Google+

რელიზები

29.04.2013
საქართველოს პრეზიდენტი ნიუ-იორკში მცხოვრებ ქართველებს შეხვდა

ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პრეზიდენტი ნიუ-იორკში მცხოვრებ ქართველებს შეხვდა. მიხეილ სააკაშვილი მათ ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებზე ესაუბრა და ყურადღება იმ საკითხებზე გაამახვილა, რომლებიც დღეს ყველაზე მეტად არის აქტუალური. კერძოდ, იგი ბათუმის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის თემას შეეხო, რომლის შენობაშიც ცოტა ხნის წინათ ბათუმის მერიის განთავსების გადაწყვეტილება მიიღეს.

„ჩვენ შევქმენით პროგრესის მაგალითები, მაგალითად, ბათუმში ჩამოვაყალიბეთ საუკეთესო  ტექნოლოგიური უნივერსიტეეტი, რომელსაც წელს უკვე სტუდენტები უნდა მიეღო. სასწრაფოდ დავამონტაჟეთ აპარატურის ნაწილი, წელს ბიბლიოთეკაც შეემატებოდა... იდეით, კავკასიაში ყველაზე ლამაზი, ყველაზე გამართული და თანამედროვე შენობა უნდა ყოფილიყო, მაგრამ ეს მხოლოდ ნაწილია - მთავარი ამ შენობის შინაარსი იყო. ძალიან ბევრი უცხოელი სტუდენტი ჩამოვიდოდა, სტუდენტების ნახევარზე მეტი იქნებოდა საქართველოდან,  მათი უმეტესობა ისწავლიდა უფასოდ. ასევე დაგეგმილი იყო ამერიკის საუკეთესო პროფესორების ჩამოყვანა. სტუდენტს, რომელიც ისწავლიდა საუკეთესო ტექნოლოგიურ სკოლაში, ბუნებრივია, საქართველოში დარჩენის ბევრად მეტი  შანსი აქვს. ასე დაიწყებოდა ტექნოლოგიური განვითარება, ჩვენთან ჩატარდებოდა ექსპერიმენტები... ეს იყო ის პროექტი, რომლის პირველი სტადია დასრულებული იყო, მაგრამ რამდენიმე დღის წინათ, სწორედ იმის გამო, რომ ვამაყობდი ამ პროექტით, იმიტომ, რომ ეს იყო საქართველოს განვითარების სიმბოლო, გრანდიოზული შენობიდან უნივერსიტეტის გამოსახლების შესახებ გამოცხადდა და თურმე ბათუმის არაფრისმაქნისი მერიის შესახლების გადაწყვეტილება მიიღეს. დაახლოებით, ეს იმას ჰგავს, მაგალითად, თავისუფლების ქანდაკებაში მანჰეტენის გამგეობა რომ შეასახლონ... ეს არის ერთი მაგალითი იმისა, თუ როგორ ხდება საქართველოში არსებული პროგრესისა და მიღეული წარმატების გადახედვა“, - აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.

ქვეყნის პირველმა პირმა ყურადღება კიდევ ერთ საკითხზე გაამახვილა, რომელიც უცხოეთში მცხოვრები ქართველების როლს უკავშირდება. როგორც მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, თითოეული ქართველი, რომელიც უცხოეთში საქმიანობს, საკუთარი ქვეყნის ელჩია და დიდი  მნიშვნელობა აქვს იმას, თუ როგორ წარმოაჩენს საკუთარ სამშობლოს.  

„ამ რამდენიმე დღის წინათ,  ბალტიისპირეთის ერთ-ერთი ქვეყნის ელჩი შემხვდა. დასავლეთის ერთ-ერთი ქვეყნის ახლადდანიშნულ ქართველ ელჩს მასთან უთქვამს, რომ აქამდე ეს, თურმე,  მხოლოდ სააკაშვილის საელჩო იყო, ახლა კი ქართველი ხალხის საელჩოაო. ქართველ ხალხს კი, მისი თქმით, მარტო დასავლეთთან ურთიერთობა არ სურს და მისთვის პრიორიტეტი ახლა რუსეთთან ურთიერთობაა. როგორც მას უთქვამს ეკონომიკურად ჩვენ ვერ მივებმებით დასავლეთს და მარტო რუსეთს შეგვიძლია მივებათ. სრული სისულელე! ეს არის ახლანდელი პოლიტიკური დოქტრინა, ინსტრუქციების დონეზე... ორი დღის წინათ ჩვენ შეგვხვდა დასავლეთის ერთ-ერთი, ასევე მნიშვნელოვანი ქვეყნის საგარეო პოლიტიკური უწყების ხელმძღვანელი. მან მითხრა: ჩამოსული იყო თქვენი მინისტრი, კომპლიმენტი ვუთხარი საქართველოში განხორციელებული რეფორმების, მიღწევებისა და წინსვლის თაობაზე, დიდი შანსი მოგეცათ და ახლა, მთავარია, არჩევნების შემდეგაც გააგრძელოთ ეს კურსიო. საქართველოს წარმომადგენელი კი ოცი წუთის განმავლობაში უხსნიდა თურმე, რომ მთელი ეს ლაპარაკი საქართველოს პროგრესსა და მიღწევებზე, სრული სისულელე და სიცრუეში ცხოვრებაა. ამ ვითარებაში, როდესაც გვყავს ახალი ელჩები, რომლებიც ეწევიან პროპაგანდას, რომ აღარ გვსურს დასავლეთთან ინტეგრაცია,რომ ყველა ჩვენი მიღწევა იყო სისულელე, უცხოეთში მცხოვრები თითოეული ქართველი, ხართ ჩვენი სამშობლოს ელჩები. ბალტიისპირეთის ქვეყნის ელჩმა მითხრა: „იმ ქვეყანაში თქვენ ახლა ელჩი აღარ გყავთ, მე ვარ თქვენი ელჩი, მე ვიცი რაც  ხდებოდა საქართველოში და მე მოვუყვები ყველას, რა არის სიმართლე.

„აქედან გამომდინარე, ჩვენ სერიოზული გამოწვევის წინაშე ვართ. გავა დრო და როდესაც ბურუსი გაიფანტება, მივხვდებით. შეიძლება, შეგვრცხვეს კიდეც იმ თემების, რომელთა შესახებაც ახლა ზოგიერთი ლაპარაკობს, ან პირდაპირ ახორციელებს. ვიდრე მდგომარეობა ბურუსითაა მოცული, საქართველოს ყველა პატრიოტმა, ყველა მამულიშვილმა, ვისაც კარგად ესმის, რას ნიშნავს იყოს დამოუკიდებელი ქვეყნის წარმომადგენელი, ერთმანეთს უნდა ჩავკიდოთ ხელი, რათა ჩვენი ქვეყანა არ გადაიჩეხოს. მიმაჩნია, რომ ამ პერიოდში ჩვენ ძალიან დიდი ინტელექტუალური რესურსი შევქმენით. უცხოეთში მცხოვრები ქართველები გარედან ბევრად უკეთესად ხედავენ და გრძნობენ რა შეიცვალა მათ სამშობლოში. ვფიქრობ, ჩემი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი შეცდომა იყო, რომ ბევრად მეტი ხალხი არ გავუშვით უცხოეთში სასწავლებლად და სამოგზაუროდ. ეს გვაძლევს იმის საშუალებას, რომ დავრწმუნდეთ ჩვენს შესაძლებლობებსა და პერსპექტივაში. მივხვდებით, რომ ჩვენს დაკომპლექსებას აზრი არ აქვს და არ უნდა დავუჯეროთ იმათ, ვინც ეცდება დაგვარწმუნოს, რომ ჩვენგან მაინც არაფერი გამოვა, შეგვიფარებს და სამადლოდ გვაჭმევს. ამ ეპოქიდან ჩვენ ბევრ სასარგებლო გაკვეთილს მივიღებთ და ქართველები მიხვდებიან, რომ „კეთილი ბიძიები“ არ არსებობენ, თავად უნდა გაანძრიო ხელი, იშრომო და შექმნა დოვლათი. თუ ეკონომიკურ მაჩვენებლებს შევხედავთ, მაშინ, როდესაც 11 პროცენტიან ზრდას ველოდებოდით, შესაძლოა, წელს ნულოვანი ზრდა გვქონდეს. ეს არის უტყუარი ნიშანი იმისა, რომ უფასოდ არავინ არ გაჭმევს“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.



ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (12)
2009 (12)
2008 (12)
2007 (12)
2006 (12)
2005 (11)