Google+

რელიზები

30.10.2007
მომხდარი ინციდენტის გამო საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი განმუხურში ჩავიდა

დღეს საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ქართულ-აფხაზური კონფლიქტის ზონაში მდებარე განმუხურის პატრიოტთა ბანაკში ჩავიდა, რომელიც რუსმა სამშვიდობოებმა დილით ალყაში მოაქციეს და სამი ქართველი პოლიციელი დააკავეს.

ადგილზე ჩასულმა მიხეილ სააკაშვილმა განცხადებაც გააკეთა და ქართულ-აფხაზური კონფლიქტის ზონაში მყოფი რუსი სამშვიდობო ძალების სარდალი გენერალი ჩაბანი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა. მან სამშვიდობოებს ქართული მხარის წინააღმდეგ მიმართული პროვოკაციების შეწყვეტისკენ მოუწოდა.

"იმის ნაცვლად, რომ სამშვიდობო ძალებმა ადგილობრივი მოსახლეობა დაიცვას, მრავალი წლის განმავლობაში ხალხის გატაცებისა და მოკვლის, მათთვის ფულის გამოძალვის უფლებას აძლევდა. საქართველოს ყველა კანონის შესაბამისად, ჩვენ აქ ახალგაზრდული ბანაკი გავხსენით და მის დასაცავად პოლიციის პოსტიც განვათავსეთ. დღეს დილით თქვენ თქვენი მანდატის, გაეროს მისიის (რომელმაც, თავის მხრივ უმოქმედობა გამოიჩინა) მანდატისა და ყველა საერთაშორისო ნორმის დარღვევით თავს დაესხით პოლიციის პოსტს, სცემეთ ჩვენი პოლიციელები, რომლებიც ხალხის მშვიდობიან ცხოვრებას იცავდნენ. მოვითხოვ დაუყოვნებლივ გაიყვანოთ ყველა სამხედრო პირი და აქ აღარასდროს არ ჩამოვიდნენ, რადგან გავეცით ბრძანება, რომ თავდასხმის შემთხვევაში თავი ყველა საშუალებით დაიცვან. ჩვენ ამის საშუალებები გვაქვს და ეს თქვენ ძალიან კარგად იცით. ჩვენი მოთმინება ზღვარს უახლოვდება. გადაეცით თქვენს გენერალს, ბატონ ჩაბაევს, რომ მას საქართველოში არასასურველ პერსონად ვაცხადებ და საქართველოს ტერიტორია უახლოეს პერიოდში დატოვოს. გაცნობებთ, რომ სოხუმი საქართველოს ისეთივე ტერიტორიაა, როგორიც განმუხური, ზუგდიდი და თბილისი. დაუყოვნებლივ დაამყარეთ წესრიგი თქვენი მანდატისა და ნორმების შესაბამისად. ჩვენ ველოდებით ცვლილებებს ჩვენი შინაგან საქმეთა უწყების პოლიციელთა თვალსაზრისით და ველოდებით პროვოკაციების შეწყვეტას. ეს საქართველოს ხელისუფლების მტკიცე პოზიციაა. სამშვოდობო ძალების შემდგომ ბედზე კი განცხადებებს მოგვიანებით გავაკეთებთ. თუკი ასეთი რამ კიდევ ერთხელ განმეორდება, საქართველოსა და რუსეთს უზარმაზარ პროვოკაციაში ჩაითრევთ", - განუცხადა სამშვიდობოებს მიხეილ სააკაშვილმა.

რუსი სამშვიდობოები მდინარე ენგურთან დაახლოებით 12:00 საათისთვის სამი ჯავშანტრანსპორტიორითა და ერთი "უაზის" ტიპის ავტომანქანით გამოჩნდნენ და განმუხურის ახალგაზრდულ-პატრიოტული ბანაკი ალყაში მოაქციეს. მათ მძევლად აიყვანეს სამი ქართველი პოლიციელი.

ამჟამად ალყა მოხსნილია, ხოლო დაკავებული პოლიციელები გათავისუფლებულები არიან.


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (12)
2009 (12)
2008 (12)
2007 (12)
2006 (12)
2005 (11)