Google+

რელიზები

05.05.2013
საქართველოს პრეზიდენტი აღდგომის დღესასწაულს გრემის ტაძარში შეხვდა

 

საქართველოს პრეზიდენტი აღდგომის წირვას ოჯახთან ერთად გრემის ტაძარში დაესწრო. მიხეილ სააკაშვილმა შეკრებილ მრევლს სიტყვით მიმართა და აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცა.

"მამაო იოანემ ნება დამრთო და მთხოვა, თქვენთვის სიტყვით მომემართა. უპირველეს ყოვლისა, მინდა ეს ბრწყინვალე დღესასწაული მოგილოცოთ. მინდა აღდგომის დღესასწაული მივულოცო მეუფე სერგის, რომელიც ჩემი დიდი ხნის მეგობარია და ვუსურვო მას გამოჯანმრთელება, რადგან დღეს შეუძლოდ იყო და ვერ შეძლო ტაძარში მოსვლა. იგი  მართლაც თავდადებით ემსახურება თითოეულ თქვენგანს და აქაურობას. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ამ ცოტა ხნის წინათ ეს ტაძარი ყველამ ერთად აღვადგინეთ, ისევე, როგორც საქართველოს დავუბრუნეთ უმშვენიერესი  ნეკრესის მონასტერი - მსოფლიო მასშტაბის ქრისტიანული ერთიანობის საგანძურის გვირგვინი ამ ტაძართნ ერთად. კახეთში ბევრი ტაძარი აღვადგინეთ, მათ შორის ალავერდი, რომელიც თითქმის დასრულებულია. შენდება ახალი ეკლესიებიც. ისტორიის არც ერთ ცალკე აღებულ მონაკვეთში საქართველოს ისტორიაში ეკლესია ასე არ გაძლიერებულა და ამდენი ტაძარი არ აშენებულა, რამდენიც ბოლო რამდენიმე წელიწადში. თქვენთან ერთად ამით მეც  ძალიან ვამაყობ. დღევანდელი დღესასწაული ეს არის თავისუფლების დღესასწაული. რა არის აღდგომა? აქ არიან ახალგაზრდები, რომელთაც არ ახსოვთ რა საშინელება იყო საბჭოთა კავშირი, მაგრამ ჩემი ასაკის და უფროსი ასაკის ადამიანებს ახსოვთ. რატომ იყო აღდგომის დღესასწაული თავისუფლების გამოხატულება? ამ დღისთვის მთელი წლის განმავლობაში ვემზადებოდით ხოლმე - შეგვეღება კვერცხები და ა.შ. ვემზადებოდით ასევე ბზობისთვის... კომუნისტური საბჭოთა მთვრობა კი მთელი წელი ემზადებოდა იმისათვის, რომ ჩვენ ეკლესიაში არ წავსულიყავით. ხან რას იგონებდნენ და ხან რას. ტელევიზიით გვიანობამდე გადიოდა საუკეთესო  ფილმები, აჩვენებდნენ ფეხბურთის საუკეთესო მატჩების ჩანაწერებს, გვაშინებდნენ, რათა არ მივსულიყავით წითელსამკლაურიანი კომკავშირლები და კომუნისტები... ხალხი დადიოდა ეკლესიებში და იქიდან გამოვყავდით ხოლმე. ეს მე და იმ ეპოქის ხალხს ძალიან კარგად გვახსოვს. ეს იყო ჩვენი თავისუფლების გამოხატვა - ყველაფრის მიუხედავად დაგვეცვა ჩვენი რწმენა, შევსულიყავით ეკლესიაში, სანთელი დაგვენთო, პირჯვარი გადაგვეწერა და გვეთქვა ის მაგიური სიტყვები, რომლებიც აღდგომის დღესასწაულს უკავშირდება. აღდგომა ეს არის სიმართლის გამარჯვება სიბნელეზე და ვისაც საქართველოს იდეა ახლა მკვდარი ჰგონია, მალე მიხვდება, რომ  ეს ასე არ არის. საქართველო კიდევ ერთხელ, აუცილებლად წამოდება ფეხზე და  კიდევ ერთხელ, აუცილებლად გავიმართებით წელში. მტერი ჩვენ ვერასდროს ვერ მოგვერევა, რადგან სწორედ ამ თავისუფლების იდეითა და რწმენით ვსაზრდოობთ“, - აღნიშნა ქვეყნის პირველმა პირმა მიმართვისას.

 

 

 



ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (12)
2009 (12)
2008 (12)
2007 (12)
2006 (12)
2005 (11)