშირდება ეროვნული თავისუფლების მუხტის გაღვიძება საქართველოში და ეროვნული ცნობიერების ჩამოყალიბების ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპი. ეს ყველაფერი გადაიზარდა საქართველოს განვითარების სრულიად ახალ, მნიშვნელოვან ეტაპში, რომელშიც დღეს ჩვენ ვიმყოფებით.

მისი უწმინდესობა ეწევა ძალიან დიდ საგანმანათლებლო და აღმზრდელობით მუშაობას.

მისი ხელმძღვანელობით ქართულმა ეკლესიამ ძალიან მნიშვნელოვანი სოციალური როლი შეიძინა.

ეკლესია, რომელიც ადუღაბებს ჩვენს ძირითად ფასეულობებს, გამოირჩევა არა მხოლოდ მართლმადიდებლობის ერთგულებით, არამედ ტოლერანტულობით, საერთო ეროვნული, ევროპული ფასეულობების დამკვიდრების ძალიან თანმიმდევრული პოლიტიკითა და კურსით. მართლმადიდებელი ეკლესია მართლაც ერთ-ერთი მთავარი მამოძრავებელი შუქურაა ჩვენი ეროვნული განვითარების, ერის მომავლის, ჩვენი ქვეყნის შემდგომი გაძლიერების და გამთლიანების საქმეში.

ის ფაქტი, რომ მსოფლიო უწმინდესის ხელმძვანელობით საქართველოში ასეთი მნიშვნელოვანი დელეგაცია ჩამოვიდა, მეტყველებს იმაზე, თუ როგორი საერთაშორისო ავტორიტეტით სარგებლობს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძვარი.

ამას წინათ, ათონის წმინდა მთაზე ვნახე უბრალო ბერები როგორი სიყვარულით მოიხსენიებდნენ მის უწმინდესობას. მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, თუ რამხელა ავტორიტეტით სარგებლობს იგი როგორც ეკლესიის წინამძვრებსა და მამამთავრებში, ასევე უბრალო ღვთისმსახურებში - ჩვენს მართლმადიდებლურ სამყაროში.

მისი უწმიდესობის სახელს უკავშირდება ეკლესია- მონასტრებისა და საეკლესიო საგანმანაათლებლო ცენტრების აღმშენებლობა.

როგორც მოგეხსენებათ, ქართული ეკლესია საუკუნეების განმავლობში იდევნებოდა. კომუნიზმმა მძიმე კვალი დაატყო მართლმადიდებლობას. საბედნიეროდ, ჩვენს ხალხს არასოდეს დაავიწყდება სულიერი მამების ღვაწლი. ქართველები სულიერად არასოდეს არ გატეხილან და ყველაზე უმძიმეს წუთებშიც კი, ეკლესია ხალხთან ერთად იდგა.

სრულიად განსაკუთრებული იყო ჩვენი პატრიარქების გმირობა. როდესაც ერთ-ერთ გამოჩენილ პატრიარქს აწამებდნენ, მათ თქვა: „თქვენ შეგიძლიათ გქონდეთ ჩემი სხეული, მაგრამ ჩემს სულს ვერაფერს ვერ უზამთ". - ეს იყო სასიკვდილო განაჩენი იმ რეჟიმისადმი, რომელიც ბოლოს დაემხო კიდეც.

თქვენო ყოვლადუწმინდესობავ, თქვენ საქართველოში კარგად გიცნობენ, ძალიან დიდ პატივს გცემენ. თქვენი ჩამობრძანება ჩვენთვის ძალიან დიდი პატივია.

თქვენ გიცნობენ როგორც არა მხოლოდ მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძვარსა და მნიშვნელოვან ფიგურას მთელ მართლმადიდებლურ სამყაროში, არამედ როგორც გამოჩენილ მოღვაწეს, მშვიდობის, ხალხთა შორის თანამშრომლობის, ურთიერთობის, სულიერი და კულტურული მემკვიდრეობის, ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივების ავტორს მთელი მსოფლიოს მასშტაბით.

მინდა დავძინო, რომ დღეს აქ არიან ჩვენი არა მხოლოდ სულიერი ძმები, არამედ ძალიან ახლო მყოფი ქვეყნების წარმომადგენლები და მოკავშირეები.

თითოეული ჩვენთაგანის მისიაა, რომ ჩვენი ძმობა, ერთიანობა და თანამშრომლობა გავაღრმავოთ. კიდევ უფრო მეტად დავახლოვდეთ, მეტად გავძლიერდეთ ამ ერთობაში, რათა მსოლიოში არ გამოჩნდეს ძალა, რომელიც ჩვენ დაგვამარცხებს.

მინდა აღვნიშნო, რომ ახლა მოვდივარ კონფლიქტის ზონიდან. სამწუხაროა, რომ საქართველოში არსებობს კონფლიქტური ზონები. აფხაზეთში მრავალი ქართული მართლმადიდებლური ეკლესია-მონატერი აბსოლუტურად მიტოვებული და განადგურებულია იმის გამო, რომ იქ ჩადენილი იქნა ეთნიკური წმენდა. ეთნიკური ქართველები, ბერძნები, რუსები და უკრაინელები იძულებულები გახდნენ დაეტოვებინათ საკუთარ მიწა-წყალი.

ჩვენ ყველას იმედი გვაქვს, რომ თქვენი და ჩვენი ლოცვა კურხევით, ერთობლივი სურიერი ძალისხმევით, ამ სულიერ კერებში მრევლისა და იქ მშვიდობის დაბრუნებას ახლო მომავალში შევძლებთ.

ცოტა ხნის წინათ, მე გახლდით საბერძნეთში, ივერთა მონასტერში, სადაც უწმინდესისა და უნეტარესის თხოვნით, ღვთისმშობლის ხატთან, წირვა-ლოცვა აღევლინა.

არსებობს ლეგენდა, რომ ოდესმე ღვთისმშობლის ხატი საქართველოში დაბრუნდება.

ჩვენ საბერძნეთიდან განსაკუთრებული გრძნობებით დავბრუნდით. იქ ვნახე თორნიკე ერისთავის ჯაჭვის პერანგი.

აღსანიშნავია, რომ თორნიკე ერისთავი იყო სასულიერო მოღვაწე. როდესაც ერს გაუჭირდა, მან გაიხადა ანაფორა და ჩაიცვა ჯაჭვის პერანგი. მეათე საუკუნის ჯაჭვის პერანგზე ხელით შეხებისას, წარმოუდგენელი გრძნობა დემეუფლა.

ვფიქრობ, ეს არის სიმბოლური, როდესაც სამშობლოს სჭირდება, ქვეყანის დასაცავად, ეკლესია ყველანაირ გაბედულ ნაბიჯს გადადგამს.

თავგანწირვა არის მთავარი, რაც ახასიათებდათ ჩვენს სულიერ მამებს.

აღსანიშნავია ეკლესიის ღვაწლი ეროვნული მოძრაობის დროს.

70-80-იან წლებში ეროვნული მუხტი პრაქტიკულად გამქრალი იყო.

სასულიერო პირების მოღვაწეობა საქართველოს გასაძლიერებლად და გასამთლიანებლად არა მხოლოდ სასულიერო, არამედ გმირობის ტოლფასი იყო.

მინდა გისურვოთ მრავალი ათწლეული დღეგრძელი წელი. საქართველოს კი - შემდგომი გაძლიერება, განვითარება და წინსვლა.

მსოფლიო პატრიარქს მინდა ვუთხრა, რომ მას ჩვენი სახით ჰყავს დიდი მოკავშირე ქვეყანა. როგორც მისმა უწმინდესობამ ბრძანა, ვუსურვებ მას ავტორიტეტისა და ძალის გაათმაგებას და ჩვენთან ერთად ბევრი სასარგებლოსა და სასიკეთოს შექმნას.

მსოფლიო პატრიარქი საუბრობდა ქართულ კულტურაზე და ბიზანტიურ ბერძნულ-ქართულ კავშირებზე. საბერძნეთში ყოფნისას, დავრწმუნდი, რომ არცერთი ერი არ დგას ისე ახლოს საბერძნეთთან, როგორც საქართველო.

არქეოლოგიური გათხრების შედეგად, აღმოჩენილი იქნა მრავალი ათასი წლის სიძველის ქართული ნიმუში. აღსანიშნავია, რომ ქართული კულტურა ვითარდებოდა ბერძნული კულტურის პარალელურად.

პატივისცემის ნიშნად, მინდა გადმოგცეთ ახლახან გათხრებში აღმოჩენილი კოლხური ოქროს ნიმუშის ზუსტი ასლი, რომელიც 516 წლით თარიღდება.

ხვალ კი, ქართული სახელმწიფოს გადაწვეტილებით, გადმოგცემთ სახელმწიფო ჯილდოს. მექნება პატივი, სვეტიცხოვლობის უდიდეს დღესასწაულზე, თქვენთან ერთად, სვეტიცხოველის ტაძარში დავესწრო წირვა-ლოცვას.

დიდი მადლობა!


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (12)
2009 (12)
2008 (12)
2007 (12)
2006 (12)
2005 (11)